LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საქართველოს ბანკისა“ და TBC-ის მსგავსი ვებ-გვერდებით მოქალაქეთა თანხების დაუფლება – დაკავებულია 3 პირი

86
onlinebanking

თურქეთის რესპუბლიკის ორი და საქართველოს ერთი მოქალაქე კიბერდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, დაკავებულები „საქართველოს ბანკისა“ და „TBC ბანკის“ ვიზუალურად მსგავსი ვებ-გვერდების მეშვეობით მოქალაქეების თანხებს მოტყუებით ეუფლებოდნენ.

„დაკავებულებს ბრალად ედებათ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ გამოყენება, კერძო კომუნიკაციების საიდუმლოების დარღვევა და ქურდობა.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, უკანონოდ ეუფლებოდნენ მოქალაქეთა საბანკო მონაცემებს და აღნიშნული მონაცემების გამოყენებით, მოქალაქეთა კუთვნილ თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ ისაკუთრებდნენ.

კერძოდ, აღნიშნული პირები  სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ რეკლამის სახით სისტემატურად ათავსებდნენ ვებგვერდებს, რომლებიც ვიზუალურად ჰგავდა „საქართველოს ბანკისა“ და “თი-ბი-სი” ბანკის ინტერნეტბანკინგის ვებგვერდებს. აღნიშნული ვებ-გვერდების მეშვეობით, ხდებოდა  „ფეისბუკის“ მომხმარებლებისთვის სხვადასხვა სახის ინტერნეტმომსახურების შეთავაზება. გარდა ამისა, მომხმარებლების მოზიდვის მიზნით, აღნიშნული ვებგვერდებიდან ვრცელდებოდა  ცრუ ინფორმაცია, თითქოსდა ბანკი ათამაშებდა სხვა და სხვა სახის  ძვირადღირებულ პრიზებს. შედეგად, რეალურ ინტერნეტბანკინგთან ვიზუალური მსგავსების გამო, მოქალაქეები შეჰყავდათ შეცდომაში და მოტყუების გზით, ეუფლებოდნენ მათ საბანკო მონაცემებს.

დაკავებული პირები თანხებს მათ მიერ სხვადასხვა ბანკისა და ინტერნეტტოტალიზატორების წინასწარ შექმნილ ანგარიშებზე რიცხავდნენ და მართლსაწინააღმდეგოდ ითვისებდნენ.

აღნიშნული ქმედებით ამ პირებმა მოქალაქეებს 200 000 (ორასი ათასი) ლარამდე ფინანსური ზიანი მიაყენეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების საცხოვრებელ სახლში, დროებით საცხოვრებელ ბინასა და სასტუმროს ნომერში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 3 ლეპტოპი, 4 მობილური ტელეფონი, ერთი ცალი პერსონალური კომპიუტერი, რამდენიმე საბანკო პლასტიკური ბარათი და ფული.

გამოძიება  საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 285-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, აქტიურად თანამშრომლობს საბანკო სექტორთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის პროცესში.

სამინისტრო ინტენსიურად განაგრძობს ბრძოლას მსგავსი სახის დანაშაულის წინააღმდეგ, რათა ქვეყნის საბანკო სექტორი და მისი მომხმარებლები მაქსიმალურად იყვნენ დაცულნი“, – აცხადებენ შსს-ში.

magti 5g