LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პირველი წარმატება „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში

68

საქართველოს პირველი წარმატება „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში – მარჯანიშვილის თეატრმა და დოკუმენტური კინოს ფესტივალმა CinéDOC-Tbilisi „შემოქმედებითი ევროპის“ კონკურსის დაფინანსება მოიპოვა, ამის შესახებ კულტურის სამინისტროში პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და კულტურის ქვეპროგრამაში გამარჯვებული პროექტების ავტორებმა – კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული პროფესიული თეატრის დირექტორმა ეკატერინე მაზმიშვილმა და საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის CinéDOC-Tbilisi-ის დირექტორმა არჩილ ხეთაგურმა გამართეს.

„შემოქმედებითი ევროპის“ კულტურის ქვეპროგრამის 2015 წლის კონკურსის შედეგების თანახმად, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა, ევროპული თეატრების ქსელთან (European Theatre Convention) თანამშრომლობით, დაფინანასება მოიპოვა. გამარჯვებული პროექტი – „ევროპის თეატრალური ლაბორატორია: თეატრი ხვდება ციფრულ ტექნოლოგიას“ – პარტნიორ თეატრებთან ერთად განხორციელდება. პარტნიორებს შორის არიან: მანუფაქტურ თეატრი – საფრანგეთი; კარლსრუეს სახელმწიფო თეატრი – გერმანია; კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული პროფესიული თეატრი – საქართველო. პროექტი 2 წლიანია და მისი მთლიანი ბიუჯეტი 200 ათას ევროს შედაგენს. „ევროპის თეატრალური ლაბორატორია“ არის პირველი მცდელობა თეატრალური ენის ონლაინ ფორმატში გადაყვანის; პროექტი თავს უყრის ევროპის 6 წამყვან თეატრს და მეცნიერებს, რათა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით გამოინახოს თეატრალური ენის გამდიდრებისა და მისი ვირტუალურ სივრცეში გადაყვანის საშუალებები.

მეორე პროექტი, რომელიც „შემოქმედებითი ევროპის“ მედიის ქვეპროგრამის 2015 წლის ფესტივალების კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა, საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi-ია. CinéDOC-Tbilisi არის პირველი საერთაშორისო კინოფესტივალი საქართველოდან, რომელმაც ფესტივალების ქვეპროგრამის ფარგლებში 27,000 ევროს დაფინანსება მოიპოვა. კონკურსში შესული 108 განაცხადიდან CinéDOC-Tbilisi დაფინანსდა ისეთ დიდ ფესტივალებთან ერთად, როგორიცაა Sarajevo Film Festival, Dok Leipzig, Oberhausen, La Rochelle, Doc Lisboa, Jihlava Documentary Film Festival და ა.შ.

საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალის CinéDOC-Tbilisi საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ტრადიციულად ოქტომბერში იმართება. კინოჩვენებებთან ერთად, ფესტივალის ფარგლებში ეწყობა მასტერკლასები და ვორქშოფები, „Pitching“-ფორუმი, სადაც ახალგაზრდა რეჟისორები საკუთარ პროექტებს საერთაშორისო სტუმრებს წარუდგენენ. ფესტივალზე დასასწრებად, თბილისს ცნობილი რეჟისორები სტუმრობენ მათ შორის ევროპიდან, აშშ-დან, კავკასიის რეგიონიდან.

საქართველო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის პირველი იყო, რომელიც ევროკავშირის პროგრამის – „შემოქმედებითი ევროპა“ (Creative Europe) წევრი გახდა. 2015 წლის 24 თებერვალს, ბრიუსელში ხელმოწერილი შეთანხმების შედეგად, კულტურის სფეროში დასაქმებულ ქართულ ორგანიზაციებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ კულტურისა და მედიის ქვეპროგრამებით გამოცხადებულ კონკურსებში და მოიპოვონ დაფინანსება ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით.

“Creative Europe” („შემოქმედებითი ევროპა“) ევროკავშირის 6-წლიანი პროგრამაა, რომელიც ევროპული კულტურის, აუდიოვიზუალური, საშემსრულებლო თუ სახვითი ხელოვნების, საგამომცემლო, კინო, ტელე, მუსიკის, ინტერდისციპლინარული ხელოვნების, კულტურული მემკვიდრეობისა და ვიდეოთამაშების ინდუსტრიის მხარდასაჭერად შეიქმნა.

პროგრამაში – „შემოქმედებითი ევროპა“, მონაწილეობის მიღება შეუძლია კულტურის სფეროში დასაქმებულ ორგანიზაციებს, რომლებიც შექმნიან პროექტებს კულტურისა და მულტიმედიის სფეროში. “Creative Europe”-ის პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 1,46 მილიარდ ევროს შეადგენს, რომელიც 6 წლის განმავლობაში (2014-2020 წწ-ში) კონკურსში გამარჯვებული პროექტების დაფინანსებას მოხმარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g