LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალიდან ქვეყანაში თუთუნი ორჯერ უფრო ძვირი ეღირება

300
smoke232343

„ხვალიდან თუთუნის ფასი გაორმაგდება – გაძვირება უკვე დაწყებულია“ – ამ სათაურით სტატიას გაზეთი „რეზონანსი“ ქვეყნებს, რომელიც გაძვირების მიზეზებზე წერს და ამბობს, რომ მიზეზი ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც როგორც აქციზიც, ასევე ადვალური გადასახადიც შესახვევ თამბაქოზე გაიზრდება.

„ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება ბიუჯეტში 175 მლნ ლარით შემცირებული აქციზის გადასახადის გამო მიიღო, თუმცა სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ დანაკლისი უფრო მეტად კონტრაბანდის შედეგია, რომელიც კიდევ გაიზრდება“, – წერს „რეზონანსი“.

21 ნოემბრიდან ე.წ. შესახვევ თამბაქოზე (თუთუნი) და თამბაქოს ნედლეულზე აქციზის გაზრდილი განაკვეთი ამოქმედდება. ეს ნიშნავს, რომ 1 კგ თამბაქოს ნაწარმი, დღეს მოქმედი 35 ლარის ნაცვლად, 60 ლარით დაიბეგრება. ცვლილება უფილტრო სიგარეტზე ადვალური გადასახადის 30%-მდე ზრდასაც ითვალისწინებს. ამ ცვლილების შედეგად თამბაქოს ნაწარმზე ფასები კვლავ მოიმატებს და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. თუთუნი, რომელიც 70 ლარი ღირდა (1 კგ), დღეს უკვე 110 ლარი ღირს, კვირის ბოლომდე კი ფასი უფრო გაიზრდება.

ამ დროისთვის ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტი ფიქსირებულის ნაწილში თანაბარი განაკვეთით, 1,7 ლარით იბეგრება, ხოლო ადვალურის ნაწილში კი – ფილტრიანი 30%-ით და უფილტრო 10%-ით.

შეგახსენებთ, აქციზის განაკვეთი ბოლო 2 წლის განმავლობაში რამდენჯერმე გაიზარდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მოწევის შემცირების აუცილებლობით ახსნა, თუმცა ამ რეგულაციას შედეგი არ მოუტანია. მწეველთა დიდი ნაწილი დაბალი ხარისხის ე.წ. გასახვევი თამბაქოს მოხმარებაზე გადავიდა, რომელიც ქვეყანაში დაუბეგრავად შემოდის. შესაბამისად, შემცირდა აქციზის გადასახადიდან მისაღები შემოსავლები – 2019 წლის 9 თვის მონაცემებით, ბიუჯეტში ამ გადასახადის სახით დაგეგმილზე 175 მილიონი ლარით ნაკლები თანხა შევიდა. ამგვარი შედეგის გამო, მთავრობა გასახვევი თამბაქოს დაბეგვრის გადაწყვეტილებამდეც მივიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g