LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა ნოზაძის ახალი ალბომის პრეზენტაცია თბილისში 19 ოქტომბერს გაიმართება

1065
zaza-nozadze-news-2121211

2018 წლის დეკემბერში, ზაზა ნოზაძემ (იგივე Sf-x) გამოსცა სადებიუტო ალბომი, სახელწოდებით „თბილისიდან”.

რეპერს მთელი ზაფხულის განმავლობაში ჰქონდა პირველი ტურნე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ყოველ კვირას, თბილისს მიღმა ხვდებოდა თავისი მუსიკის მსმენელს და ცოცხლად ასრულებდა კომპოზიციებს ალბომიდან.

19 ოქტომბერს ახალგახსნილ კლუბში, სახელწოდებით – Space იგეგმება ზაზა ნოზაძის ახალი ალბომის პრეზენტაცია. რეპერი მსმენელის წინაშე შეასრულებს თავის ძველ კომპოზიციებსაც.

ზაზა, ამ ალბომის შესახებ მოგვიყევი…

ალბომის ჩაწერას 2006 წლიდან ვგეგმავ, თუმცა მინდოდა, ამისთვის მზად ვყოფილიყავი. 2015 წელს ამ წერტილამდე მივედი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო პერსპექტივა არ ჩანდა, რომ ალბომის ჩაწერას შევძლებდი. საბოლოოდ, 2018 წელს, დაახლოებით თვენახევარში, ჩავწერე 23-კომპოზიციანი 2 დისკი. ვიმუშავე ხმის ჩამწერ სტუდიაში HaruTune Production.

ვინაიდან ეს ჩემი პირველი ალბომია, მაქსიმალურად ვცადე ფოკუსირება საკუთარ თავსა და გარემოზე, სადაც  ვცხოვრობ, რას ვფიქრობ, რა მწყინს, რა მიხარია და ზოგად დამოკიდებულებებზე ყველაფრის მიმართ. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ალბომის მოსმენის მერე, სიამოვნების გარდა, მიიღებთ ჩემს სრულ პორტრეტს.

გამოვუშვით 500 დისკი, რომელიც დაახლოებით 1 თვეში ბოლომდე გაიყიდა. ბევრად დიდი ნაწილი – ონლაინში. შემდეგ კი გაჩნდა ტურის იდეა, რომელიც საკუთარი შესაძლებლობებით განვახორციელეთ და ვფიქრობ, ძალიან მაგრად. მით უმეტეს პირველი ეტაპისათვის.

როგორ შეგხვდა მსმენელი?

ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში სიახლე არ უყვართ და ჰიპ-ჰოპი ქართული კულტურა არ არის, ძალიან რთულია ამ გზით ადვილად თავის დამკვიდრება. შესაბამისად, ძალიან ვნერვიულობდი, როცა ჩემი მუსიკა გასცდა თბილისს და… მსმენელი ისე შემხვდა უკლებლივ ყველგან, თამამად ვიტყვი, რომ ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი ზაფხული მქონდა! 11 სხვადასხვა ქალაქში შევძელით ლაივების გაკეთება და ყველა კონცერტს საოცრად ვიხსენებ.  უდიდესი სტიმული იყო ეს ტურნე, რადგან 100%ით დავრწმუნდი, რომ შესაძლებელია, ქართველი ნებისმიერ წერტილში უსმენდეს, უყვარდეს, ერთობოდეს ქართული ჰიპ-ჰოპის ფონზე. მთავარია რამდენად ქართულად და რამდენად გულწრფელად აკეთებ ამას. ხოლო ის შეხედულებები, რომ თითქოს ქართული ენა არ უხდება ჰიპ-ჰოპს და ეგეთი მოგონილი რაღაცები დავამსხვრიე არა მარტო ჩემ თავთან, არამედ ბევრის გადმოსახედიდან და ბოლომდეც დავამსხვრევ. ფაქტი ერთია, ვიღაცები უხდენენ, ვიღაცები ვერა.

რა მოხდება თბილისურ კონცერტზე?

რაც შეეხება თბილისს, რაც  უფრო ახლოვდება 19 ოქტომბერი, მით იმატებს მღელვარება, რადგანაც ვგეგმავ საუკეთესო ლაივს, რაც კი როდესმე მქონია. სწორედ ესაა გეგმა და ასეც იქნება. მით უმეტეს, დიდი ხანია, ჩემს ქალაქში არაფერი გამიმართავს და მონატრებული მოველი ჩემს თბილისელ მსმენელს. ვემზადები ყველანაირად, როგორც ტექნიკური, ასევე შემოქმედებითი თვალსაზრისით, რომ მსმენელს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნა ყოველმხრივ. ეს ყველაფერი დაგეგმილი გვაქვს ახალგახსნილ კლუბში, სახელწოდებით – Space.

შესრულებული იქნება არა მხოლოდ ტრეკები ალბომიდან, არამედ იქნება ჩემი ძველი კომპოზიციებიც, ლაივს ექნება პერფორმანსის სახე და თუ რა მხრივ, ამას სიურპრიზად დავტოვებ. ასევე, შემომიერთდებიან Qseli 56 და მეგობრები: Ras Green, Cas, Goofy. მოკლედ, იმ საღამოზე მოდიხართ, რომელიც სულ გემახსოვრებათ!

რაიმე სიახლეს კიდევ უნდა ველოდოთ შენგან?

ამ ეტაპზე ვმუშაობთ „ქსელის” ალბომზე და შემდეგი ნაბიჯიც, სავარაუდოდ, ქსელის ახალი ვიდეოკლიპი იქნება.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g