LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის ზოგიერთი უბნის კანალიზაცია ზღვაში ისევ გაწმენდის გარეშე ჩაედინება

175

2019 წლამდე ბათუმის ზოგიერთი უბნის კანალიზაცია ზღვას ისევ გაწმენდის გარეშე შეურთდება. სწორედ ამ წელს სრულდება ბათუმის წყლის სისტემებისა და წყალარინების ქსელზე მიერთების სამუშაოები.

როგორც ”ფორტუნას” ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველმა ჯაბა ტუღუშმა განუცხადა, ამჟამად ბათუმის წყალარინებისა და წყლის სისტემების რეაბილიტაციის პროექტის მესამე ფაზა მიმდინარეობს, მეოთხე ფაზა კი 2019 წელს სრულდება და წყლის სისტემების 80%-ით რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

”კანალიზაციების წყალარინების ქსელთან მიერთების პროცესი ამჟამად ჭაობის დასახლების ტერიტორიაზე ხორციელდება. პარალელურად მიმდინარეობს გადართვებიც, ანუ მოსახლეობის ახალ სისტემაში ჩართვა, რაც იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ამ სისტემაში მოხვედრილი მასა გაიწმინდოს და ზღვას ამის შემდეგ შეუერთდეს” – განუცხადა ”ფორტუნას” ტუღუშმა.

პირველი ფაზა ზღვისპირიდან ჭავჭავაძის ქუჩამდე წყალგაყვანილობის სისტემის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. ამ დროისთვის ჯერ კიდევ დარჩენილია პრობლემური უბნები, რომლებიც წყალარინების ქსელზე არ არის მიერთებული და ზღვას გაწმენდის გარეშე უერთდება. მათ შორისაა: ბენზეს დასახლება, ბარცხანა, ბონი-გარადოკი.

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა (KFW) ბათუმის მუნიციპალიტეტს წყლისა და საკანლიზაციო სისტემების რეაბილიტაციაზე 126 მლნ ევრო გამოუყო. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილია გრანტი სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციაზე 14 მლნ ევროს ოდენობით, წყლის გამრიცხველიანების სისტემა კი ევროკავშირის სამეზობლო განვითარების ფონდმა 4,5 მლნ ევროთი დააფინანსა.

რაც შეეხება სასმელ წყალს, 24-საათიანი წყალმომარაგება ჯერ კიდევ არ აქვს ბათუმის ზოგიერთ უბანს, მათ შორის: ბონი-გარადოკს, ბენზეს ტერიტორიას, ანგისის დასახლების ნაწილს, ჩაქვი-მახინჯაურს და მწვანე კონცხს.

”ძველი ქალაქის საზღვრებში შეიძლება ითქვას რომ 70%-ით, 24 საათიანი წყალმომარაგება გვაქვს. პირველ და მეორე ფაზაში ძირითადი აქცენტი იყო სასმელი წყლის მიწოდებაზე და პირველ რიგში ამაზე ვიზრუნეთ. იმ ეტაპზე გამოყოფილი სახსრები წყალარინებაზე ვერ გვეყო და ამიტომაც გრძელდება ახლა” – აღნიშნა ჯაბა ტუღუშმა.

ბათუმის წყალარინების სისტემა KFW-ის დაფინანსებით აშენდა. გამწმენდი ნაგებობა, რომელიც პლაჟთან ახლოს, აეროპორტის ასაფრენ ზოლსა და ჭოროხის შესართავს შორის მდებარეობს, დღე-ღამეში 60 ათასამდე კუბ/მეტრ საკანალიზაციო წყალს ამუშავებს. გაფილტრული წყალი გამწმენდი ნაგებობიდან ზღვაში მილების საშუალებით ნაპირიდან 100 მეტრში ჩაედინება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g