გადაცემის „ღვინო დუდუკი ქალები“ სტუმარი ავტორ-შემსრულებელი ჯემალ სეფიაშვილი იყო, მან ახალი სიმღერის ,,ნუშების თოვლი” პრემიერა გამართა, ასევე გაიხსენა თავისი შემოქმედებითი გზა და პირდაპირ ეთერში საკუთარი სიმღერის ცოცხალი შესრულება შემოგვთავაზა. გადაცემის ფარგლებში პირველად გაჟღერდა შოთა რუსთაველის ტექსტზე შექმნილი სიმღერა „სიყვარული გზად და ხიდად“, რომელიც უპრეცენდენტოა მუსიკალურ სამყაროში და მას ჯემალ სეფიაშვილთან ერთად აჩიკო ნიჟარაძე, ნუცა ბუზალაძე, ,,საქართველოს საპატრიარქოს გუნდი”, ,,გორის ქალთა კაპელა” და ,,მეკო სტუდიის გუნდი” ასრულებს..
მოგესალმებით ბატონო ჯემალ, მადლობა სტუმრობისთვი, გილოცავთ თქვენი პროტეჟეს ტრიუმფს ,,სლავიანსკი ბაზარზე”…
მე ყოველთვის სიხარულით და სიყვარულით მოვდივარ თქვენთან, ჩემს მსმენელებთან, მადლობა თქვენ მოწვევისთვის. გიორგი ფუტკარაზე არაჩვეულებრივი ბათუმელი ბიჭი, რომელმაც პირველი ადგილი დაიმსახურა, ჩემი მეუღლე მანანაა ამ ამაბავში ჩართული მე მხოლოდ ვეხმარები.
რომელია ყველაზე ნათელი წერტილი თქვენს შემოქმედებაში, რომელსაც გამოარჩევ?
მე არ მიყვარს ჩემი სიმღერების მოსმენა, რადგან ყოველი სიმღერის მოსმენისას მახსენდება სიტუაცია თუ როგორ ვმუშაობდი, ბევრი ადამიანი ცოცხალი აღარაა რაც ცალკე გულის ტკენაა, მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი სიმღერა, თუ როგორ მიიღებს ახალ ჩანაწერს საზოგადოება.
თქვენი შემოქმედებიდან მინდა გამოვარჩიო ერთი სიმღერა, რომელიც ჩვენს ეთერში ტრიალებს „ასეთი სიყვარული“, თუ შეგიძლიათ ამ სიმღერის ისტორია გვითხრათ?
ამ სიმღერის ისტორია არის სიყვარული, რომლითაც ადამიანი იყურება ირგვლივ, სიყვარულს გასცემ მაგრამ ზოგჯერ იგივეს ვერ ღებულობ. მე არ ვსაუბრობ მხოლოდ ადამიანურ სიყვარულზე, საერთოდ ცხოვრებაზე, ქვეყანაზე. ხანდახან გინდა რომ ამოიკვნესო, უთხრა შენს თავს მიდი და იმღერე.
თქვენი სიმღერაზე „აღსარება“, როგორ შეიქმნა ?
ლექსი არის ნანა ცინცაძის, არანჟირება დათო მაზანაშვილის. დათო იყო ჩემთან ვამზადებდით 9 აპრილის საღამოს და მაშინ წამოვიდა ამ თემაზე საუბარი, მკითხა რა უნდა იმღეროთო, ვუპასუხე რომ არაფერითქო, რას ამბობ ხვალ დამახვედრეთ სიმღერაო, რა თქმა უნდა მეორე დღეს არ იყო ახალი სიმღერა მზად, მაგრამ გავაკეთეთ, მინდა გითხრათ რომ დარბაზს არ უყვარს ახალი სიმღერა, პირველად შესრულებული, მახსოვს 8 აპრილის ღამეს ვბორგავდი როგორ დავუჯერე დათოს, როგორ დავთანხმდი ხვალ პირველად ვიმღერებ კონცერტზე ახალ სიმღერასთქო, მაგრამ მე ამდენი ემოცია და ბრავო არ მომისმენია. მინდა ვთქვა, რომ ბევრი ადამიანი განსაკუთებით 40 წლის ზემოთ ადამიანები თავის თავს დაინახავენ ამ სიმღერაში.
ჯემალ სეფიაშვილი – პატარა გოგო დამეკარგა. Live
მოგვიყევით სიმღერაზე რომელსაც დღეს ვაპრემიერებთ?
„ნუშების თოვლი“ საკმაოდ პოპულარული სიმღერაა, ამჯერად გოგა მესხმა და ქეთი ჭანტურიძემ გადაწეყვიტეს ახალი ვერსიის გაკეთება, არანჟირება არის ზურა მახნიაშვილის. მე დიდად ჩართული არ ვყოფილვარ, მივედი, მოვისმინე და მომეწონა.
ბატონო ჯემალ, გაგვიზიარეთ შოთა რუსთაველის ტექსტზე შექმნილი ნაწარმოების ისტორია…
2016 წელს პატრიარქის დაბადების დღეზე გაიმართა შემოქმედებითი საღამო რომელსაც დავარქვი,,მიყვარხართ” შედგა პრემიერა სიმღერისა „სიყვარული გზად და ხიდად“, რომელიც შეიქმნა შოთა რუსთაველის ტექსტზე. ჩვენ გადავქექეთ თუკი რაიმე მუსიკალური ნაწარმოები შექმნილა ამ საუკუნეებში, სადმე ხომ არ არის რაიმე შოთა რუსთაველის ტექსტზე , თუმცა არ იყო . ეს სიმღერა შევასრულეთ მე, აჩიკო ნიჟარაძემ და ნუცა ბუზალაძემ, ჩვენთან ერთად სცენაზე იდგა საქართველოს საპატრიარქოს გუნდი, გორის ქალთა კაპელა, სახელგანთქმული მთელ მსოფლიოში და მეკო სტუდიის გუნდი. ამ სიმღერას დიდი ისტორია აქვს, ტექსტი მომაწოდა პაატა ნაცვლიშვილმა, მას ძალიან დიდი წვლილი აქვს ამ სიმღერის შექმნაში. არც ერთ მედია საშუალებაში არსად არ თქმულა, რომ საქართველოში შეიქმნა სიმღერა შოთა რუსთაველის ტექსტზე, თან 2016 წელი იყო შოთა რუსთაველის წელი, რომელიც აღნიშნა ბევრმა ქვეყანამ საქართველოს გარდა.
მადლობა სტუმრობისთვის…
ჯემალ სეფიაშვილი – აღსარება
ჯემალ სეფიაშვილი, აჩიკო ნიჟარაძე , ნუცა ბუზალაძე – სიყვარული გზად და ხიდად
გოგა მესხი & ქეთა ჭანტურიძე – ნუშების თოვლი
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ჯემალ სეფიაშვილი – ყველაფერი სადაა. Live
ჯემალ სეფიაშვილი. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები