ევროკავშირი- საქართველოს ბიზნეს საბჭომ საქართველოში ახალი პროექტი დაიწყო. როგორც ”ფორტუნას” ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ განუცხადა, EUGBC-მ ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით ბიზნეს კომპანიების სრული ინფორმირება დაიწყო.
”ამ საკითხზე თბილისში 3 შეხვედრა გაიმართება, შემდეგ კი რეგიონებში გადავალთ. გვინდა, ბიზნესმენებამდე ის ინფორმაცია მივიტანოთ, თუ რა პრინციპები აქვს ევროპასთან თავისუფალ ვაჭრობას. ჩვენ გვყავს ექსპერტთა ჯგუფი, რომლებიც დაწვრილებით უხსნიან ბიზნეს კომპანიებს თუ რა პროცედურებია გასავლელი ამ ბაზარზე შესასვლელად და რა პერსპექტივები არსებობს ამ მიმართულებით”, – განმარტა ზვიად ჭუმბურიძემ.
ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) საკითხებზე სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა ტექნიკური რეგულაციებისა და სტანდარტიზაციის საკითხებს ეხებოდა. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სფეროს ექსპერტები, მცირე და საშუალო მეწარმეები, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები, ასევე საქართველოს შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების ოფიციალური პირები, მათ შორის „საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს“, „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს“ და „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტის უფროსმა მარიამ გაბუნიამ აღნიშნა, შეხვედრა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ ბიზნეს სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების გათვითცნობიერებას ეძღვნებოდა, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერებზე იყო ფოკუსირებული.
”ეს თემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქტის განთავსებას ეხება. ანუ რა პირობები უნდა დააკმაყოფილოს საქართველოში წარმოებულმა პროდუქტმა იმისათვის, რომ ევროკავშირის ბაზარზე მოხვდეს. ამ კუთხით, მთავრობა აქტიურ ღონისძიებებს ახორციელებს ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. განსაკუთრებით იმ მიმართულებით, რომ საქართველოში საერთაშორისოდ აღიარებული ბევრი ლაბორატორია იყოს, რომლის მიერ გაცემულ სერთიფიკატსაც ევროკავშირი უპრობლემოდ მიიღებს.
ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერები ისეთ საკიხებს ეხება როგორიცაა სტანდარტიზაცია და მეტროლოგია. საქართველომ, ამ მიმართულებით, საკმაოდ დიდი ნაბიჯი გადადგა წინ. ჩვენს ქვეყანაში, მეტროლოგიის კუთხით, უკვე არის 3 საერთაშორისოდ აღიარებული ლაბორატორია, რაც პირველია ამიერკავკასიის მასშტაბით. ასევე აკრედიტაციის ცენტრის გაძლიერების კუთხით მიმდინარეობს ძალიან აქტიური ღონისძიებები იმისათვის, რომ მეწარმეს საქართველოში შეეძლოს თავისი პროდუქტისათვის საერთაშორისოდ აღიარებული სერთიფიკატის აღება შეეძლოს. ეს გააიაფებს ამ კუთხით გასაწევ ხარჯს”, – განმარტა მარიამ გაბუნიამ.