დღეს დილიდან ტყიბულში პროტესტი განახლდა. 15-მდე მეშახტე მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტში ჩავიდა და უარს ამბობს ამოსვლაზე მანამ, სანამ არ მოხდება მიმდინარე ხელფასების გაცემა და მეშახტეების სრული ინფორმირება ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენის პერსპექტივებთან დაკავშირებით.
მეშახტეებს, შრომის ანაზღაურება 15 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ, თუმცა კომპანიამ ისინი სასწავლო წლის დაწყების დროს თანხის გარეშე დატოვა და უფრო მეტიც – კომპანიის წარმომადგენლები ვერც ახლა ამბობენ როდის დაურიცხავენ ხელფასებს.
პროფკავშირების ინფორმაციით, მეშახტეები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას შეასრულონ საბანკო და კომუნალური ვალდებულებები, რაც მათ სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს – მათ ყოველდღიურად ეკისრებათ საბანკო ჯარიმები სესხის პროცენტის გადახდის ვადაგადაცილების გამო და იზრდება იმის შანსი, რომ მათ, როგორც აბონენტებს, შეუწყდეთ ბუნებრივი აირისა და ელ-ენერგიის მიწოდება.
„საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი მოუწოდებს საქართველოს ბანკს, ,,ენერგო პრო ჯორჯიას” და ,,სოკარ გაზს”, რომ გაითვალისწინონ შექმნილი მდგომარეობა და კიდევ უფრო არ დაამძიმონ ტყიბულელთა სოციალური მდგომარეობა.
ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ სასწრაფოდ მოხდეს თანხების აკუმულირება ტყიბულელთა შრომის ანაზღაურების გასაცემად და ასევე მოხდეს მეშახტეების ინფორმირება იმასთან დაკავშირებით თუ რა გეგმა გააჩნია მთავრობას და კომპანიას ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენასთან დაკავშირებით,”- ნათქვამია პროფკავშირების მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში.