საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა რუსეთთან ორი განსხვავებული ტაიმი ითამაშა, თუმცა საბოლოოდ მაინც კაი გვარიანი სხვაობით წაგებული დარჩა: 94:62.
ორი წამყვანი კალათბურთელის – ზაზა ფაჩულიასა და მანუჩარ მარკოიშვილის გარეშე მყოფმა საქართველოს ნაკრებმა მოსკოვში, თითქმის სავსე „ხიმკის“ დარბაზში ოპტიმალური შემადგენლობით მყოფ რუსეთს პირველი პერიოდი 25:17 მოუგო, ხოლო დიდი შესვენებისთვის ორ ქულას აგებდა. შესანიშნავად ჩატარებული პირველი ნახევრის შემდეგ, ილიას ზუროსის გაწვრთნილმა ქართველებმა მესამე პერიოდი ჩააგდეს, რასაც ძირითადი გამთამაშებლის, გიორგი ცინცაძის ტრავმა დაერთო და საბოლოოდ მასპინძლებმა დიდი სხვაობით – 94:62 წააგეს.
ილიას ზუროსი სულ იმეორებს, რომ მოსამზადებელ მატჩებში დამარცხება არაფერს ნიშნავს. ამგვარ მატჩებში დანახული ხარვეზების აღმოფხვრაა მთავარი და ამ მხრივ, ილიას ზუროსისთვისა და მისი სამწვრთნელი შტაბისთვის ძალიან სასარგებლო იყო აღნიშნული შეხვედრა. ოფიციალურ მატჩებამდე კიდევ 7 მატჩია დარჩენილი.
ერთ-ერთი კომპონენტი შორი სროლებია. რუსებმა 14 სამქულიანი ჩაგვიგდეს, საქართველოს 14 სამქულიანი იშვიათად თუ მიუღია. რუსებს, როცა უიმედოდ აგებდნენ, შვებად სწორედ შორი სროლები გამოუჩნდათ.
რუსეთს ქართველები კიდევ შეხვდებიან – თბილისის მერიის ტურნირზე, 14 აგვისტოს და იმ მატჩში ჩვენებს ზაზა ფაჩულია ეყოლებათ.
საქართველოს ნაკრები თბილისში დაბრუნდა.
რუსეთი 94:62 საქართველო
ამხანაგური მატჩი. მოსკოვი
17:25, 22:12, 30:12, 25:13


