ბათუმში უამინდობისა და ძლიერი ქარის შედეგად 26 მაისისა და გიორგი ბრწყინვალის ქუჩების კვეთაში კიპარისის ხე წაიქცა, თაბუკაშვილის 18-ში დაზიანდა პალმა, ინასარიძისა და კობალაძის ქუჩების კვეთაში ქარმა წააქცია ნაძვის ხე, – ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურმა ხე-მცენარეები დაამუშავა და გადაიტანა მერიის საწყობში. ბათუმის მერის გიორგი ერმაკოვის განცხადებით, უამინდობის გამო დატბორილი ეზოებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინარეობს.
“მერიის ყველა სამსახური მობილიზებულია, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. წყალდიდობის შედეგად დაიტბორა რამდენიმე ქუჩა. რაც შეეხება წყალგამტარ მილებს, მათ წყალის გამტარუნარიანობა შენარჩუნებული აქვთ. ამ ეტაპზე დატბორილი ეზოებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინარეობს”, – აღნიშნა გიორგი ერმაკოვმა.
უხვი ნალექის გამო, აიმღვრა მდინარეები: ჩაქვისწყალი, ლეჩა და ყოროლისწყალი, რის გამოც სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდა ე.წ. „ძველი ქსელის“ აბონენტებს: დაბა ჩაქვის, მახინჯაურის, განთიადის, თამარის და ბარცხანის მცხოვრებლებს, ასევე მაიაკოვსკის, ფაღავას და ნინოშვილის ქუჩებს.