ყოველწლიურად, მსოფლიოში 5 წლამდე ასაკის დახლოებით 2,2 მილიონი ბავშვი იღუპება ისეთი დაავადებებით, რომელთა თავიდან აცილება ან თუნდაც შემცირება უმარტივესი პროცედურით, ხელების დაბანითაა შესაძლებელი. ენტეროვირუსული მენინგეტი, A ვირუსული ჰეპატიტი, სოლონელოზი, დიზინტერია, ამებიაზი, გრიპი, ჰელმინტები – ეს იმ საშიშ დაავადებათა ჩამონათვალია, რომელსაც ჭუჭყიანი ხელები, დაბინძურებული საკვები და სასმელი წყალი იწვევს.
ხელის დაბანა რომ საჭირო და აუცილებელია თითქოს ყველამ იცის, თუმცა, გაგიკვირდებათ და სხვადასხვა კვლევით დადგინდა, რომ 21-ე საუკუნეშიც ხელების დაბანის აუცილებლობის შეხსენება კვლავ აქტუალურია საზოგადოების ფართო ფენებისთვის. თუ დააკვირდებით გარშემომყოფ ადამიანებს, აღმოაჩენთ, რომ თურმე ხელის დაუბანლობის პრობლემა ჩვენთანაც მწვავედ დგას, ზოგს საპირფარეშოდან გამოსვლისას ავიწყდება ეს უმარტივესი პროცედურა, ზოგი ისე ჩქარობს, რომ ორ წუთს ვერ პოულობს ხელების დასაბანად, ზოგიც პრინციპულად არ იბანს და ასე შემდეგ. არადა ინფექციის გავრცელების და სხვადასხვა დაავადების პრევენციის ყველზე იაფი დ მარტივი საშუალება სწორედ ხელების დაბანაა.
ხელების დაბანის აუცილებლობაზე, მედიცინის დოქტორს და თბილისის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილების გამგეს, ვიტალი ხარაიშვილს ვესაუბრეთ:
“ვირუსული ინფექცების, გრიპის დროს პირველი რეკომენდაცია არის ხელის დაბანა. ამებიაზი, სალმონელოზი, დეზიტენრია, როტავირუსი და სხვა ნაწლავური ინფექციების პრევენციისთვის აუცილებელია ხშირი ხელის ბანა. ადამიანი ყველაზე მარტივად სწორედ ჭუჭყიანი ხელებით ინფიცირდება. ძირითადად ჭუჭყიანი ხელით გადადის ნებისმიერი მიკრობი და სხვადასხვა ვირუსული, ნაწლავური ინფექციები. ხშირად მოგვმართავენ პაციენტები ნაწლავური ინფექციებით. ზაფხულში განსაკუთრებით როტავირუსი იყო გავრცელებული, რისი თავიდან აცილებაც ხელების ხშირი დაბანით შეგვიძლია. ჭუჭყიანი ხელები ერთერთი მიზეზია დიზენტერიის, მუცლის ტიფის და ჭიებით დაავადების.”
კანი, ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოა, რომელიც ნივთიერებათა ცვლის პროცესებში მონაწილეობს, არეგულირებს სხეულის ტემპარატურას და სეკრეტორულ (გამომყოფ) ფუნქციას ასრულებს. კანის ფორებით ორგანიზმიდან დიდი ოდენობით ტოქსინი გამოიყოფა. იმუნური სისტემის მუშაობას კანისა და კანქვეშა ქსოვილის ჯანსაღი ფუნქციონირება განსაზღვრავს, ამიტომ კანის ჰიგიენას განსაკუთრებული ყურადღება უნა მიექცეს.
სოფო ორი შვილის დედაა და შვილების პირადი ჰიგიენის დაცვას დიდ მნიშვნელობა ანიჭებს:
“ხელების დაბანა ჩემი შვილებისთვის რუტინაა, ჩემი ბიჭი 5 წლისაა და სახლში შესვლის შემდეგ პირველი, რასაც აკეთებს ხელს იბანს. თავისი საპონი აქვს და იცის, რომ ეს არის აუცილებელი. ეს არის ჩვეულებრივი ჰიგიენის ნორმა, რომელიც ბავშვმა უნდა დაიცვას და პატარაობიდანვე უნდა ვასწავლოთ. ჩემი გოგო წლის და 7 თვისაა და ხშირად იმეორებს იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ძალიან ხშირად, როდესაც თავის ძმას დაინახავს ბაღიდან მოსულს, როგორ შედის აბაზანაში ხელების დასაბანად, ისიც მიჰყვება. ეს ქცევად უნდა ჩამოვუყალიბოთ ბავშვებს. რასაც ვასწავლით ისე იქცევიან. აუცილებელია ხელების დაბანა ბაღიდან მოსვლის შემდეგ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყოველი ჭამის წინ. ამაში რაიმე განსაკუთრებული არ არის. ბავშვები ყველაფერს ხელს ჰკიდებენ და მერე პირში მიაქვთ. ათასი ბაქტერია გროვდება და ძალიან სახიფათოა. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და დიდი ყურადღების მიქცევა სჭირდება.”
