LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპა პორტუგალიაა, რონალდო ჩემპიონია! (ვიდეო)

47

ევრო 2016-ს მოულოდნელი ჩემპიონი ყავს. ტურნირის დაწყებამდე პორტუგალიის გამარჯვებას ცოტა ვინმე თუ იწინასწარმეტყველებდა, თუმცა ევროპის ჩემპიონატს ახსოვს არანაკლებ მოულოდნელი ჩემპიონები. ასეთ დროს, პირველ რიგში, 2004 წელს პორტუგალიაში ჩატარებულ ჩემპიონატს იხსენებენ, როდესაც ნორჩი რონალდოს მასპინძელმა პორტუგალიამ ყველაზე სენსაციურ ჩემპიონ საბერძნეთთან წააგო.

მოულოდნელ გამარჯვება ცალკე და პორტუგალიას საკამათო ჩემპიონობაზეც უკვე საუბრობენ. მთავარ ”დანაშაულად” შვიდ მატჩში მხოლოდ ერთ მოგებას უხსენებენ და თან, რბილად რომ ვთქვათ, არასანახაობრივ ფეხბურთს საყვედურობენ და ზედ მარტივ საპლეიოფო ბადეს ააყოლებენ.

გასაგებია, რომ ამ პორტუგალიას ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთი არ უთამაშია, მაგრამ მეორეს მხრივ ამ გუნდის დამარცხება ვერავინ შეძლო, ხოლო ხორვატიამ, უელსმა, აგერ საფრანგეთმა გოლიც ვერ გაუტანეს.
ფეხბურთი ცხოვრების ნაწილია, ცხოვრებაში კი წარმატებას პრაგმატიზმი, სწორი გათვლები, არსებული ვითარების რეალისტურად შეფასება და საჭირო დროს საჭირო ქცევა იგებს. 21-ე საუკუნეში ისეთი ფეხბურთია, ემოციების დრო აღარ არის, ემოციების უფლება ფეხბურთელებს გოლის აღნიშვნისას და მატჩის დამთავრების შემდეგ აქვთ, გრძნობების შეუკავებლობისთვის ტრიბუნაზე მაყურებელი ზის. ფეხბურთელმა, მწვრთნელმა, პერსონალმა თავისი საქმე უნდა აკეთოს და არც ფერნანდო სანტუშის ბრალია ამ გუნდით ასე თამაში თუ მოუწია. გამარჯვებულებს არ ასამართლებენ.

რონალდო: ეს არის უზარმაზარი სპორტსმენი, ის დგას გუნდზე მაღლა, მოვლენაზე მაღლა. რონალდოს პირადი ტრაგედიის შემდეგ, მთელი ყურადღება მაინც მასზე გადავიდა და ევროპის ჩემპიონატის ფინალი ერთგვარად ჩრდილში მოაქცია. ეს მხოლოდ რჩეულების ხვედრია. რონალდომ ნეიტრალური ქომაგი თავისკენ შემოაბრუნა. მისი შემართება, სურვილი, პროფესიონალიზმი, ენთუზიაზმი, ბრძოლის ჟინი – მოედნიდან გასული რონალდო მაინც ყველაზე მაგარი ვინმე იყო სტად დე ფრანსზე. პაიეს საქციელი კი უბრალოდ არ ჯდება არანაირ ჩარჩოში: შესაძლოა განზრახ არ მიუყენებია ტრავმა, მაგრამ ასეთ დროს რონალდოს თამაშიდან ჩამოშორება ყველაზე მდაბიო და ლაჩრული საქციელია. შესაძლოა სწორედ ამის გამო დაისაჯა საფრანგეთი და განგებამ სამართალი სხვაგვარად აღასრულა. მსაჯსაც ცოტა უფრო ადეკვატურად რომ შეეფესებინა ურიგო არ იქნებოდა: თუ ისეთი ჩარტყმა არ იმსახურებს ყურადღებას, რომლის შემდეგაც ფეხბურთელი თამაშს ვერ აგრძელებს, მაშინ რისთვის გაქვს ეს ყვითელ-წითელი ბარათები.
ერთხელაც, არის თუ არა პორტუგალიის ნაკრების გამარჯვება ადეკვატური. თუ რონალდოს და მესის ფეხბურთში გამარჯვება არ არის ადეკვატური, მაშინ საერთოდ რაღაა ადეკვატური ამ სამყაროში.

 

პორტუგალია-საფრანგეთი 1:0 (0:0 დ.დ)
10 ივლისი. 23:00. პარიზი. “სენ დენი”

პორტუგალია: რუი პატრისიუ, სედრიკი, პეპე, ფონტე, რაფაელი, ვილიამ კარვალიო, ჟოაო მარიო, ადრიენ სილვა (მოუტინიუ 66), რენატო სანჩესი (ედერი 79), ნანი, რონალდ0 (კვარეჟმა 25)
მწვრთნელი: ფერნანდო სანტუში

საფრანგეთი: ლორისი, სანია, უმტიტი, კოშელნი, ევრა, პოგბა, სისოკო, მატუიდი, გრიზმანი, პაიე (კომანი 58), ჟირუ (ჟინიაკი 78)
მწვრთნელი: დიდიე დეშამი

გოლი: 1:0 ედერი (109)

გაფრთხილება: სედრიკი (34), ჟოაო მარიო (62), უმტიტი (80), რაფაელი (95), მატუიდი (97), ვილიამ კარვალიო (98), კოშელნი (107), პოგბა (115), ფონტე (119), რუი პატრისიუ (120+2)

მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: პეპე

 

https://www.youtube.com/watch?v=14bPqGzK5B8

 

https://www.youtube.com/watch?v=nwQbmDySpnA

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g