„საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმი“ (ნიდერლანდები) „აი სი ჯგუფის„ განვითარებაში ინვესტიციას განახორციელებს.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, 2016 წლის,8 ნოემბერს, 16:00 საათზე, სასტუმრო “ბილტმორში“ (მის: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი#29) მხარეებს შორის ხელი მოეწერება ხელშეკრულებას, რომელიც სადაზღვევო კომპანიაში 7 მილიონ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებს. როგორც ცნობილია, ქართული მხარე ფლობს წილის 51%-ს, ხოლო ჰოლანდიური მხარე – 49%-ს.
როგორც „აი სი ჯგუფში” აცხადებენ, ინვესტიცია სადაზღვევო კომპანიის ზრდისა და განვითარებისთვის იქნება მიმართული, გაიზრდება სამუშაო ადგილების რაოდენობა და ახლო მომავალში „აი სი ჯგუფი“ სადაზღვევო ბაზარზე განახლებული სახით გააგრძელებს ოპერირებას.
ცნობისთვის, საინვესტიციო ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ „აი სი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი თენგიზ მეზურნიშვილი და „საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმის“ (ნიდერლანდები) დამფუძნებელი და დირექტორი, ჯეიკობ ვესტერლაკენი (Jacob Westerlaken).
ღონისძიებას დაესწრებიან და სიტყვით გამოვლენ:
- თენგიზ მეზურნიშვილი – „აი სი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი;
- ჯეიკობ ვესტერლაკენი- „საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმის“ (ნიდერლანდები) დამფუძნებელი, დირექტორი;
- იოსებ გოგოლაშვილი – სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი;
- დევი ხეჩინაშვილი – სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის თავმჯდომარე;
ხელმოწერის ცერემონიაზე ასევე მოწვეულნი არიან სახელმწიფო უწყებების, ბიზნეს და სადაზღვევო კომპანიების, მედიის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
შეგახსენებთ, „აი სი ჯგუფი“ დაფუძნდა 2005 წლის 10 ნოემბერს. დაარსების დღიდან კომპანია წარმატებულად ოპერირებს სადაზღვევო ბაზარზე.