რადიო „არ დაიდარდოს” გადაცემის „რადიო დუეტი თაკო მელიქიშვილთან ერთად” სტუმარია ანდრია გველესიანი. მომღერალმა რადიოს ეთერი 2019 წელი შეაჯამა და ახალი სიმღერის „ახალი წლის ღამე” პრემიერაც შემოგვთავაზა.
თქვენთან მოსვლა ძალიან მიყვარს, რადგან ყოველთვის პოზიტივით მივდივარ აქედან – ანდრია გველესიანი.
გიყვარს თუ არა ახალი წელი და განსაკუთრებით რომელ დღესასწაულს გამოარჩევდი?
ჩემთვის გამორჩეული დღესასწაული შობაა, რადგან ოჯახთან ასოცირდება და ასევე ძალიან მიყვარს ანდრიაობა. როდესაც პატარა ვიყავი, მაშინ ანდრია ძალიან ცოტა ადამიანს ერქვა, ამიტომ არ მიყვარდა ეს სახელი, დაჩაგრულად ვგრძნობდი თავს, თუმცა შემდეგ რა თქმა უნდა ძალიან შემიყვარდა.
როგორი იყო 2019 წელი, რომ შევაჯამოთ?
სიახლეები ყოველ წელს მაქვს როგორც სამსახიობო, ასევე მუსიკალურ სფეროში. იყო სულ ახალი იდეები და შემოთავაზებები, ამიტომ საკმაოდ შრომატევადი, დატვირთული და წარმატებული წელი აღმოჩნდა ჩემთვის. სულ ვფიქრობ, რომ საავტორო სიმღერები ვწერო, ამიტომ ორ ფლანგზე გავიჭერი და „ორი კურდღლის” მადევარი გავხდი. ჩემს გულშემატკივრებს ვპირდები, რომ თებერვლამდე აუცილებლად ნახავენ ახალ ვიდეოკლიპს. თუმცა ვალენტინობის დღეს გადავიღე ერთი ვიდეოკლიპი ახმეტელის თეატრში, სიმღერაზე My funny valentine, რომელიც ერთ კადრშია გადაღებული. კლიპი გამოვიდა ძალიან კარგი როგორც მუსიკალურად, ასევე გადაღების კუთხით, რაშიც გიორგი ძოწენიძე დამეხმარა.
როგორც უკვე აღნიშნე თებერვალში გეგმავ ვიდეოკლიპის გადაღებას, არის თუ არა ცნობილი სიმღერის სახელწოდება?
რასაც თებერვალში ვგეგმავ, მინდა დღეს შემოგთავაზოთ თქვენს ეთერში, სიმღერის სახელწოდებაა ,,ზამთარია სიცივეა” , რომელიც ჩემეული ვერსიით შესრულდება. ასევე სიმღერაში იქნება ოთარ ჭილაძის პროზაული ნაწყვეტი, შეგვიძლია მას დემო-ვერსიაც ვუწოდოთ.
როგორი იყო შენი საახალწლო გეგმები?
წელს პირველად მომიწია ახალი წლის აღნიშვნა თბილისს გარეთ, ვიყავი იმერეთში. 31 დეკემბერს დავიწყე ქუთაისით, შემდეგ ვიყავი სამტრედიაში და ხონში. ძალიან მიყვარს იმერეთი, სოფელი მაქვს წევაში, სადაც ყოველ ზაფხულს ჩავდიოდი ბებოსთან. ძალიან მიყვარს ჩვენი ყოველი კუთხე, მახსოვს გადავიღე კლიპი ,,თოლია”, შემოდგომის საქართველო, რომელიც იყო მრავალფეროვანი თავისი მზით და თოვლით.
მოგვიყევი სიმღერაზე, რომელიც ჩვენთან მოიტანე…
ეს არის ,,სეიშენის” სიმღერა, რომელიც ყველასთვის ნაცნობია და არის პოზიტიური. იდეის ავტორია ნიკა ხაჩიძე, შემდეგ გადავინაცვლე პაატა სილაგაძესთან, მას ეკუთვნის არანჟირება და მის სტუდიაში ჩაიწერა სიმღერა. ასევე დამეხმარნენ ჩემი უნიჭიერესი მეგობრები, მუსიკოსები დათო ლონდარიძე და დათუნა დგებუაძე. პაატას მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ სიმღერა სრულყოფილი გამოსულიყო. მოლოდინი მაქვს ძალიან დიდი და იმედია მსმენელი მიიღებს იმ დადებით და ენერგიულ განწყობას, რომელიც ამ სიმღერაში ჩავდეთ. ჩემი მიზანია, რომ ყოველი წელი იყოს აქტიური, რადგან ჩვენ არტისტები ვცხოვრობთ და ვცოცხლობთ ჩვენი მსმენელისთვის, გულშემატკივრებისთვის. დიდი მადლობა თქვენს ჰოლდინგს, რადიოს, რომ ახდენთ ჩვენს რეალიზებას.
ანდრეა გველესიანი – ახალი წელია დღეს
გადაცემის აუდიჩანაწერი
ანდრია გველესიანი – ზამთარია. Live
ანდრია გველესიანი. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები