8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტის ახალი შემადგენლობის ნაწილი არჩეული იქნება პროპორციული, ხოლო მეორე ნაწილი – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, ამის შესახებ რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” წარმომადგენელმა, ელენე ნიჟარაძემ, განაცხადა. მან საარჩევნო პროცედურები განმარტა და აღნიშნა, რომ 73 დეპუტატი მაჟორიტარული, ხოლო 77 – პროპორციული სისტემით აირჩევა.
“პროპორციული არჩევნების შემთხვევაში, მეორე ტური არ ინიშნება და პარლამენტში ის პარტიები მოხვდებიან, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ. რაც ეხება მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას, თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს 50%+1 ხმას, მაშინ დაინიშნება მეორე ტური, სადაც საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი გადავა და ამ ორს შორის მოუწევს მოსახლეობას არჩევანის გაკეთება” – განაცხადა ელენე ნიჟარაძემ.
იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტურის ჩატარება საჭირო არ გახდება, ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგებს შეაჯამებს არაუგვიანეს მე-19 დღისა, რაც 27 ოქტომბერი გამოდის. ხოლო თუ მეორე ტური დაინიშნება, მაშინ მეორე ტურის დანიშვნიდან ასევე არაუგვიანეს მე-19 დღისა, უნდა შეჯამდეს არჩევნების შედეგები. როგორც ელენე ნიჟარაძემ განმარტა, თუ ცესკო გამოიყენებს მაქსიმალურ ვადებს, ახალი პარლამენტი საქართველოს, დაახლოებით, ნოემმბრის ბოლოს ეყოლება.