LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარნეულში ნარჩენების სეპარირებული შეგროვება იწყება

400

მარნეულის მუნიციპალიტეტი ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებას იწყებს. როგორც ”ფორტუნას” მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა განუცხადა, შეგროვება გამგეობიდან, სხვა საჯარო დაწესებულებებიდან, ბანკებიდან და სხვადასხვა ორგანიზაციებიდან დაიწყება.

მისი თქმით, ამ დროისათვის მუნიციპალიტეტში პოლიეთილენის დასაპრეს დანადგრას ელოდებიან, რომლის საშუალებითაც ნარჩენები დაიპრესება.

”მუნიციპალიტეტი ძალიან არის დანაგვიანებული პოლიეთილენით. მოგეხსენებათ, აგრარული რაიონია, ბევრია სათბურები გვაქვს. გარდა ამისა, მთელი აღმოსავლეთ საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან შემოსული პოლიეთილენი ჩვენთან იყრის თავს და საკმაოდ ბინძურდება გარემო. გადავწყვიტეთ, რომ დავიწყოთ ნაგვის სეპარაცია, დავდგამთ სხვადასხვა ფერის ურნებს და დახარისხებულ ნარჩენებს შევიტანთ ჩვენს საწარმოში,” – განუცხადა ”ფორტუნას” თოფჩიშვილმა.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტში უკვე არსებობს გამგეობასდაქვემდებარებული ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც სასუქს ამზადებს. მიღებული პროდუქტი კი მაღაზიებში იყიდება.

”ძირითადად გადამუშავდება ბოსტნეული, ის რაც რჩება მოსახლეობას, აგრეთვე ხის ტოტები, რომელთა გადაბელვა ხდება და ვიღებთ სასუქს, რომელიც ძალიან სასარგებლოა. მალე პოლიეთილენის დაპრესვასაც დავიწყებთ” – აღნიშნა თოფჩიშვილმა.

ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტში რამდენიმე ფერადი ურნა უკვე აქვთ, თუმცა გამგებლის თქმით, მათი რაოდენობა ძალიან მცირეა. გამგეობა ურნების შესაძენად სხვადასხვა საგრანტო პროექტებში მონაწილეობას გეგმავს და ურნების შეძენის საკითხს მომავალი წლის ბიუჯეტშიც გაითვალისწინებს.

”ჩვენ ერთ-ერთ ფირმას ველაპარაკეთ და გვპირდებიან პოლიეთილენის პრესის გადმოცემას, დავპრესავთ 70-კილოიან ტუკებად და შემდეგ გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, ფირმა თვითონ გაიტანს. ჩვენ ორმხრივ მოგებას ვნახულობთ: გავთავისუფლდებით ნაგვიდან და ეკოლოგიის გაუმჯობესებასაც შევუწყობთ ხელს. ვფიქრობთ, რომ ქალაქში ავიღოთ საპილოტე უბნები, სადაც ძირითადად ცხოვრობენ გამგეობის თანამდებობის პირები. შესაბამისად, თავიანთ უბნებში განთავსებულ ურნებზე ისინი იქნებიან პასუხისმგებლები და მაგალითს მისცემენ მოსახლეობას, რათა ხალხი ნელ-ნელა შეეჩვიოს ნარჩენების დახარისხებას და ურნებში ჩაყრას” – განაცხადა მერაბ თოფჩიშვილმა.

ამასთან, 2017 წლიდან მარნეულში თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყრელი აშენდება.

magti 5g