პირველი ქართველი ლეგიონერი მორაგბე აშშ-ში 27 წლის რატი ნუცუბიძეა, რომელსაც საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. ის ერთ-ერთი იმათგანია, ვინც პირველი ნაბიჯები არა მოედანზე, არამედ ასფალტზე გადადგა. მისი დებიუტი ნამდვილ მოედანზე კი 2006 წელს შედგა. სამი წელია რატი ამერიკის პრემიერშიპში ატარებს. თამაშობდა „Glendale Raptors”-ში, ამჟამად კი “New York Old Blue”-ში ირიცხება. რატის ყავს მეუღლე, 24 წლის მარიამ მაცაბერიძე.
როგორია რატი ნუცუბიძის ამერიკული კარიერა და რას აპირებს სამომავლოდ, ამას ჩვენი ექსკლუზიური ინტერვიუდან შეიტყობთ.
– რატი, როდის დაინტერესდით პირველად რაგბით და როგორი იყო პირველი ნაბიჯები სპორტში?
– რაგბის თამაში 1997 წელს დავიწყე “ტექნო ირსში”. დღესაც მახსოვს, 1 სექტემბერი იყო პირველად ვარჯიშზე რომ მივედი. ბებია-ბაბუა დიღომში ცხოვრობდნენ და ყოველ შაბათ-კვირას მათთან ვრჩებოდი ჩემ უფროს ძმასთან ერთად. ჩვენი კარის მეზობელი, მომავალში ჩემი პირველი მწვრთნელი თენგო ჩერგოლეიშვილი გახლდათ, რომელიც დიდუბეში 155-ე სკოლის ეზოში ასფალტზე ავარჯიშებდა ბავშვებს (მაშინ არ იყო ბალახის და ხელოვნურსაფარიანი მოედნები), თუმცა ისე მომეწონა და დამაინტერესა ამ სპორტმა, რომ სწორედ მაგ ასფალტზე გავატარე 4 წელი.
– ბარემ სადებიუტო შეხვედრაც გავიხსენოთ…
– პროფესიულ ლიგაში პირველად 2006 წელს ვითამაშე უნივერსიტეტის სახელით. უმაღლეს ლიგაში ჩემ პირველ ოფიციალურ შეხვედრაში ”ყოჩებს” ვეთამაშებოდით, ყველაზე ახალგაზრდა მე ვიყავი. კარგად მახსოვს ჩემი გამოცდილი თანაგუნდელები როგორ მილოცავდნენ დებიუტს უმაღლეს ლიგაში, თუმცა ის მატჩი ძალიან დაძაბულ ბრძოლაში დავთმეთ.
– ზოგადად როგორ გაიხსენებდით საქართველოში ნათამაშებ რაგბს?
– 2011 წელს საქართველოში დავბრუნდი, შესვენება გვქონდა ამერიკის პრემიერშიპში, თან ამას საზარდულის ტრამვაც დაერთო, რასაც რეაბილიტაცია და დასვენება სჭირდებოდა. უკან ვაპირებდი დაბრუნებას, თუმცა თავდაცვის სამინისტროს გუნდი ”არმია” შეიქმნა, რომლის შემოთავაზებასაც დავთანხმდი. პირველივე წელს გავხდით ქვეყნის ჩემპიონები, საქართველოს თასის მფლობელები და 7-კაცა რაგბის გამარჯვებულები. 4 წელი ვითამაშე ”არმიაში” და ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე.
– რომელი თამაში იყო ყველაზე დასამახსოვრებელი?
– ცხრამეტ წლამდელების ნაკრები მსოფლიო პირველობაზე ვიყავით ირლანდიაში, სადაც რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებს ვეთამაშეთ. მე დავალელოვე, თამაში კი 24:6 მოვიგეთ. არასდროს დამავიწყდება ის ემოცია, რაც ამ მატჩის მერე განვიცადე.
– რა გზა გაიარეთ საქართველოდან ამერიკაში მოსახვედრად?
– ამერიკამდე ყველა ასაკობრივი ნაკრები გამოვიარე. ახალგაზდულ ნაკრებში 2006 წელს ვითამაშე. თვრამეტწლამდელების სახელით იტალიაში ევროპის ჩემპიონატზე გამოვედი, სადაც მე-5 ადგილი დავიკავეთ. შემდეგ იყო უკვე ნახსენები U19 ირლანდიაში. 2008 წელს ჩილეში გავემგზავრეთ U20 junior world rugby-ზე, სადაც მე-3 ადგილს დავსჯერდით. დაბოლოს, U21-ის ევროპის ჩემპიონატი, რომელიც ესპანეთში ჩატარდა.
– არიან თუ არა ამერიკაში სხვა ქართველები?
