LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპორტული თევზაობა, როგორც ახალი ტურისტული სერვისი

1210

”დაიჭირე და გაუშვის” პრინციპის დაცვით, საქართველოში პირველად სპორტული თევზაობის ტურნირი ჩატარდა. ამის შესახებ ”ფორტუნას” გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ტურნირი მტირალას ეროვნულ პარკში, მდინარე ჩაქვისწყალზე გაიმართა და მისი მიზანი საქართველოში სპორტული თევზაობის დანერგვა და ახალი ტურისტული სერვისის წარდგენა იყო.

ტურნირი საქართველოს გაშოლტვით მეთევზეთა კლუბის ორგანიზებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა.

ტურნირს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, ბესო აბაშიძეც ესწრებოდა. მისი თქმით, ასეთი ტურნირის მოწყობა მტირალას პარკში ძალიან მნიშვნელოვანია.

”მსგავსი მოქმედებებით პოპულარიზაციას ვუწევთ სარეკრეაციო თევზაობას, რაც დაჭერილი თევზის უკან, მდინარეში დაბრუნებას გულისხმობს. ეს სიახლეა ქართულ რეალობაში და მას პოპულარიზაცია სჭირდება”, – განაცხადა ბესო აბაშიძემ.

გაშოლტვით მეთევზეთა კლუბის პრეზიდენტ შოთა ჯოხაძის თქმით კი, სპორტული თევზაობა, დაჭერა გაშვების პრინციპით, ბუნებას არ აზიანებს და ეკოტურიზმის მიმართულებითაც ძალიან მნიშვნელოვანია,

”ეს ტურნირი ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რადგან უკვე მერვე წელია ვცდილობთ, საქართველოში სპორტული თევზაობის კულტურა დავაფუძნოთ. იმისათვის, რომ, ამ მიმართულებით, ხალხის ცნობიერება ამაღლდეს, რომ უცხოელებმა საქართველოში ჩამოსვლა კონკრეტულად ამ მიმართულებისთვის მოინდომონ. ზუსტად ვიცი, რომ უცხოეთში ამ სპორტის მოყვარულები, რომლებიც მთელ მსოფლიოში  მოგზაურობენ, ძალიან მრავლად არიან და ეს საქართველოში ამ ტიპის ტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს ხელს”, – განმარტა შოთა ჯოხაძემ.

მისივე თქმით, გაშოლტვით მეთევზეთა კლუბი ახალი წევრების მისაღებად მზადაა, მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია კი, სპორტული თევზაობის მხარდაჭერას აქტიურად აპირებს.

magti 5g