LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი მითები ორსულობის შესახებ – გინეკოლოგის რჩევები

3652

ცნობილი გინეკოლოგი ლიკა ლუაშვილი ორსულობასთან დაკავშირებით ისეთ რჩევებს გვიზიარებს, რომლებიც ქალებისთვის ძალიან საინტერესო იქნება. ქალბატონ ლიკას ვკითხეთ იმ მითების შესახებ, რომლებიც ორსულობას უკავშირდება, მაგალითად, შეიძლება თუ არა ლაზერის გაკეთება, სოლარიუმში სიარული და თმის შეღებვა, ასევე მძიმეს აწევა ფეხმძიმე ქალბატონებისთვის და როგორ უნდა მოვემზადოთ ორსულობისთვის.

ლიკა ლუაშვილი:

გაინტერესებთ, რა შემთხვევაში უნდა მიმართოს ქალმა გინეკოლოგს? აუცილებელია, ქალმა სპეციალისტს წელიწადში ერთხელ მაინც მიმართოს, კონტროლის მიზნით, (პაპტესტი, კოლპოსკოპიური კვლევა). ეს ეხება სქესობრივი აქტივობის მქონე ქალბატონებს, განსაკუთრებით 24 წლის ზემოთ, რადგან გაზრდილია საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების მაჩვენებელი. გინეკოლოგთან მისასვლელად ბევრი სიმპტომი შეიძლება დავასახელოთ: ტკივილი, სისხლდენა, დისკომფორტი ჭარბი გამონადენის სახით და ა.შ.

რამდენად მოქმედებს ნაყოფზე ორსული ქალის სტრესული მდგომარეობა?

რა თქმა უნდა, არასასურველად მოქმედებს ნაყოფზე. გააჩნია, სტრესსაც, ასეთად შეიძლება განვიხილოთ არასწორი ცხოვრების წესი და კვების რეჟიმიც. თუკი ქალს სერიოზული სანერვიულო შეხვდება, ასეთ დროს ჰორმონების ისეთი გადაჯგუფება ხდება, შესაძლოა, სავალალო შედეგი მოუტანოს ნაყოფს, მაგალითად, გულისცემის შეჩერება. ძლიერი სტრესის ფონზე ასეთი შედეგი შეიძლება დადგეს…

მინდა გკითხოთ იმ მითებზე, რომლებიც ორსულობასთან დაკავშირებით არსებობს. მაგალითად, ორსულობისას ლაზერის გაკეთება არ შეიძლებაო…

სხეულის ზონას გააჩნია, სადაც ტარდება მანიპულაცია. მოგეხსენებათ, ლაზერის დროს სხივი იშლება და იმატებს სითბური რეაქცია იმ ზონაზე, სადაც არასასურველი თმაა. შესაბამისად, მუცლის ქვემო არეში და ბოქვენის მიდამოებში ლაზერის გაკეთება არ შეიძლება. სახეზე ლაზერის გაკეთება კი გამორიცხულია, ნაყოფზე არასასურველად აისახოს. ამას ვერ ვიტყვით რადიაციულ გამოსხივებაზე, მაგალითად სოლარიუმზე და მზეზე ზედმეტი დოზით წოლაზე. ის, რასაც ჩვენთან გარუჯვას უწოდებენ, არანორმირებულ წოლას დღის 3 და 4 საათზე მზის სხივების ქვეშ, ორსულისთვის არ შეიძლება. სოლარიუმის გამოყენებამ, ორსულობის სხვადასხვა ტრიმესტრში, შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფის სხვადასხვა ანომალია.

თმის შეღებვა?..

არსებობს ისეთი საღებავები, რომლებიც არ არის გაჯერებული ნაყოფისთვის მავნე ქიმიური ნივთიერებებით. ასევე სასურველია, თუკი ფეხმძიმე ქალბატონი არ გამოიყენებს ამიაკიან საღებავს.

ორსულობისას მძიმეს აწევა შეიძლება?

გააჩნია, რამდენად მძიმეს ეწევა. ალბათ, გინახავთ, მეოთხე და მეხუთე ბავშვზე ორსული ქალები როგორ ზრდიან  და უვლიან შვილებს. შესაძლოა, მათი ხელში აყვანაც მოუწიოთ. თუმცა არსებობს პათოლოგიები, როცა არის ნაადრევი მშობიარობის საშიშროება, პლაცენტის წინ მდებარეობა, დაბალი პლაცენტაცია, ასეთ შემთხვევებში არ არის რეკომენდებული სიმძიმეების აწევა. ზოგადად, განსაკუთრებულად მძიმე ტვირთები არ უნდა ვაზიდინოთ ორსულებს. მსუბუქი ოჯახური საქმეების კეთება დასაშვებია, ისიც, ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის დროს.

ბევრი კამათია იმასთან დაკავშირებით, როდის უნდა გაკეთდეს და როდის არ უნდა გაკეთდეს საკეისრო კვეთა.

კვლევებსაც რომ არ დავეყრდნოთ, ფიზიოლოგიურ მშობიარობას ალტერნატივა არ აქვს. საკეისრო კვეთა, რასაკვირველია, ძალიან კარგია მაშინ, როცა სხვა გამოსავალი არ არსებობს და განსაკუთრებული აუცილებლობაა დედის ან ბავშვის სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე. ასეთი შემთხვევა არ არის იმდენი, რა პროცენტითაც კეთდება დღეს საქართველოში საკეისრო კვეთები. უცხოური გამოცდილებისგან განსხვავებით, ჩვენთან მაღალი პროცენტული მაჩვენებელი ბევრი ფაქტორითაც არის განპირობებული – მშობიარობის შიში, დედების არასათანადო განათლება, სამედიცინო საზოგადოების დაუცველობა და აქ ვგულისხმობ პრეტენზიებს, რომლებიც ექიმების მისამართით უჩნდებათ, ექიმი საქართველოში უფრო ფრთხილია, რისკებზე აღარ მიდის და ესეც განაპირობებს საკეისრო კვეთების მომრავლებას.

ბოლო დროს მოდური გახდა ქმრების დასწრება მშობიარობაზე, მამა რომ ბავშვს გულზე იწვენს, ამას მართლა აქვს მნიშვნელობა?

კანის კანთან კონტაქტი აუცილებელია დედასთან. როდესაც ახალშობილი ეკვრება დედის გულ-მკერდს და გრძნობს მის გულის ცემას, ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ მშვიდდება. ეს მეცნიერულად დადასტურებულია. როდესაც დედა არის უძლურ მდგომარეობაში, ვთქვათ, ნარკოზშია და არ შეუძლია ახალშობილთან ამგვარი კონტაქტი, ამ შემთხვევებშია რეკომენდებული მამის გულ-მკერდზე დაწვენა. ჩვენთან მოდად დამკვიდრდა, რომ მამამაც დაიწვინოს და ძირითადად, საკეისრო კვეთების დროს ამაზეა მოთხოვნილება. თუმცა დღეს საკეისრო კვეთები კეთდება ისეთი ფორმით, როცა დედას ღვიძავს და შეუძლია გულ-მკერდზე შვილის დაწვენა. საბოლოოდ, მშობლების გადასაწყვეტია, ვინ დაიწვენს პატარას გულზე (იღიმის).

როგორ უნდა მოემზადოს ქალი ორსულობისთვის?

სასურველია პრევენციული ღონისძიებების გატარება, კვლევების ჩატარება, გარკვეულ პათოლოგიებთან მიმართებაში. ასევე ცხოვრების რეჟიმის მოწესრიგებაა აუცილებელი. უნდა გააჯეროთ სხეული ფოლიუმის მჟავით, რომლებიც ტაბლეტების სახით იყიდება და დაორსულებამდე ორი თვით ადრე უნდა მიიღოთ, ასევე ორსულობის პირველ სამ თვეს 400 მგ-ის ოდენობით ყოველდღე. არსებობს სახელმწიფო პროგრამა, რომლითაც ორსულებზე უფასოდ გაიცემა ფოლიუმის მჟავა.

დაორსულებამდე სასურველია ვაქცინაციის ჩატარება გრიპზე. ეს ვაქცინა უვნებელია და დაიცავს ქალს ვირუსებისგან ფეხმძიმობის დროს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება ბევრ რისკს შეიცავს, მაგალითად, ნაადრევი მშობიარობის შესაძლებლობას.

რაც შეეხება მამაკაცებს, სასურველია, რომ ქალის დაფეხმძიმებამდე მათაც ჩაიტარონ კვლევები ინფექციურ პათოლოგიებზე და აარიდონ ქალბატონებს სხვადასხვა სნეულება.

ორსულობის დროს სექსუალური კავშირი…

არანაირი მეცნიერული დადასტურება არ არსებობს, როგორ ქმედებაშია ერთმანეთთან სექსუალური კონტაქტი და ორსულობა – ეს სასარგებლოა თუ მავნებელი. თუმცა, ცნობილია, რომ სავარაუდო მენსტრუაციის მოსვლის პერიოდებში, სასურველია სქესობრივი აქტისგან თავშეკავება. ასეთ დროს საშვილოსნო ისედაც ცდილობს შეკუმშვას, შეიძლება იყოს სისხლიანი გამონადენიც, ამიტომაც ვურჩევთ მგზავრობისგან, ფიზიკური დატვირთვისგან თავის არიდებას, ასევე სქესობრივი კავშირისგანაც.

ნინო მურღულია

magti 5g