– 2010 წელს, როდესაც პირველად წავედი ამერიკაში, მაშინ პირველი ქართველი ლეგიონერი გახლდით. ჩემ შემდეგ უკვე რამდენიმე ბიჭი ჩამოვიდა ჩემ ყოფილ გუნდში “Glendale Raptors”-ში და ახლაც თამაშობენ გუგა წვერავა და მერაბ მაჩიტიძე. ორივე შერკინების მოთამაშეა, პირველხაზელები. ორივემ გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა თავი და გუნდის წამყვანი მოთამაშეები არიან. რაც შეეხება ჩემ ამჟამინდელ გუნდ “New York Old Blue”-ს, აქ წინა სეზონი ჩაატარა ლაშა თავართქილაძემ. ის ”არმიის” ყოფილი კაპიტანია, ამჟამად კი ამ გუნდის მთავარი მწვრთნელია.
– მაინც რითი განსხვავდება ქართული რაგბი ამერიკულისგან. ჩვენები ხომ წარმატებით ასპარეზობენ. რატომ გადაწყვიტეთ, რომ სამშობლოსგან შორს აგეწყოთ კარიერა?
– განსხვავება ამ ორ ქვეყანას შორის უფრო თამაშის სტილია. ჩვენები მაინც ძალისმიერად თამაშობენ და შერკინება გვყავს კოზირის სახით, ამერიკელები უფრო უკანა ხაზით თამაშობენ და ცდილობენ გაშლილი თამაში ითამაშონ. ჩემთვის როგორც უკანა ხაზის მოთამაშისთვის და გარემარბისთვის, რა თქმა უნდა ამ ტიპის თამაში სჯობს. რაც შეეხება პოპულარიზაციას, შტატებში რაგბი ისეთ მაღალ დონეზე ვერ არის, როგორც საქართველოში, მაგრამ ყველაფერს ცდილობენ და უზარმაზარ რესურს ხარჯავენ რაგბის განვითარებისთვის.
– პირად ცხოვრებაზეც რომ გვითხრათ ორიოდე სიტყვა. სად გაიცანით თქვენი მეუღლე?
– მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი საერთო მეგობრებისგან გავიცანით. ყველაფერი, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მეგობრობით დაიწყო და მოგვიანებით სიყვარულში გადაიზარდა. 5 წელი ვიყავით შეყვარებულები, 4 წლის წინ შევქმენით ოჯახი.
– როგორ ეგუება მეუღლე თქვენს გადატვირთულ გრაფიკს?
– ალბათ ჩემი დიდი მონდომების შედეგია, რომ დროს ყოველთვის სწორად ვანაწილებდი და ამიტომ მისთვის არასოდეს ყოფილა პრობლემა ჩემი კარიერა. მარიამიც ყოველთვის გვერდში მედგა. ყველა სპორტსმენს სჭირდება ხელშეწყობა მეუღლისგან და ამიტომ ვფიქრობ, რომ სპორტსმენების წარმატებაში მეუღლე ძალიან დიდ როლს ასრულებს.
– ისე, უჭირს თუ არა სამშობლოსგან შორს ცხოვრება. და საერთოდ, რა პროფესიისაა და მუშაობს თუ არა ამერიკაში?
– ორივემ ბევრი ვიფიქრეთ და ერთად მივიღეთ აქ წამოსვლის გადაწყვეტილება, მაგრამ მისთვის უფრო რთული აღმოჩნდა გარემოს გამოცვლა, ვიდრე ჩემთვის. თუმცა მაინც ამერიკაში ყოფნას ვგეგმავთ. ჩემი მეუღლე პროფესიით სოციოლოგია. ამ ეტაპზე სწავლობს.
– როგორია რატი ნუცუბიძის ერთი ჩვეულებრივი დღე?
– ალბათ, როგორც ყველა სპორტსმენის დღე, ჩემი დილაც ვარჯიშით იწყება სატრენაჟორო დარბაზში, შემდეგ შინ ვბრუნდები და ვარჯიშისთვის ვემზადები. საღამოს მეუღლესთან ან მეგობრებთან ერთად ვატარებ, რა თქმა უნდა, თუ მაქვს ძალა და ენერგია შემორჩენილი.
– გარდა ვარჯიშისა და თამაშისა, როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?
– როგორც ვთქვი, თავისუფალ დროს ვატარებ მეგობრებთან და მეუღლესთან ერთად. ვათვალიერებთ ნიუ-იორკს, ბევრი ადგილი მოვინახულეთ, თუმცა კიდევ უამრავი დაგვრჩა სანახავი. შაბათ-კვირას კი ვცდილობთ სხვადასხვა შტატები მოვინახულოთ.
– სამომავლო გეგმები როგორია?
– სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ამ გუნდში ვაპირებ დავიმკვიდრო თავი, ჯერ მაინც ახლად ვითვლები და დიდი კონკურენცია გვაქვს. ვაპირებ ჩემი წვლილი შევიტანო ამერიკის პროფესიულ რაგბში.
ნინო როსტიაშვილი