ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას ,,ღვინო დუდუკი ქალები” თემურ წიკლაური, ვახტანგ ტატიშვილი, ნუგზარ კვაშალი და ბესო ჩუბინიძე სტუმრობდნენ. წელს ,,ივერიას” საიუბილეო წელი აქვს, 50 წელი შეუსრულდა ანსამბლს, რომელიც დრემდე უდიდესი სიყვარლით და პოპულარობით სარგებლობს ყველა თაობის ადამიანში და დღემდე ანშლაგია მათ კონცერტებზე. სტუმრებმა ,,ივერიას” შემოქმედებითი გზა და 50 წლიანი ისტორიის რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი გაიხსენეს, სამომავლო გეგმები გაგვანდეს და დაგვპირდნენ, რომ ეცდებიან არ მოაწყინონ თავიანთი მსმენელი…
უახლოეს პერიოდში ,,ივერიას” მოსმენა” ,,ბლექ სი არენაზე” გრანდიოზული შოუს ”ჩხიკვთა ქორწილის” ფარგლებშია შესაძლებელია, 20 ოქტომბერს კი უკვე თბილისში, დიდ საკონცერტო დარბაზში საიუბილეო კონცერტი გაიმართება…
მოგვიყევით როგორ დაიწყო ყველაფერი და როგორი იყო პირველი ნაბიჯები?
ვახტანგ ტატიშვილი:
თავიდან კვარტეტი ვიყავით, მე, ჯემალ ბაღაშვილი, გოგი ლეონიძე და ბუთხუზ ბასილაია, შემდეგ გოგოები შემოგვიერთდნენ, შემდეგ ნუგზარი და თემური თავისი მეუღლეთი, უამრავმა ხალხმა გამოიარა ჩვენს ანსამბლში და ყველამ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ცუდი ხასიათის ადამიანი ჩვენთან დიდხანს ვერც გაძლებდა. ყველაზე დისციპლინირებული თემურ წიკლაურია, ყველგან ერთი საათის ადრე მიდის.
ნუგზარ კვაშალი:
მე ყველაზე ნაბოლარა ვარ, 1983 წელს შევუერთდი, მანამდე მათი კონცერტი ნანახი მქონდა და ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ მათ რიგებში აღმოვჩნდებოდი და აქ გავატარებდი მთელს ცხოვრებას, უდიდესი მადლობა ,,ივერიას” ამისთვის. 50 წელია უკვე არსებობს, 20 ოქტომბერს კი დიდ საკონცერტო დარბაზში გეპატიჟებით ყველას ვისაც გიყვართ ,,ივერია”.
თემურ წიკლაური:
წელს პირველ სექტემბერს ,,შავი ზღვის არენაზე” უკვე მეორედ გაიმართება ,,ჩხიკვთა ქორწილი”, ჩვენ თვითონ გვიკვირს რომ ,,ჩხიკვთა ქორწილი” 50 წლის შემდეგ ისევ ცოცხალია. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი და ასევე აღვნიშნავ, რომ ალბათ ,,ფიროსმანიც” გაიმართება ,,ბლექ სი არენაზე”, ეს ყველაფერი კი არა რომელიმე ჩვენგანის, არამედ ანსამბლის გამარჯვებაა, ეს არის ჯემალ ბაღაშვილის იდეის და ბუთხუზის უკვდავი მუსიკის გამარჯვება. დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს და მსმენელს, რომელსაც ასე ვუყვარვართ. ჩვენ არცერთხელ არ წაგვიგია, მას შემდეგ რაც გამარჯვების დროშა ავწიეთ.
ბესო, როგორი განწყობაა როდესაც შენს გვერდით ასეთი ბუმბერაზი ვარსკვლავები არიან?
ბესო ჩუბინიძე:
ეს ადამიანები არ არიან ყალბები, როდესაც იმას რასაც მღერი გესმის და გათავისებული გაქვს, ეს არის ყველაზე მთავარი. ჩემი ურთიერთობა ამ ადამიანებთან 1988 წლიდან დაიწყო, უბანში დინამიკებს ვრთავდი და ყველას ვაგონებდი, რომ ეს ხალხი მღეროდა. თქვენ ვერ წამოიდგენთ როგორ მუშაობენ ეს ადამიანები, სანამ მზა პროდუქტს შემოგთავაზებენ სცენაზე. პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელიც ამ ადამიანებს 50 წელიწადია აქვთ არის ყველაფრის პასუხი.
მე ყოველთვის დარბაზში ვარ როდესაც კონცერტი იწყება და მინდა მოგიყვეთ, ახლახან ვიყავით ზუგდიდში, სადაც საოცარი კონცერი ჩატარდა, აფხაზეთიდან გადმოსული ხალხი იყო სტუმრად, სპეციალურად მათთვის გაკეთდა ეს კონცერტი, რომელიც დღის 3 საათზე დაინიშნა, რადგან ამ ადამიანებს უკან გადასვლა მოესწროთ. წინაპირობა კი იყო წინა კონცერტი, მაისში გამართული, რომელიც 7 საათზე იწყებოდა და იხვეწებოდნენ ადამიანები მალე დაიწყეთ კონცერტი, რადგან უკან გადასვლას ვერ მოვასწრებთო.
