LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ”ბექას ნობათის” მეორე მაღაზია გაიხსნება

342

დედოფლისწყაროში მცხოვრები ფერმერი ბექა გონაშვილი თბილისში „ბექას ნობათის“ რიგით მეორე მაღაზიას გახსნის. როგორც ”ფორტუნას” ფერმერმა განუცხადა, ახალი ობიექტი მიმდინარე წლის ივნისში გაიხსნება. ”იქიდან გამომდინარე, რომ პირველ მაღაზიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და საზოგადოებამ ჩვენი პროდუქცია კარგად მიიღო, გადავწყვიტეთ გაფართოება. ახალი მაღაზია ბახტრიონის ქუჩაზე განთავსდება”, – აღნიშნა გონაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ”ბექას ნობათის” მაღაზიების  გახსნის მიზანი დედაქალაქში მცხოვრები მოსახლეობის ნატურალური პროდუქტებით მომარაგება და ქართული წარმოების პოპულარიზაციაა.

”მაღაზიაში, ძირითადად, წარმოდგენილია  საკუთარი წარმოების ხორცი და ხორც პროდუქტები – ძროხა, ხბო, ღორი, ქათამი და ბატკანი, ასევე რძე, რძის პროდუქტები და კვერცხი იყიდება. გარდა ამისა, დედოფლისწყაროში მცხოვრები იმ ფერმერების მიერ წარმოებულ პროდუქციასაც ვყიდით,  რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქტებს სანდოდ აწარმოებენ”, – აღნიშნა გონაშვილმა.

როგორც მან განმარტა, სურს, რომ ნატურალური პროდუქციის მწარმოებლებისთვის სამომავლოდ ეს და სხვა მაღაზიები იქცეს სტაბილურ სარეალიზაციო წერტილებად, ხოლო მომხმარებლისთვის საიმედო ოჯახურ მარკეტებად.

ცნობისთვის, ”ბექას ნობათის” პირველი მაღაზია თბილისში 2016 წლის იანვარში გაიხსნა და ის დოლიძის N34-ში მდებარეობს. აქ 3 ადამიანია დასაქმებული. გარდა მაღაზიისა, ბექა გონაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში რამდენიმე ფერმას ფლობს. ასევე, აქვს სასაკლაო HACCP სტანდარტით აღჭურვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g