„გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, „შმაქსის“ ახალი ლოგო წარადგინა. ჯაფარიძემ აღნიშნული ლოგო სხვა ვერსიებთან ერთად შსს-ში მიიტანა. “შმაქსის” დამფუძნებელი შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს განცხადებით მიმართავს და მისგან “შმაქსის” ახალი ლოგოს დადასტურებას ითხოვს. „გირჩის“ ლიდერის განმარტებით, ასეთი ნიშნის სატრანსპორტო საშუალებაზე განთავსების შემთხვევაში “შმაქსის” მასწავლებლები აღარ დაჯარიმდნენ.
ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, თბილისის საკრებულოს მიერ 8 ნოემბერს მიღებული დადგენილება, კომპანია „შმაქსის“ წინააღმდეგ არის მიმართული.
“8 ნოემბერს თბილისის საკრებულომ მიიღო დადგენილება, რომელიც მიმართულია კონკრეტულად კომპანია შმაქსის წინააღმდეგ. ნებისმიერი ტრაფარეტი, რომელიც მანქანაზე დგას და ვიღაცის მიერ შეიძლება აღქმული იყოს ტაქსის ნიშნად, ექვემდებარება დაჯარიმებას, ამით პრაქტიკულად გააჩერეს შმაქსის საქმიანობა, რადგან შმაქსისტებს აჯარიმებენ, 200 ლარიანი ჯარიმებით. მიუხედავად ჩვენი მრავალჯერადი მცდელობისა, პასუხი არგვაღირსეს იმაზე, გააუქმებენ თუ არა ამ ჯარიმებს, ან მოგვცემენ თუ არა ვადას, რომ იანვრის ბოლომდე ახალი ლოგო დავამზადებინოთ“, – აცხადებს ჯაფარიძე.
„გირჩის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვახტანგ გომელაურის სახელზე დაწერილი წერილიც გამოქვეყნდა:
“…ჩვენი შეფასებით სახეზე გვაქვს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ერთი კონკრეტული კომპანიის წინააღმდეგ მიმართული, კოორდინირებული და პოლიტიკურად მოტივირებული ანგარიშსწორება. იმისათვის, რომ დაგვიმტკიცოთ საწინააღმდეგო გთავაზობთ შემდეგს:
დანართი 1-ის სახით გიგზავნით კომპანია შმაქსის ახალ ნიშანს, რომელიც არც ფორმით და არც ფერით მიახლოებითაც კი არ ჰგავს ტაქსის ნიშანს. გთხოვთ დაგვიდასტუროთ, რომ ასეთი ნიშნის სატრანსპორტო საშუალებაზე განთავსების შემთხვევაში შმაქსის მასწავლებლები არ დაექვემდებარებიან დაჯარიმებას.
დანართი 1-ში მოცემული შმაქსის ახალი ნიშნის მიუღებლობის შემთხვევაში, დანართი 2-ის სახით გიგზავნით ნიშნის რამდენიმე სხვა ვერსიას და გთხოვთ მიგვითითოთ რომელი მათგანის სატრანსპორტო საშუალებაზე განთავსების შემთხვევაში არ დაექვემდებარებიან დაჯარიმებას შმაქსის მასწავლებლები.
იმ შემთხვევაში თუ დანართი 1 და დანართი 2-ში მოცემული შმაქსის ახალი ნიშნის შესაძლო ვერსიებიდან არც ერთი არ არის მისაღები შსს-სთვის, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენს მიერ დახატული/შექმნილი/მოწონებული ნებისმიერი (!) ნიშნის დიზაინი, რომლის სატრანსპორტო საშუალებაზე განთავსების შემთხვევაშიც შმაქსის მასწავლებლები არ დაექვემდებარებიან დაჯარიმებას…“ – ნათქვამია წერილში.
ზურაბ ჯაფარიძის განმარტებით, თუ შსს-ს “შმაქსის” აღნიშნული ლოგო არ მოეწონებათ, მათ რამდენიმე სხვა ვერსიასაც სთავაზობენ.