პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში დ. აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროცესი დასასრულს უახლოვდება.
სამუშაო პროცესი 3 ძირითად სამუშაო მიმართულებას მოიცავს: შენობების აღდგენა-განახლება; კომუნიკაციების შეცვლა-ახლის მოწყობა; გამზირის კეთილმოწყობა.
შენობებზე სამუშაოების დიდი ნაწილი, დასრულებულია. მიმდინარეობს კომერციული და საცხოვრებელი ფართების იმ ნაწილების სარემონტო სამუშაოები, რომლებიც საჭიროებს აღდგენას შენობების კონსტრუქციული გამაგრების აუცილებლობიდან გამომდინარე. სამუშაოები განხორციელდა, წინასწარ მომზადებული პროექტების მიხედვით, საავტორო ზედამხედველობით და არქიტექტორების მონაწილეობით.
45 შენობიდან, რომლებზეც მიმდინარეობს სამუშაოები, 38 ისტორიულ-კულტურული ძეგლია, რომლებსაც ისტორული იერსახე შეუნარჩუნდათ.
5 თებერვლიდან დღემდე განხორციელდა შემდეგი სამუშაოები:
- შენობების შესწავლა ადგილზე (დაზიანებული ნაწილების გახსნა-დემონტაჟი)
- შენობების კონსტრუქციული გამაგრება
- შენობების ზედაპირების რელიეფური ლესვა (ქვიშა-ცემენტის, გაჯის და კირის ხსნარებით)
- დეკორატიული ელემენტების აღდგენა-რესტავრაცია და ახალი, არსებულის ანალოგიური ნაძერწი ორნამენტების დამზადება-მონტაჟი (რომელთა შენარჩუნება ვერ მოხერხდა)
- შენობების სახურავების შეცვლა-აღდგენა
- წყლის გადაყვანის სისტემის მოწყობა (საცრემლეები, წვიმის სატარი მილები და ღარები)
- ხის ნაკეთობების აღდგენა-რესტავრაცია და ახლის დამზადება-მონტაჟი (ხის ჭვირულიაივნები, ფანჯრები, ხის კარები, დარაბები, წინფრები და ა.შ.)
- შენობების ნაწილზე სადარბაზოების, მათ შორის ისტორიული სადარბაზოების აღდგენა
- ლითონის ჭედური ნაკეთობების რესტავრაცია და ახლის დამზადება-მონტაჟი
- ფასადზე ისტორიული მხატვრობების აღდგენა
შენობების დიდ ნაწილზე აღშნიშნული სამუშაოები დასრულებულია, დარჩენილი სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დასრულდება. წლის ბოლომდე დასრულდება ყველა ის დამატებითი სამუშაოც, რომლებიც უკავშირდება განსაკუთრებით ავარიულ მდგომარეობაში მყოფი შენობების დემონტაჟს და ახლის მშენებლობას.