იმპორტირებულ ლილიებს ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციას უკვე ქართული ლილიები გაუწევს. სოფელ წეროვანში ლილიების სათბური გაიხსნა.
როგორც ”ფორტუნას” სათბურის მფლობელმა და ინდივიდუალურმა მეწარმემ ამირან დავითურმა განუცხადა, ლილიების წარმოება ახლახანს დაიწყო და პირველი მოსავალიც უკვე მიიღო. რაც შეეხება პროდუქციის რეალიზაციას, ის საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.
”ლილიების ბიზნესი საქართველოში სიახლეა. ძირითადად, ამ ყვავილის იმპორტი ხორციელდება ხოლმე. მომყავს 6 ათასი ღერი ლილია. რაც შეეხება ფასებს, ბევრად უფრო იაფია, ვიდრე ჩამოტანილი ლილიები. მაგალითად, თუ იმპორტირებული ღირს 7 ლარი, ჩემი ლილიების გასაყიდი ფასი 3-დან 5 ლარამდე მერყეობს. ფასი დამოკიდებულია ლილიების ფერსა და ხარისხზე”, – აღნიშნა დავითურმა, რომელიც ლილიების 7 ფერს აწარმოებს. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში გაფართოებასა და ქრიზანთემების მოყვანასაც გეგმავს.
ცნობისთვის, ახალგაზრდა მეწარმემ სათბურის მოსაწყობად თანხა დაფინანსებით მოიპოვა. „ახალგაზრდების სამეწარმეო შესაძლებლობების მხარდაჭერა საქართველოში“ საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის შვილობილი კომპანიის „ბიზნეს საკონსულტაციო ქსელი საქართველო“-ს პროექტია, რომელიც ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ არის დაფინანსებული. ამირან დავითურმა აღნიშნული პროექტით 16 250 ლარის დაფინანსება მოიპოვა და ყვავილების სათბური მოაწყო.