საქართველოს ეროვნული ნაკრები ეროვბასკეტ 2017-ის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადებას განაგრძობს. ილიას ზუროსის თბილისში 8 აგვისტოს დაბრუნდა და ვარჯიში სპორტის სასახლეში განაგრძო, სადაც თბილისის მერიის ტურნირი და ევროსაკვალიფიკაციო მატჩები გაიმართება.
ჩვენმა ნაკრებმა 16 ივლისიდან 3 აგვისტომდე საწვრთნელი შეკრება სლოვენიის დაბა პოდჩეტრტეკში გაიარა. პირველი საკონტროლო მატჩი ქართველებმა სლოვენიაში, პორტუგალიასთან გამართეს, რომელიც 90:71 დაამარცხეს. სლოვენიიდან გუნდი მოსკოვში გაემგზავრა, სადაც ბელარუსთან და რუსეთის ეროვნულ ნაკრებებთან ამხანაგური მატჩები გამართა. მოსკოვიდან თბილისში დაბრუნებულ საქართველოს ნაკრებს გუნდის კაპიტანი, ზაზა ფაჩულია შეუერთდა. ერთადერთი დანაკლისი, რომელიც ზუროსის გუნდს ჰყავს, მანუჩარ მარკოიშვილია, რომელმაც ტრავმა ბოლომდე ჯერ ვერ მოირჩინა, თუმცა არსებობს მცირე შანსი, რომ ის ეროვნულ გუნდს საკვალიფიკაციო მატჩებისთვის შეუერთდება.
ევროსაკვალიფიკაციო მატჩებისთვის მომზადების კუთხით საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანია თბილისის მერიის თასი, რომელიც ტრადიციული საერთაშორისო ტურნირია და წლეულს 12-14 აგვისტოს ჩატარდება. ჩვენს ნაკრებთან ერთად მერიის თასში მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის, უკრაინისა და ჰოლანდიის ნაკრებები.
თბილსიის მერიის თასის მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაწყებულია, რომელთა შეძენა შესაძლებელია როგორც სალაროებში, ისე – ონლაინ.
საღამოს ვარჯიშის შემდეგ ეროვნული ნაკრების წევრებს ჟურნალისტები და გულშემატკივრები შეხვდნენ:
ილიას ზუროსი:
– მზადება სლოვენიაში დავიწყეთ, იქვე ჩავატარეთ ერთი საკონტროლო მატჩი პორტუგალიის წინააღმდეგ. სლოვენიიდან მოსკოვში გავემგზავრეთ და ორ ამხანაგურ შეხვედრაში კიდევ უკეთ გამოჩნდა ჩვენი მომზადების დონე. დავინახეთ, რომ ბევრი გვაქვს სამუშაო როგორც დაცვის, ასევე შეტევის სრულყოფაზე. ახლა თბილისში ვართ და მზადების ახალ ეტაპს ვიწყებთ. ჰოლანდიასთან, უკრაინასთან და რუსეთთან მატჩები ძალიან გამოგვადგება ოფიციალური შეხვედრების წინ.
ზაზა ფაჩულია:
– თბილისის საერთაშორისო ტურნირს ჩვენთვის სულ სხვა დატვირთვა აქვს, გარდა იმისა, რომ ჩვენი პლუს-მინუსები უნდა დავინახოთ, თბილისში პირველად ვხვდებით ქართველ გულშემატკივარს. საქართველოში მწვრთნელები მყავდა ჩამოყვანილი და ინდივიდუალურად ვემზადებოდი. გუნდთან შესათამაშებლად ვარჯიშებია საჭირო და ვიმედოვნებ, რამდენიმე დღეში სრულყოფილად შევძლებ სისტემის გაცნობასაც, მასთან მორგებასაც. აქამდე ჩატარებული საქართველოს ნაკრების სამივე მატჩი ვნახე. სასიამოვნოა, რომ პორტუგალიასაც და ბელარუსსაც დამაჯერებლად ვაჯობეთ. რუსეთი კი ჩვენზე გამოცდილი გუნდია, თანაბარი ძალის 12 კალათბურთელი ჰყავს…