,,იყიდება საქართველო” ერთ-ერთი პირველი ჰიმნია ჩვენს ქვეყანაში არსებული სიტუაციის ამსახველი, მახსოვს თითოეული თქვენგანის თვალები ამ სიმღერის შესრულების დროს…
თემურ წიკლაური:
1986 წელში უნდა გადავიდეთ, როდესაც არგონავტების გადაღება მიმდინარეობდა, ვახოს მანქანით სასომხეთში მიდიოდნენ გადაღებაზე და იქ თქვა ჯემალიმ შემდეგი სპექტაკლი ,,ფიროსმანი” უნდა იყოსო, იქვე გადაუხვიეს თურმე და დალიეს ”ფიროსმანის” პირველი სადღეგრძელო. ,,იყიდება საქართველო” კი არის პირველი სიმღერა რომელიც ამ სპექტაკლისთვის დაიწერა, ფიროსმანის გულიდან ამოგლეჯილი აზრებია, რომელიც მას აწუხებდა, ის გაყიდეს და ისევ ჩვენ გავყიდეთ, ქართველებმა დაწერეს გაზეთში ,,შენ მალიარი ხარ მხატვარი აღარ ხარო”, 3 წელიწადში გარდაიცვლა, ვერ გადაიტანა, ხელოვანი კაცი იყო იცოდა რომ ფასეულს ქმნიდა და მას ეს არ დაუფასეს სიცოცხლეში. მორის ფოცხიშვილია ტექსტის ავტორი, ვერც კი გადმოგცემთ, რა მოხდა, როდესაც პირველად შევასრულე, მორისთან ვიყავით სახლში, ბუთხუზი იჯდა როიალთან, ყველა ვტიროდით. მორისს ჰქონდა სხვა სიტყვები – ,,იყიდება აფხაზეთი, იყიდება აჭარა, ღმერთო გვიშველე ღია დაგვრჩა ფანჯარა… ” დიდი თხოვნის შემდეგ აფხაზეთი ამოვიღეთ, ტექსტი შევცვალეთ და ჩაიცვა სამცხე. 1987 წელში, კომუნისტების დროს ვიმღერეთ ეს სიმრერა და პირველივე შესრულების დროს ფილარმონიაში 2500 კაცი ფეხზე იდგა, ყველას სანთელი ეჭირა და ყველა ჯერზე ასეთი ოვაციებით მიმდინარეობს ამ სიმღერის შესრულება. ეს არის ფიროსმანის და მთელი საქრთველოს გულისტკივილი, ახლა უფრო დიდი დატვირთვა აქვს ასე მგონია ვიდრე იმ პერიოდში ამ სიმრერას.
როგორი დამოკიდებულება იყო ოჯახსა და ,,ივერიას” შორის?
ნუგზარ კვაშალი:
,,ივერია” უკვე იყო ოჯახი, რადგან უფრო დიდ დროს ივერიაში ვატარებდით. მეგობრობა გადაიზარდა ოჯახურ სიტუაციაში, ნათესაობაში. ხალხი ამ ყველაფერს გრძნობდა და ყველაფერსაც გვპატიობდა, ერთხელ თემური გამოვიდა და ხალხს მიმართა გუშინ იმდენი დავლიე ყველაფერი დამავიწყდაო. სანამ ერთი ივერიელი მაინც იდგება ფეხზე ,,ივერია” იცოცხლებს.
ორი ახალი სიმღერის პრემიერისთვის ემზადებით,მოგვიყევით ამის შესახებ?
პირველია შექსპირის 66 სონეტი, რევაზ თაბუკაშვილის არაჩვეულებრივი თარგმანით, რომელიც ორიგინალზე უკეთესია, მუსიკა კი გოგი ჩლაიძეს ეკუთვნის, მეორე სიმღერა კი არის ,,მერანი”, ნუგზარ თუშიშვილის მუსიკაზე, წარმოიდგინეთ ბარათაშვილი აამღერო…
გაგვანდეთ თქვენი უახლოესი გეგმები?
ბესო ჩუბინიძე:
1 სექტემბერს გრანდიოზული და მეგა შოუ ,,ჩხიკვთა ქორწილი” გაიმართება ,,ბლექ სი არენაზე”, 20 ოქტომბერს დიდ საკონცერტო დარბაზში ,,ივერიას” საიუბილეო კონცერტი იქნება, 11 აგვისტოს რეგიონალური გასვლა გვაქვს ჭიათურაში ,,თემობის დღესასწაულზე” და კიდევ არა ერთი სიანტერესო რამ იგეგმება, იმედია არ მოვაწყენთ ჩვენს მსმენელს. ჩვენ, საზოგადოებას ყველაზე მეტად ქართული გვიყვარს და ქართული იწყება ,,ივერიით”…
თემურ წიკლაური – მერანი
თემურ წიკლაური – შექსპირის 66 სონატი
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ნუგზარ კვაშალი, ვახტანგ ტატიშვილი, თემურ წიკლაური-რამიშვილთან მეგობრობას რა უნდა ? Live
თემურ წიკლაური – ფიროსმანის არია. Live
ვახტანგ ტატიშვილი, ნუგზარ კვაშალი, თემურ წიკლაური, ბესო ჩუბინიძე.
ვახტანგ ტატიშვილი – შაირი.
თემურ წიკლაური, ნუგზარ კვაშალი, ვახტანგ ტატიშვილი – წლები როგორც გედები. Live
ფოტოები