სოხუმის მიტოვებული სახლები და ყოფილი სანატორიუმები – ეს ის ადგილებია, სადაც ჩრდილოეთ კორეელი დასაქმებულები ოკუპირებული აფხაზეთის ცენტრში ღამეს ათევენ.
„ყოველ დილით, ვიდრე მზე შავი ზღვის სანაპიროებს გაათბობს, ჩრდილო კორეელთა ჯგუფები ცელოფნის ჩანთებში გახვეული სადილით, სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად მიეშურებიან“, – ამ სიტყვებით იწყებს ვრცელ სტატიას ცნობილი ამერიკული გამოცემა Washington Post , რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ჩრდილოეთ კორეელების დასაქმებაზე წერს.
სტატიაში ვრცლად არის აღწერილი სოხუმში არსებული ამჟამინდელი პოლიტიკური სიტუაცია და ხაზგასმულია, რომ მიუხედავად აფხაზეთის მცდელობისა თავი დამოუკიდებელ „სახელმწიფოდ“ წარმოაჩინოს – ის რუსეთის მიერ მართულია და აქ რუსული გავლენა ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა.
ამერიკული გამოცემა რუსეთ – ჩრდილოეთ კორეის პოლიტიკურ ურთიერთობებზეც ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ კრემლის მიზანი ჩრდილო კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის კეთილგანწყობის შენარჩუნებაა, რისთვისაც ჩრდილოეთ კორეელებს ეხმარება ქვეყნის გარეთ დასაქმებაში და ამ გზით, ოჯახების შენახვაში. როგორც Washington Post განმარტავს, სწორედ ამ მიზანს ემსახურება 400-მდე კორეელისთვის სამუშაოს მიცემა აფხაზეთში. აღსანიშნავია, რომ ისინი, ძირითადად, მშენებლობებზე არიან დასაქმებულები.