LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ბაჯელიძე აგვისტოს ომზე: „რაღაცნაირი ომი იყო, ხალხს ფილმების საყურებლად ეცალა…“

801
mariam-bajelidze-news18

ივნისის აქციების აქტიური მონაწილე მარიამ ბაჯელიძე სოციალურ ქსელში აგვისტოს ომს იხსენებს, რომელსაც თონეთში შეხვდა და ომის შესახებ რადიოდან გაიგო. ვრცელ ჩანახატს გთავაზობთ, რომელიც „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა:

„აგვისტოს ომს თონეთში შევხვდი. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ამერიკულ ფილმებში – ყველანაირ ცივილიზაციას მოკლებულებმა ომის ამბავი რადიოთი გავიგეთ. არ ვიცი, იქამდე რატომ მიფიქრია ომზე, მაგრამ რამდენჯერაც წარმომედგინა – ყოველთვის მთავარი გმირი ვიყავი, რომელიც მრავალსართულიანი კორპუსის სარდაფში შეყუჟულ მოსახლეობას საჭმელს აწვდიდა ან რამე მსგავსი. სინამდვილეში, მე ვიდექი ალაგ-ალაგ ჩაცვენილ აივანზე და აზრზე არ ვიყავი, რა უნდა მექნა.

იმავე საღამოს, რუსთავი 2-მა “ბაში-აჩუკი” გაუშვა. იმედისა და ბრძოლის ნაპერწკლების გასაღვივებლად, ალბათ. ჩვენ ტელევიზორი არ გვქონდა, მეზობელმა გვახარა და სანახავადაც მიგვიპატიჟა.

რაღაცნაირი ომი იყო, ხალხს ფილმების საყურებლად ეცალა.

მე ომი არ მიგრძნია, ის კი არა, მალევე აღმოვაჩინე, რომ sms-ის გაგზავნისას ანგარიშიდან თანხა არ მეჭრებოდა და ყველა მოვიკითხე, ვინც გამახსენდა. რამდენიმე დღე რომ გავიდა, კომპანიებიც მოვიდნენ აზრზე, რაც “მივქარე”, ზედმიწევნით დაიანგარიშეს და ჩამომაჭრეს.

აი, ეგეთი ომი იყო, ტელეფონის ანგარიშზე ვდარდობდი.

მერე იყო თბილისი და საკუთარ თავზე გამოცდილი “პურის რიგში დგომა”. ხმა გავარდა, რუსები შემოდიანო და ვიდექით მე და ბებიაჩემი პურის უკიდურესად გაწელილ რიგში და სხვა ჩვენნაირების საუბარს ვუსმენდით. მერე ბებიაჩემს მაგრად მოვუჭირე ხელი და ვუთხარი, მეშინია-მეთქი; წინ მდგომმა ქალმა არ დააყოვნა მომიტრიალდა და მითხრა:

“ნუ გეშინია, დედიკო, ხვალ გაიღვიძებ და გიორგაძე იქნება პრეზიდენტი. ჩვენგან მაგათ არაფერი უნდათ.” და მე არ ვიცოდი, ვინ იყო გიორგაძე და არც ის ვიცოდი, რატომ მეძახდა ის ქალი “დედიკოს”.

ეგეთი ომი იყო, ვიღაცებს ეგონათ, რომ “ჩვენგან არაფერი უნდოდათ”. დღემდე ჰგონიათ.

მე მრცხვენია ამ ამბების გახსენებისას. მრცხვენია, რომ არათუ რამე გმირული ვქენი, არამედ, შიშისა და უსუსურობის გამო ვერც ნამდვილი გმირის, ანწუხელიძის წამების კადრები მაქვს ნანახი. იქნებ, ომის სიმწარე ეგრე მაინც გამეგო.

მრცხვენია, რომ დღემდე მიწევს რუსეთის ოკუპანტობის მტკიცება. რომ 49 დღეა, ჩვენს სახელმწიფოს ვთხოვთ, გადააყენოს შს მინისტრი, როელმაც ოკუპაციის გამპროტესტებელი ხალხის წინააღმდეგ ის ძალა გამოიყენა, 2008 წელს რომ გვიცავდა.

მრცხვენია, რომ 11 წელი გავიდა და ჯერ კიდევ ზუსტად არ ვიცით, ვინ, რა, რამდენი, როგორ და რანაირად დავკარგეთ.

რომ 5 წლის წინ, ქვეყნის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა საჯაროდ დაწერა, როგორ დავიწყეთ ომი.

რომ ხელისუფლებას აგვისტოში ახსენდება დაზარალებული ხალხი, ახლა რომ ბედის ანაბარა ცხოვრობენ ტრიალ მინდვრებზე.

და რამდენჯერაც ამ ომზე ვფიქრობ, იმდენჯერ მახსენდება ზინა და ვალია, ცხინვალელი ბავშვები, რომლებსაც შუაგულ ცხინვალში, პოლიციის შენობის წინ ვასწავლე ქართულად “გამარჯობა” და “მიყვარხარ”.

ნეტა, ახსოვთ?

#7აგვისტო

#რუსეთიოკუპანტია“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g