სს “ელმავალმშენებელმა” ჩეხურ ”შკოდა ელექტრიკთან” ერთად ახალი ელმავალის პროექტი მოამზადა.
როგორც ”ფორტუნას” სს ”ელმავალმშენებელში” განუცხადეს, ახალი ელმავლები ადგილობრივი ბაზრისთვის დამზადდება. უფრო კონკრეტულად, კომპანია მონაწილეობას “საქართველოს რკინიგზის” მიერ გამოცხადებულ კონკურსში მიიღებს. ახალი ელმავლის პროექტიც სწორედ ამ მიზნით შემუშავდა.
როგორც სს ”ელმავალმშენებელში” განმარტავენ, დღეისათვის, დასრულებულია ასინქრონული წევის ამძრავიანი 8Е1А რვაღერძიანი მაგისტრალური ელმავლის საპროექტო და საკონსტრუქტორო დოკუმენტაციის შემუშავება, რომელიც განკუთვნილია სატვირთო მატარებლების 3 ათასი ვოლტის ძაბვის და 1520მმ ლიანდის სიფართის ელექტროფიცირებულ ხაზებზე სატარებლად. ელმავალს გააჩნია მაღალი წევის ძალა და 120 კმ/სთ საკონსტრუქციო სიჩქარე. 8Е1А შემუშავების პროცესში, სპეციალისტები ხელმძღვანელობდნენ შემდეგი პრინციპებით: თანამედროვე გადაწყვეტილებები ლოკომოტივის მშენებლობაში; უსაფრთხოების დონის ამაღლება; ტექნიკური მომსახურების და შეკეთების გამარტივება; საექსპლუატაციო ხარჯების შემცირება.
მათივე ინფორმაციით, ელმავალ 8E1A პროექტში „შკოდა ელექტრიკი“, სს ”ელმავალმშენებელთან” ერთად წარმოადგენს ძირითად შემსრულებელს. ”შკოდა ელექტრიკი” 8E1A ელმავლისთვის მიაწოდებს წევის ძრავებს, წევის გარდაქმნელებს, საკუთრი მოხმარების ამძრავების წრედების კვების კარადას, სწრაფმოქმედი ამომრთველის კარადას, ფილტრის დროსელების და საკუთარი მოხმარების ამძრავების ტრანსფორმატორების კომპლექტს, სამუხრუჭე რეზისტორებს გამაგრილებელი ვენტილატორით, წევის ძრავის გაგრილებისთვის განკუთვნილ ვენტილატორის აგრეგატებს, გამაგრილებელ კოშკს, კომპლექსურ მიკროპროცესორულ მართვის სისტემას და მონიტორს.
რაც შეეხება, ახალი დიზაინის ელმავლების ექსპორტს, თუ აღნიშნული პროექტი წარმატებული აღმოჩნდა, ეს ელმავლები აზერბაიჯანისა და უკრაინის ბაზრებზე გავა.
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით კი, ტენდერის დასრულების ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია. როგორც ”ფორტუნასთან” საუბრისას რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ აღნიშნა, ამ ეტაპზე კიდევ გრძელდება განაცხადების მიღება, კომპანიებს კი ტენდერში გამარჯვების თანაბარი შანსები აქვთ.
”საქართველოს რკინიგზამ უნდა შეიძინოს ლოკომოტივები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იმოძრავებს და ტვირთების გადაზიდვის მიმართულებით იმუშავებს”, – განმარტა ცაგურიამ.
შეგახსენებთ, თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა ერთ-ერთი მდიდარი ისტორიის და ტრადიციების საწარმოა საქართველოში, რომელიც მე-20 საუკუნის 30-იან წლებში დაარსდა, როგორც ლოკომოტივშემკეთებელი. პირველი ელმავალი მან 1957 წელს გამოუშვა. დღემდე სულ გამოშვებულია 4500-ზე მეტი ერთეული ელმავალი და 400 ერთეულზე მეტი სამრეწველო კოქსმქრობი ელმავალი, რომლებიც წარმატებით გადიან ექპსლუატაციას რუსეთისა და პოსტსოციალისტურ ქვეყნებში, კერძოდ, უკრაინის, ყაზახეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის, ჩინეთის, პაკისტანის, ირანის, ინდოეთის, ბულგარეთის, ფინეთის, ეგვიპტეს, ალჟირის და მსოფლიოს სხვა ქვეყნების სივრცეში.
„შკოდა ელექტრიკი“ კი შედის ”შკოდა ტრანსპორტეიშენის” ჯგუფში, რომელიც წარმოადგენს მსოფლიო ბრენდს. მისი პროდუქცია მიეწოდება მსოფლიოს 50-დე ქვეყანას. ”შკოდა ელექტრიკს” დიდი გამოცდილება აქვს წევის ინვენტორების, წევის ძრავების და დამხმარე დანადგარების ინვენტორების დაპროექტებასა და წარმოებაში, რომლებიც განკუთვნილია ელმავლებისათვის, ტრამვაისათვის, მეტროპოლიტენისათვის, ტროლეიბუსებისთვის, ელექტროავტობუსებისთვის, შახტისა და სხვა სპეციალური მანქანებისთვის. მისი ისტორია იწყება 1901 წლიდან.