ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას ,,ღვინო დუდუკი ქალები” კომპოზიტორი, მომღერალი და უბრალოდ ხელოვანი ადამიანი ნუგზარ ერგემლიძე სტუმრობდა , მან გადაცემის ფარგლებში თავის შემოქმედებით ცხოვრების გზაზე ისაუბრა, ახალი ბათუმური სიმღერა ”ისევ წვიმს” დააპრემიერა და გიტარის თანხლებით რამდენიმე სიმღერა ცოცხლად შეასრულა.
ბატონო ნუგზარ, საიდან დაიწყო თქვენი შემოქმედებითი გზა?
ბათუმიდან დაიწყო ყველაფერი, ისევე როგორც ჩემი ცხოვრება. ჩვენ არ ვირჩევთ დაბადების ადგილს და ისე მოხდა , რომ მე ბათუმში უნდა დავბადებულიყავი, ჩემი თანაკლასელის ძმა სოსო ბარდანაშვილი ახლა ისრაელში ცნობილი კომპოზიტორი, კარგი პოეტი და მხატვარია, მეც ვეთამაშებოდი ამ დარგებს და მან შემამჩნია პირველად.
გია ყანჩელსაც აქვს ჩემს წინ წამოწევაში როლი, მან ურჩია ჩემი თავი რობერტ ბარძიმაშვილს, რომელიც პირველ ქართულ როკ-ოპერას დგამდა, ლიბრეტოს ავტორი რობერტ სტურუა იყო, მე კი პოეტად წარმადგინეს. შემდეგ კარგად გავიცანით ერთმანეთი, ჩემი სიმღერებიც მოისმინა და სწორედ ასე გაჩნდა ”ვია 75” – ის რეპერტუარში ჩემი ნამუშევრები.
თქვენი პირველი სიმღერა…
1971 წელს მეათეკლასელი ვიყავი როდესაც ბათუმში დაიწერა ,,ლიანები”, რომელიც ჩამოვიტანე თბილისში და მართლა ტიროდნენ გოგონები მისი მოსმენისას.
შემდეგ უკვე ჩამოვედი თბილისში, სამხატვრო აკადემიის სტუდენტი გავხდი, მახსოვს ერთხელ დეკანმა დამიბარა და მითხრა – ,,ან მხატვარი იყავი ან მუსიკოსიო” … არადა ჯონ ლენონმა სამხატვრო სასწავლებელი დაამთავრა. მხატვრობა ორნაირია , მხატვრობა როგორც ხელობა, რომელსაც ძალიან ვაფასებ და სულიერი მხატვრობა.
ყველაფერს ასწრებთ, როგორ ახერხებთ ამას?
კამპანიებში ხშირად ძალიან კარგი მუზები მოდის, მთავარია მერე დაგამახსოვრდეს, ჩაუჯდე და იმუშაო. მეგობრებთან ერთად ვიყავი ერთ-ერთ რესტორანში, აკვარიუმი იყო დარბაზში, ჟურნალისტი ლელა ნინუა იყო ჩვენთან ერთად, სადღეგრძელო ვთქვი მახსოვს, ნეტავ ამ ოქროს თევზმა ყველაფერი აგვისრულოს რასაც ვსაუბრობთ მეთქი და უცებ გამაჟრიალა, მივხვდი, რომ ძალიან მაგარი თემა იყო რომანისთვის და დავწერე კიდეც ,,არამაგედონის მათრახი”, სადაც ცენტრალური თემაა რომ ახალგაზრდებმა დაიჯერეს რასაც იტყვი მართლა აგისრულდება და ისე მიდის ცხოვრება მართლა უსრულდებათ, ანუ სასწაულის მომენტი, ასეთია ხელოვნება და მუზა. ხშირად სხვადასხვა ადგილას მომსვლია თავში ამა თუ იმ ლექსის ან სიმღერის დასაწყისი. მაგალითად ,,მარჩელო” შემდეგნაირად დაიწერა – რუსული გადაცემა იყო სადაც გამოიყვანეს კაცი თუთიყუშით, მან მოყვა , რომ ამ თუთიყუშმა ჯერ ბაბუა მოინელა , შემდეგ მამა და ახლა მე მაბერებსო, ამან გამიჩინა იდეა თუ რამდენი რამ ახსოვს ამ ფრინველს და მოვაყოლე საბჭოთა კავშირის ისტორია,
ასევე ჩემმა მეგობარმა იტალიიდან ჩამოიყვანა ძაღლი და როდესაც მოყავდა მეგობარმა უთხრა რას ერჩი ამ ძაღლს საბჭოთა კავშირში რომ მიგყავსო , ამ ორი ამბის სინთეზის შედეგად ”მარჩელო” ტრაგიკული პერსონაჟი გახდა .
ლექსები მოდის ხშირად სუფრასთან, სუფრა არის აკადემია, ერთი ადამიანი როდესაც რაღაცას ამბობს თავისი სათქმელი მოაქვს, შენ ან აპროტესტებ ან ეთანხმები , ხანდახან აფართოებ მის ნათქვამს. რამდენჯერმე ნოდარ დუმბაძესთან მოვხვედრილვარ სუფრაზე, თემო ჩირგაძის თამადობაც მაქვს ნანახი და ეს ყველაფერი გმატებს ბევრს.
ახალი საავტორო სიმრერის პრემიერა გვაქვს, მოგვიყევით ახალ ნამუშევარზე?
,,ისევ წვიმს” ასე ქვია ახალ სიმღერას, მე ბოტებსაც ვეძახი შინაურულად, ბათუმური სიმღერაა, რადგან წვიმა და ბათუმი განუყოფელია, ზღვაზე გასვლა მიყვარს, მაგრამ წვიმაც მიყვარს ბათუმში.
აქვე მადლობა თქვენ, ,,არ დაიდარდოს” , რადგან ერთადერთი რადიოა სადაც მიწვევთ და მითმობთ დროს.
მადლობა სტუმრობისთვის.
ნუგზარ ერგემლიძე – ისევ წვიმს
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ნუგზარ ერგემლიძე & ლაშა რამიშვილი – პირველი სიყვარული. Live არ დაიდარდო
ნუგზარ ერგემლიძე – ცხოვრება კინოა. Live არ დაიდარდო
ნუგზარ ერგემლიძე. გადაცემა “ღვინო დუდუკი ქალები”. 2.10.2019. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები