გაითვალისწინეთ, რომ მამაკაცი მერწყული სიტყვის ადამიანია და არა საქმის. ყოველთვის უამრავი იდეა და ფანტაზია აქვს, თუმცა მათი რეალობაში განხორციელება ძალიან უჭირს და მხოლოდ მოსიყვარულე ქალს თუ შეუძლია მისი შთაგონება გმირობაზე!
მერწყული შესანიშნავი მეგობარია და არასდროს ამბობს უარს დახმარებაზე. ის მზადაა დაეხმაროს ყველას და სანაცვლოდ არაფერი არ მოითხოვოს. მერწყული აცნობიერებს, რომ სამყარო შორსაა სრულყოფილებისგან, თუმცა ნაკლებად განიცდის ამას და ყოველთვის ახერხებს მოძებნოს ბედნიერება ყოველდღიურ ცხოვრებაში. მერწყულის გვერდით ყოფნა სასიამოვნოა, რადგან ის აფასებს ინტელექტს, ყველაფერში კარგი გემოვნება აქვს და უშეცდომოდ შეუძლია ადამიანების ამოცნობა.
მამაკაცი მერწყული მთელი ცხოვრება რაღაცას სწავლობს. ის თვითგანვითარებისკენაა მიდრეკილი, თუმცა აკლია ორგანიზებულობა. ურთიერთობაში ხშირად აიდეალებს წარსულს და ენატრება დაკარგული სიყვარული. ძალიან უჭირს აწმყოს დაფასება და იდეალური ქალის მოლოდინში არასდროს ჩქარობს დაქორწინებას.
როგორ შევაყვაროთ თავი მამაკაც-მერწყულს?
გაითვალისწინეთ, რომ ურთიერთობის დასაწყისში ის მუდმივად გაიხსენებს ყოფილ შეყვარებულს. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის თქვენზე უკეთესი იყო, უბრალოდ მერწყული ნოსტალგიისკენაა მიდრეკილი. მერწყული ინტროვერტია, ამიტომ ხმაურიან წვეულებებს სახლში ყოფნა და ტელევიზორთან ან კომპიუტერთან ჯდომა ურჩევნია.
მამაკაცი მერწყული საკმაოდ სასიამოვნოა ურთიერთობაში. ის საინტერესო, გახსნილი მოსაუბრეა და სწორედ ამით იზიდავს სუსტი სქესის წარმომადგენლებს. ის ბედნიერია, როცა იცის რომ ყველას ჭირდება. თუ მერწყულის დაინტერესება გინდათ, შესთავაზეთ მას საერთო პროექტი, მოიფიქრეთ პატარა თავგადასავალი და ის სიამოვნებით გამოეხმაურება თქვენს წინადადებას. როგორც წესი, მერწყული პასიურია, ამიტომ ნუ მოგერიდებათ გადადგათ პირველი ნაბიჯი და დაპატიჟოთ პაემანზე. აჩვენეთ, რომ თქვენც მრავალმხრივ განვითარებული პიროვნება ხართ, რადგან მერწყულს მხოლოდ ის შეუყვარდება, ვინც მის გაკვირვებას შეძლებს.
როგორ იქცევა შეყვარებული მერწყული?
მის გვერდით თქვენ ნამდვილად არ მოიწყენთ! დამოუკიდებელი და კრეატიული მერწყული თქვენს ცხოვრებაში აუცილებლად უამრავ ახალ იდეასა და თავგადასავალს მოიტანს, გასწავლით ცხოვრებით დატკბობას და წვრილმანებით სიამოვნების მიღებას.
მერწყულს ძალიან სწრაფად უყვარდება და არასდროს მალავს საკუთარ გრძნობებს. ასე რომ, მასთან ურთიერთობის გაბმა საკმაოდ ადვილია. სულ სხვა საქმეა მერწყულის ქორწინებაზე დაყოლიება. ის იმ შემთხვევაშიც დიდხანს ორჭოფობს, თუ მართლა შეყვარებულია. მერწყული მუდმივად რაღაცას ელის, არ შეუძლია მომავლის დაგეგმვა და ყოველთვის ერთი დღით ცხოვრობს, თუ მაინც გაბედა და ცოლობა შემოგთავაზათ, ჩათვალეთ რომ ძალიან გაგიმართლათ, რადგან მერწყული აუცილებლად ერთგული და მზრუნველი მეუღლე იქნება, თუმცა მზად იყავით, რომ მას საკმაოდ თავქარიანი დამოკიდებულება აქვს ფულთან, ზოგადად მომავალთან და თუ თქვენ პრაგმატული ადამიანი ბრძანდებით ძალიან გაგიჭირდებათ მასთან შეგუება.