ორიგინალური გამჭვირვალე სახლი, რომელიც ტყეში მდებარეობს, ხეებშია ჩაფლული და თავად სახლშიც ხეა ამოსული – პროექტი ყაზახეთში განხორციელდა.
ეკოსახლი სწორედ ყაზახეთის უდიდესი ქალაქის, ალმათის ტყეში მდებარეობს. პროექტი სახელწოდებით „ხე სახლში“ ახალგაზრდა არქიტექტორ აიბეკ ალმასოვს ეკუთვნის.
მოგეხსენებათ, ქალაქში ცხოვრება თავისი ტემპის, ნაკლები სიმწვანის, დიდი ქაოსური შენობებისა და სხვა მიზეზთა გამო, უკვე ბევრი ადამიანისთვის დამღლელი გახდა. ამიტომ, ბევრს უჩნდება სურვილი, დარჩენილი ცხოვრება ქალაქგარეთ მშვიდად, სიმწვანეში გაატაროს.
ეს ორიგინალური სახლიც, სწორედ ასეთი ადამიანისთვის – ერთ-ერთი ყაზახი ბიზნესმენისთვის რამდენიმე წლის წინ აშენდა.
აღსანიშნავია, რომ მინის სახლი 4 სართულიანია. სართულები ერთმანეთს გრაგნილი თეთრი კიბეების მეშვეობით უკავშირდება. რაც შეეხება თავად ხეს, რომლის გარშემოც სახლი ააგეს, ის ფიჭვის ხეს წარმოადგენს და ნაგებობის ცენტრშია განთავსებული.