14 ოქტომბერს, ოპერისა და ბალეთის თეატრში, კლასიკური მუსიკის ახალ ვარსკვლავთან შეხვედრა გელით. 15 წლის პიანისტი და კომპოზიტორი სანდრო ნებიერიძე, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად კონცერტს გამართავს. საერთაშორისო მუსიკალურმა საზოგადოებამ ახალგაზრდა მუსიკოსს დიდი წარმატება უწინასწარმეტყველა. ის უკვე არაერთი მუსიკალური კონკურსის გამარჯვებულია.
კონცერტზე შესრულდება მისივე საფორტეპიანო კონცერტის პრემიერა. აგრეთვე აჟღერდება დმიტრი შოსტაკოვიჩის ერთ-ერთი შედევრი, სიმფონია ნომერი ათი. კონცერტს უდირიჟორებს ისრაელის სახელმწიფო კამერული ორკესტრის ხელმძღვანელი, არიელ ცუკერმანი, რომელიც თბილისს საგანგებოდ ამ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის ეწვევა.
კონცერტის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ხელოვანთა კავშირი „კონცეპტ არტი“ და კომპანია „ბადაგონი“. საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფენ: „რუსთავი 2“, რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“, მედიაჰოლდინგი „პალიტრა“ და საინფორმაციო ცენტრი 11808.
ბილეთების ფასებია: 10, 15, 20, 25, 30, 35 და 40 ლარი.