თბილისის ისტორიული უბანი აღდგენილია. დავით აღმაშენებლის რეაბილიტირებული გამზირი, მასშტაბური პროექტის, „ახალი ტფილისის“ პირველი პროექტია, რომელიც ოფიციალურად გაიხსნა.
პირვანდელი სახით 47 ისტორიული შენობა აღდგა, რომელთა შორის 38 – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
გამზირზე მთლიანად შეიცვალა და აღდგა შენობების სახურავები, შენობა-ნაგებობები კონსტრუქციულად გამაგრდა, შენობების ფასადები და მათზე არსებული ისტორიული ორნამენტები კი ავთენტური იერსახით აღდგა.
ისტორიულ სადარბაზოებს, ძველებურ აივნებს, კარებს და ჭიშკრებს სრული რესტავრაცია ჩაუტარდა. შენობების ვიტრაჟები და კარ-ფანჯარა მაღალი ხარისხის მასალით შეიცვალა. აღდგა რეაბილიტაციის პროცესში სადარბაზოებსა და ფასადებზე აღმოჩენილი მხატვრობები და ისტორიული წარწერები, განხორციელდა ეზოების კეთილმოწყობა.
გამზირზე საკომუნიკაციო სისტემა – გაზის, წყლის, საკანალიზაციო მილები, ინტერნეტ და სუსტი ელექტროქსელები მთლიანად შეიცვალა. მოეწყო სადრენაჟე და სანიაღვრე სისტემა, რომლის არარსებობის გამოც შენობების კონსტრუქციულ მდგრადობას საფრთხე ექმნებოდა.
დავით აღმაშენებლის რეაბილიტირებული გამზირის ნაწილი საფეხმავლო გახდა.
კეთილმოწყობის სამუშაოებთან ერთად, გამზირზე, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა, დაიგო სხვადასხვა სახეობის ქვაფენილი და მოეწყო გზის საფარი. გამწვანდა ტერიტორია, კერძოდ, N59 შენობის კედელზე მოეწყო ვერტიკალური ბაღი, დაირგო ხეები, კეთილმოეწყო სკვერები, ფასადები გაფორმდა დეკორატიული ყვავილებით.
პროექტის ფარგლებში 1 200 – მდე ადამიანი დასაქმდა. პროექტის „ახალი ტფილისის“ 1 ეტაპის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 30 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.
2017 წელს, „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, მშრალი ხიდის, ორბელიანის მოედნის და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია განხორციელდება.