დღეს ხელების დაბანის საერთაშორისო დღეა, მსოფლიო ამ დღეს 2008 წლის 15 ოქტომბრიდან აღნიშნავს და მისი მთავარი მიზანი მოსახლეობაში ხელების საპნით დაბანის კულტურის ხელშეწყობა, ჩამოყალიბება და ჰიგიენის დაცვის მხრივ არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ამ დღეს თემატურ ღონისძიებებს სხვადასხვა ქვეყნებში აწყობენ სტუდენტები, მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები და ოჯახები. საქართველოში პირველად 2009 წელს აღინიშნა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს მოსახლეობა, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმირებულია პირადი ჰიგიენის დაცვის აუცილებლობის შესახებ და საკითხისადმი დადებითი დამოკიდებულება აქვს, ჰიგიენურ ნორმებს ხშირად არ იცავს. ეს განსაკუთრებით უმცროსი ასაკის ბავშვებს ეხება.
ასევე აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ყოველწლიურად ასობით მილიონი პაციენტი ავადდება საავადმყოფოსშინა ინფექციებით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებულi კვლევების მიხედვით, საავადმყოფოსშინა ინფექციებით ავადობის მაჩვენებელი საგრძნობლად მაღალია განვითარებად ქვეყნებში. ამ ინფექციების პრევენცია კი ხელების სათანადო ჰიგიენითაა შესაძლებელი. აუცილებელია, ჯანდაცვის მუშაკებმა საჭირო დროს და სათანადოდ იბანონ ხელები.
შეგახსენებთ ხელების სწორად დაბანის წესებს, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა ბავშვობიდანვე იცის, მაგრამ ერთია ცოდნა, მეორე – ამ ცოდნის გამოყენება:
დავისველოთ ხელები გამდინარე წყლით;
გავისაპნოთ ისე, რომ საპნის ქაფით მთლიანად დაიფაროს მტევნები, ხელის გულები, ხელის ზურგები, თითებს შორის არეეები, ფრჩხილების ირგვლივ მიდამოები და მაჯები;
დაახლოებით 20 წამის განმავლობაში კარგად ავიქაფოთ საპონი, შემდეგ ჩამოვიბანოთ ხელები გამდინარე წყლით, ისე რომ საპონი მთლიანად მოგვცილდეს;
ხელების დაბანას 40-60 წამი მაინც უნდა დავუთმოთ;
თუ გამდინარე სუფთა წყალზე ხელი არ მიგიწვდებათ და ხელების დაბანას ვერ ახერხებთ, შეიძლება ჰიგიენური საშუალელბების გამოყენებაც.
თიკო დემეტრაძე – მშობელი:
“ვფიქრობ, ბავშვის განვითარებაში არსებობს გარკვეული მომენტი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენო, თუ აღნიშნულ მომენტს არ გაუშვებ ხელიდან, ესა თუ ის მოქმედება ხანგრძლივად ჩაებეჭდება მას გონებაში. პირადი ჰიგიენა, ხელების დაბანა, დღის რეჟიმის გარკვეულ რიტუალად უნდა იქცეს. ამას ვცდილობ ადრეული ასაკიდან და სხვათა შორის შედეგიც კარგია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ჩვენთვის, მით უმეტეს, როდესაც ვირუსული და ინფექციური დაავადებები ასეთი გახშირებულია. თუკი ბავშვისთვის გასაგები ენით იქნება მიწოდებული და ახსნილი გარკვეული მიზეზები ხელების დაბანის აუცილებლობის, შედეგიც არ დააყოვნებს”.
ექსპერტების მონაცემებით, ყოველდღიურად, მხოლოდ დიარეით, რომელსაც “ჭუჭყიანი ხელების” დაავადებასაც უწოდებენ, მშოფლიოში 5 000 ბავშვი იღუპება. აცულებელია მშობლებმა აუხსნან ბავშვებს, რომ ხელების დაბანა უბრალოდ აუცილებელია: შინ შესვლისთანავე , საიდანაც არ უნდა მოვდიოდეთ, ჭამის წინ და ჭამის შემდეგ, ტუალეტით სარგებლობის შემდეგ, ცხვირის მოწმენდის, ცემინების და დახველების შემდეგ, ნაგავთან შეხების შემდეგ , ცხოველებთან კონტაქტის შემდეგ. ამ მარტივმა ჰიგიენურმა პროცედურამ ყოველდღიურად შეიძლება ათასობით ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინოს.
რეგულარულად ხელების დაბანა არა მხოლოდ ვირუსების და ინფექციებისგან გვიცავს, არამედ ჩვენს ცხოვრებას უფრო კომფორტულს, სასიამოვნოს და უსაფრთხოს ხდის.