95 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი სახლები და სასოფლო-სამეურნეო მიწები საკუთრებაში გადაეცა – შესაბამისი განკარგულების პროექტი, ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, 3 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა.
როგორც ”ფორტუნას” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ეკომიგრანტებისთვის გადაცემული ქონება საქართველოს რამდენიმე რაიონშია განლაგებული, კერძოდ: წალკის, თეთრიწყაროს, ნინოწმინდის, ლაგოდეხის, სიღნაღის, გურჯაანის, ახმეტისა და ხონის მუნიციპალიტეტებში, ასევე ქალაქ წალკაში, ქალაქ დუშეთში, ქალაქ ხონში, ქალაქ მარნეულსა და ქალაქ თეთრიწყაროში.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, თითოეულ ოჯახს საშუალოდ 2 600 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და დაახლოებით 40-50 კვ.მ. შენობა-ნაგებობა გადაეცა.
„ეს ადამიანები იქ საკმაოდ დიდი ხანია ცხოვრობენ და მათი პრობლემები იყო მოუგვარებელი. ჩვენ მოგვეცა ამ პრობლემების მოგვარების შესაძლებლობა და, შესაბამისად, ეს ქონებები მათ გადაეცათ საკუთრებაში“, – აღნიშნა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ეკომიგრანტებისთვის სახელმწიფო ქონების გადაცემის განკარგულების პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე მოამზადა.