LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ლამაზია თუშეთი – წადი, ნახე, იამაყე!

1372
8058

თუშეთი – ისედაც ლამაზი საქართველოსთვისაც კი განსაცვიფრებელი ადგილი. ბუნებრივია თუშეთშიც არის თანამედროვე ცხოვრებისთვის აუცილებელი ელემენტარული ნივთები, მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მხარე, რომელსაც ყველაზე ნაკლებად შეეხო ცივილიზაციის ხელი და უფრო მეტად შემონახულია ისტორიული სახით.

თუშეთისკენ მიმავალი გზა ცალკე თემაა, ამაზე ისედაც ლეგენდები დადის და მართლაც რომ ამ ექსტრემალურ თავგადასავალს გზა ნაკლებად ქვია. თუმცა, მეორეს მხრივ, გადასაჩეხი სამანქანო ბილიკებიდან ისეთი ხედებია, სუნთქვა შეეკვრება კაცს. აი თუშეთში ჩასულები თუ იქაურ სოფლებში მანქანით გადაადგილდებით, მაშინ თელავი-ომალოს გზა უბრალოდ ავტოსტრადად მოგეჩვენებათ. უშუალოდ თუშეთის ტერიტორიაზე არსებულ ე.წ. გზებს – უფრო კი ქვები, კლდის ნანგრევები, დატკეპნილი მტვერი, ციცაბო აღმართები, ვიწრო მოსახვევები – თუ გაუძელით, ესე იგი ცხოვრებაში ყველაფერს გადაიტანთ.

ცხრა მთას იქით ქვეყანააო ზღაპრებში რომ წაგვიკითხავს, ზღაპარი კი არა, მართალი ყოფილა, ისეთი მთები უნდა გადაიარო თუშეთში მოსახვედრად. ყვავ-ყორნებიც საკმარისად დაფრინავენ და მზეც გვარიანად აჭერს, ასე რომ, ზაფხულში სულაც არ არის გადაუდებელი აუცილებლობა თბილად ჩაცმა.

უგზოობას კი თავისუფლად დაგავიწყებთ მთელი თუშეთი, ნებისმიერი მისი ადგილი – ველები, მდინარეები, ფიჭვნარი, სოფლები, სახლები, პატარა ეკლესიები, საინტერესო ტრადიციები, კერძები და რაც მთავარია თვითონ გულიანი და სტუმართმოყვარე ხალხი…

ეს არის ადგილი, რომელიც სანამ ცოცხალი ხარ, აუცილებლად უნდა ნახო, მით უმეტეს თუ ქართველი ხარ.

თუშეთის აღწერა შეუძლებელია, ამის გაკეთება ალბათ ვაჟასაც გაუჭირდებოდა, ვერც გუგლის ფოტოები გადმოსცემს იქაურობის სიდიადეს, მაგრამ აბა სხვა რა გზაა – ჩვენც ჩვენი „ფორტუნას“ ვოიაჟის ფოტოებით (მიუხედავად იმისა, გადაღებული ფოტოების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილს თუ დავდებთ) და მინი განმარტებებით უნდა შემოვიფარგლოთ.

წადით თუშეთში!

წადით და იქაურს მოაყოლეთ თუშური ადათ-წესები, ისტორიული ამბები და იამაყეთ, რომ ეს ჩვენი სამშობლოა!

 

 

თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრი

ვიზიტორთა ცენტრი მდებარეობს სოფელ ქვემო ომალოში. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული კომპლექსი მართლაც ლამაზი შენობაა. იქვე მოწყობილია გადასახედი, საიდანაც იშლება არაჩვეულებრივი ხედი და შესაძლებელია რამდენიმე სოფლის დანახვა.

 

შენაქო
ზღვის დონიდან 2080 მეტრზეა.
სოფელი შენაქო ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ალავერდის ეპარქიას.
აქაურებს მცირე ჰიდროელექტრო სადგური ემსახურება და შუქი მარტო შენაქოელებს აქვთ. ელექტროენერგია სხვა სოფლებამდე ვერ აღწევს. ომალოსა და სხვა მიმდებარე სოფლებში მზის ენერგიის ხარჯზე ცხოვრობენ.

 

შენაქოს წმინდა გიორგის ეკლესია
დგას სოფლის განაპირას, აღმოსავლეთით. განეკუთვნება XIX საუკუნეს. ეკლესია თავისუფალი ჯვრის ტიპის გუმბათოვანი ნაგებობაა

 

ეს გახლავთ ხედი ნაყაიჩოდან, რომელიც თითქმის 3 ათასი მ-ია ზღვის დონიდან. ამაზე მაღლა ასვლა შეუძლებელია.

 

დართლოს ეკლესია
აგებულია XIX საუკუნეში.
ეკლესია დარბაზულია (12,5 X 8,5 მ), ნაგებია ქვიშაქვით. როგორც ხედავთ, ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: შემორჩენილია სამხრეთის კედელი. აქ დღემდე აკრძალულია ქალბატონების შესვლა.

 

სოფელი დართლო
მდებარეობს ომალოდან 15 კილომეტრში, მდინარე პირიქითა ალაზნის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 2000 მ-ზეა.
დართლო მთის თხემზე შეფენილია კვავლო.

დართლოში შემორჩენილია თუშური ტრადიციული არქიტექტურა მისი ციხე-სახლებისა და კოშკების ნაშთების სახით. აკლდამების ქვევით და სოფლის შესასვლელში სასაფლაოა, საფლავები დაფარულია სიპი ქვებით.

დართლოს საბჭეო – ტრადიციული სასამართლო. ნახევრადწრიულად განლაგებული ქვის სკამებზე მსხდომი 12 უხუცესი მსაჯული. იქვე მუხლმოყრილი მოსარჩლე, მოწმე და ბრალდებული. შორიახლოს შემოკრებილი ხალხი. საფიცარი იყო პროცესიის მონაწილეთა ულვაშის თითო ღერი. მხოლოდ ერთხელ იყო, რომ ბჭე-მოსამართლის სავარძელი ეკავა ქალს.

ფოტოზე: უკანა ხედზე, ეკლესიიდან მარჯვენა მხარეს არის 12 ქვა მსაჯულებისთვის და ერთიც შუაში მოსარჩელესთვის.

 

ეს კაფეა (დართლო)

 

კვავლო
სოფელ ომალოდან 7-8 კილომეტრში, მდინარის ნაპირიდან მაღლა მთაზე დაახლოებით 500 მეტრში. ტურისტების ერთ-ერთ საყვარელი ადგილია. საცალფეხო ბილიკით მხოლოდ ფეხით მისვლაა შესაძლებელი.

სოფელს 2018 წელს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა.
2014 წლის აღწერით სოფელში ცხოვრობდა 1 ადამიანი. თუმცა ამჟამად იქ სასტუმრო სახლიც და კაფეც მუშაობს და ტურისტებიც ადიან.

კვავლოს კოშკი და კვავლოს ციხე-სახლი განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

 

თუშეთში ბევრია ისეთი ადგილი და სანახავი, სადაც მანქანაც ვერ მიდის, ამიტომ ტურისტებს ბუნებრივია ფეხით ასვლა-ჩამოსვლა უწევთ

 

საომარი კოშკი
ეს კოშკები ვიწრო და მაღლებია (5–6 სართული, არა უმეტეს 20 მეტრის სიმაღლის), ფუძეში ოთხკუთხა, პირამიდული სახურავით, ზემოთკენ თანდათან ვიწროვდება. ნაშენებია ფიქლით და დუღაბით. ესეთი კოშკები მთლიანი სახით შემორჩენილია დართლშოი, გირევში, ჭონთიოსა და კვავლოში. პირველ სართულზე ტყვეებს ათავსებდნენ, შემდეგი სართულები (ბოლოს გარდა) თითქმის არ განსხვავდებოდა – კედლებში სათოფურებით, სარკმელებით და შეიძლება რომელიმე მათგანში კარიც ყოფილიყო, ამოსასვლელი კიბე კი შიგნით შენობაში შეჰქონდათ. ამ სართულებში მეკომურები იხიზნებოდნენ. ბოლო სართულს ჰქონდა სამზირები და ყველა მხარეს ჩარდახები.

 

ხედი კესელოს ციხიდან, რომელიც კლდოვან ბორცვზე დგას და განეკუთვნება XVIII საუკუნეს (ზემო ომალო)

 

ზემო ომალო

 

თუშეთის სოფლებში მხოლოდ სასტუმრო სახლებია, თუმცა ომალოსთან “რედიქს ჯგუფის” დიდი სასტუმრო შენდება.

 

 

 

ტურისტებში ძალიან პოპულარული საცხენოსნო ტური, განსაკუთრებით უცხოელ მოგზაურებში. ესენი სოფელ დიკლოდან გადიან.

 

 

 

ეს საქართველოს საზღვარია. ადრე დაღესტანთან საზღვარი უკან რომ კლდე მოჩანს, იქ გადიოდა, 2008 წელს რუსებმა საზღვარი გადმოწიეს და ახლა ფოტოზე ახლომდებარე მთის კალთაზე გადის

 

 

 

ფორტუნას თუშური გუნდი: ეს ჩანჩქერი თუშეთისკენ მიმავალ გზაზეა და აქ თითქმის ყველა მოგზაური აჩერებს.

 

როცა ცა შენს ქვემოთაა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g