LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველა ემიგრანტი გულით ვატარებთ სამშობლოს სიყვარულს” – კაკული და მიშელ გურიელაშვილები სიმღერის პრემიერით ,,არ დაიდარდოში”

66
kakuli-da-mishel-gurielashvili-ardaidardo

ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას ,,ღვინო, დუდუკი, ქალები”  მუსიკოსები კაკული და მიშელ გურიელაშვილები სტუმრობდნენ, რომელთაც რამდენიმე ახალი სიმღერა  წარმოადგინეს და საკუთარ შემოქმედებაზე ისაუბრეს.

– მიშელ, დიდი ხანია ისრაელში ხართ და ალბათ, ნოსტალგია არ გასვენებთ?

– მართალია, ისრაელში ხშირად ეწყობა ქართული საღამოები, მაგრამ მონატრება მაინც არავის გვასვენებს, რადგან საქართველოში დაბადებული ყველა ემიგრანტი გულით ვატარებთ სამშობლოს სიყვარულს.

– კაკული, რამდენად რთული იყო უცხო ქვეყანაში მუსიკალური კარიერის გაკეთება?

– რა თქმა უნდა, ახალ ჩასულებს ძალიან გაგვიჭირდა, რადგან განსხვავებული მენტალიტეტი გვქონდა და სულ სხვა ცხოვრებას ვიყავით ჩვეული, მაგრამ სწრაფად შევეჩვიეთ ახალ გარემოს. ყველაფრის თავიდან დაწყება, უცხოელებისთვის ქართული კულტურის გაცნობა მოგვიხდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩვენს დაწყებულს ახალგაზრდები უფრო აქტიურად გააგრძელებენ.

– მიშელ, თქვენს მუსიკალურ გვარს მამამ ჩაუყარა საფუძველი, რას ნიშნავს ოჯახური ტრადიციის გაგრძელება?

– ვფიქრობ, მთავარი საქმის სიყვარულია, რათა ღირსეულად გააგრძელო წინაპართა ტრადიციები და შვილებსაც ამაყად გადაულოცო.

– როგორ შეიქმნა სიმღერა „მიყვარხარ“?

– დიდხანს მქონდა ფრაზა „მინდა ყველამ იცოდეს, რომ მიყვარხარ, მიყვარხარ“ აჩემებული, ტექსტი კი, მამამ მოიფიქრა და სიმღერაც სწრაფად ჩავწერეთ.

– კაკული, რამდენადაც ვიცი, „ავჭალა“ საკმაოდ ძველი სიმღერაა. რატომ გადაწყვიტეთ მისი ჩაწერა?

– სიმღერა მართლაც ძველია, მისი ახალი ვერსიით ჩაწერის იდეა კი, ვახო ბიჭიკაშვლის ეკუთვნის, რომელმაც დუეტის ჩაწერა შემოგვთავაზა.

– სახალისო ისტორია შეემთხვა ტაქსის მძღოლს თელავივში, როცა თქვენს სიმღერას უსმენდა, მის მგზავრს კი, არ მოეწონა,

– მართლაც კურიოზული ისტორია იყო. თელავივის ერთ-ერთმა რადიოსადგურმა მთელი გადაცემა ქართულ სიმღერას დაუთმო და ჩვენც მიგვიწვია. რამდენიმე სიმღერა მორის ჯანაშვილთან, რამდენიმე კი, ჩემს ქალიშვილთან ერთად შევასრულეთ და ძალიან სასიამოვნო საღამო გამოგვივიდა. გადაცემას ადგილობრივი ტაქსის მძღოლი უსმენდა ზედმეტად ელეგანტურ ევროპელ მგზავრთან ერთად, რომელმაც ჩვენი გულღია, ლაზათიანი ნამღერი დაიწუნა და გამორთვა ითხოვა, მძღოლი კი, ისე გაბრაზდა, მანქანა გააჩერა და ტაქსიდან გადასვლა მოსთხოვა.

– რამდენადაც ვიცი, ძალიან საინტერესო ისტორია აქვს სიმღერას „მაპატიე ცრემლები“…

– სინამდვილეში, „მაპატიე ცრემლები“ ბერძნული სიმღერაა, თუმცა ყოველთვის მომწონდა და ძალიან მინდოდა მისი ქართული ვერსიის გაკეთება. გიორგი წერეთელს გავუზიარე საკუთარი სურვილი და სიმღერაც მოვასმენინე, მან კი, სულ რამდენიმე წუთში დაწერა ახალი ტექსტი, რომელშიც სიტყვაც არ შემიცვლია.

– მიშელ, ვის ეკუთვნის ულამაზესი სიმღერა „ბეიბი“?

– სიმღერა ჩემს მეგობარს ანდრიე ნინუეს ეკუთვნის, რომელიც რუმინეთში ცხოვრობს, თუმცა წარმოშობით ბოშაა. ყოველთვის ძალიან მომწონდა მისი ნამღერი და ბოლოს ისევ მამას ვთხოვე სახალისო ქართული ვერსიის შექმნა, სახელი კი, ვერაფრით მოვიფიქრეთ და ისევ ძველი შევუნარჩუნეთ.

 

კაკული გურიელაშვილი & მიშელ გურიელაშვილი

 

გადაცემის აუდიჩანაწერი

 

კაკული და მიშელ გურიელაშვილები – ავჭალა. Live

 

კაკული და მიშელ გურიელაშვილები – მაპატიე ცრემლები. Live

 

კაკული და მიშელ გურიელაშვილები. “ღვინო დუდუკი ქალები”. ვიდეო კოლაჟი

 

კაკული და მიშელ გურიელაშვილები – ისევ იწვიმებს. Live

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები