”სითი პარკი” დედაქალაქის მერიისა და ახალი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.
შპს „სითი პარკი“ თბილისის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების საკითხს 2007 წლიდან არეგულირებს. ის ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც დღეს დედაქალაქში პარკირების სისტემის მოწესრიგება და დახვეწა ეკისრება. მასთან ხელშეკრულება ექსკლუზიური უფლებით 15 წლის ვადით გაფორმდა.
მოსახლეობა კომპანიით უკმაყოფილოა, თუმცა დედაქალაქის მთავრობა, დაპირების მიუხედავად, გრძელვადიანი ხელშეკრულების დროზე ადრე შეწყვეტას ვერ ახერხებს, რადგან შეთანხმების გაწყვეტა 25-მილიონიან ჯარიმასთანაა დაკავშირებული.
სანამ სპეციალისტები ამ 25 მილიონიანი პრობლემის მოგვარებაზე მსჯელობენ, მანამდე მილიონიან არა, თუმცა საკმაოდ ძვირადღირებულ ჯარიმებს რიგითი მოქალაქეები იხდიან.
თანაც იმ პირობებში, როდესაც ქალაქში არც პარკირების სისტემაა მოწესრიგებული და მით უმეტეს არც დახვეწილი, გაუგებარია რა ფუნქცია და მოვალეობა აკისრია C.T. PARK-ს – როგორც ჩანს, მხოლოდ საჯარიმო ავტოსადგომებზე ავტომობილების გადაყვანა და მძღოლების დაჯარიმება.
”Ct-park არის კომპანია, რომელიც ლეგალურად აყაჩაღებს ხალხს და ამაში ჩვენი ხელისუფლებაც გარკვეულწილად დამნაშავეა – წინაც და ამჟამინდელიც.
აუცილებლად უნდა გააუქმონ ეს გამომძალველი კომპანია და დაინერგოს ნამდვილი ქალაქის პარკინგის მარეგულირებელი, რომელიც ორიენტირებული იქნება სწორ პარკინგზე და არა ჯარიმებზე”, – განაცხადა ”ფორტუნასთან” ერთ-ერთმა მძღოლმა, რომელიც მიიჩნევს, რომ ის ბევრჯერ უმიზეზოდ დაუჯარიმებიათ.
იმაზე, რომ ქალაქში აუცილებლად უნდა არსებობდეს კომპანია, რომელიც პარკინგს უნდა არეგულირებდეს, ”ფორტუნასთან” საუბარში მძღოლების უმეტესობა თანხმდება.
სიტუაციის მოგვარებას კი ისინი დედაქალაქის მერიისგან ითხოვენ.
”ისეთ ქაოსურ ქალაქში, როგორც თბილისია და ისეთი მენტალობის ხალხში, როგორებიც ქართველები ვართ, გარკვეული ჩარჩოები და წესები თუ არ დამკვიდრდა, ალბათ არაფერი გამოვა. ხშირია შემთხვევები, როდესაც მძღოლები თავისუფალი ადგილის არარსებობის დროს ავტომანქანას ისე აპარკინგებენ, რომ პრობლემებს ქმნიან და ასეთი ურჩი მძღოლების წინააღმდეგ სანქციების შემოღება გამართლებულიც კია. თუმცა ისიცაა, რომ „სითი პარკის“ მუშაობა ნამდვილად არ ეფუძნება ქალაქში ვითარების გამოსწორებასა და დასტაბილურებას, კომპანიის ინტერესი ცალსახად ფულის კეთებაა და ამ საქმესაც როგორც ბიზნესს ისე უყურებს, რაშიც ლოგიკაც არსებობს. ამიტომ ასეთ დროს, ქალაქის ხელმძღვანელობამ უნდა თქვას თავისი სიტყვა და ისეთი კომპრომისი გამოძებნოს, რომელიც არც ინვესტორს დააფრთხობს და რაც მთავარია მძღოლებისთვის და ფეხით მოსიარულეებისთვის მაქსიმალურად შესაძლო კომფორტს შექმნის”, – განაცხადა ჩვენთან საუბარში ერთ-ერთმა მძღოლმა.
უკვე ბევრმა მომხმარებელმა თქვა უარი ”სითი პარკის” მომსახურებაზე, რადგან პარკინგის არარსებობის გამო, ხშირად ამ სერვისით სარგებლობა შეუძლებელია და დაპარკინგება მაინც კანონდარღვევით ხდება.
”პირად შემთხვევებს თუ გავიხსენებთ, „სითი პარკთან“ უარყოფითი შეხება მეც მქონია და უკვე რამდენიმე წელია მათი სერვისით აღარ ვსარგებლობ. როგორც მძღოლი და როგორც ქვეითად მოსიარულე სიამოვნებით ვნახავდი ჩვენს ქალაქში ბევრად ნორმალურ კომპანიას”, – განაცხადა ჩვენთან საუბარში კიდევ ერთმა მძღოლმა.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელმა წევრმა ალექსანდრე ელისაშვილმა დედაქალაქის მერს რამდენიმე დღის წინ, კომპანია ,,სითი პარკთან“ სახელშეკრულებო ურთიერთობის შესაწყვეტად რამდენიმე რეკომენდაცია შესთავაზა.
დეპუტატის განცხადებით, ამისთვის საჭიროა თბილისის მერიამ ცენტრალური ბიუჯეტიდან პირდაპირი ტრანსფერი მოითხოვოს.
როგორც ალექსანდრე ელისაშვილმა აღნიშნა, მერიას ეს საჭიროების შემთხვევაში არაერთხელ გაუკეთებია და მაგალითისთვის ეროვნული სტადიონისა და აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაციისთვის ტრანსფერის სახით ბიუჯეტში თანხის გადარიცხვა დაასახელა.
საკრებულოს წევრმა დედაქალაქის მერი თბილისის ბიუჯეტის დამტკიცებამდე ტელედებატებშიც მიიწვია.
თუმცა, დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, ელისაშვილის რეკომენდაციას ალოგიკური უწოდა და მასთან დებატებში დაჯდომაზეც უარი განაცხადა, რადგან მისი თქმით, სერიოზული საქმეები არა პირდაპირი ეთერით, არამედ დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკების რეჟიმში გვარდება.
”ეს შეთავაზება ლოგიკისგან შორსაა. თუ დედაქალაქის ბიუჯეტი დამატებით ტრანსფერებს მიიღებს, ეს მიზნობრივი იქნება. მიზნობრივი ტრანსფერი გულისხმობს, რომ ცენტრალური მთავრობის გარკვეული ფუნქციისთვის შეიძლება მიეცეს ტრანსფერი ადგილობრივ ხელისუფლებას; მეორე მხირვ, სახელმწიფო ბიუჯეტით გაწერილია ძალიან ბევრი ვალდებულებები, რაც სახელმწიფო ორგანოებს და უწყებებს აქვს
კანონით ტრანსფერების კონკრეტული სახეობები და მათი გამოყოფის შესაძლებლობა არის განსაზღვრული. მოქმედი კანონმდებლობა არ იძლევა ამის საშუალებას”, – განაცხადა ნარმანიამ.
ასევე, დედაქალაქის მერის თქმით, არც ცენტრალურ და არც ადგილობრივ ბიუჯეტს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ C.T park-ს 25 მლნ გადაუხადოს.
“კომპანიას, რომელსაც პრაქტიკულად არანაირი ინვესტიცია არ ჩაუდია ქალაქში რატომ უნდა გადავუხადოთ 25 მლნ ლარი და რატომ უნდა გავატანოთ დამატებითი თანხა. ეს ჩემთვის პრინციპულად მიუღებელი შეთავაზებაა”, – განაცხადა ნარმანიამ.
საკრებულოს დეპუტატმა შალვა ოგბაიძემ ”ფორტუნასთან” განაცხადა, რომ დეკემბერ-იანვარში წარმოადგენს გეგმას, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება თბილისელების CT park-ის ხარკისგან გათავისუფლება, თანაც ისე, რომ დედაქალაქის ბიუჯეტი არ დაზარალდეს.
”სითი პარკს საქმიანობაში იმდენი დარღვევა და შეუსაბამობა აქვს მოქმედ კანონმდებლობასთან, კონსტიტუციასთან და თვითმმართველობის მოქმედ რეგულაციებთან, რომ მას აქეთ აქვს ფული მოსატანი. სითი პარკი ანუ თბილისელების ხარკი, დედაქალაქის პარკირების საოპერატორო სივრციდან უნდა წავიდეს – ამაზე საკრებულოს ოპოზიციური და დამოუკიდებელი დეპუტატები ვთანხმდებით. მაგრამ ეს ჩვენი ჯიბიდან ამოღებული თანხის გადახდით არ უნდა მოხდეს”, – განაცხადა ”ფორტუნასთან” შალვა ოგბაიძემ.
მისივე თქმით, ქალაქში პარკირების პრობლემის მოგვარებაზე ახალმა, არაკორუფციულმა და დიდი გამოცდილების მქონე ორგანიზაციამ უნდა უმუშავოს, რომელიც ”პარკირების პოლიტიკას” გაატარებს.
ხელშეკრულების გასვლამდე კიდევ ბევრი დროა საჭირო. ამ წლების განმავლობაში, თუ მერია ჯარიმას არ გადაიხდის (ამ პრინციპულ პოზიციაზეა ამჟამად ქალაქის მერი) და არც საკრებულოს დეპუტატების შენიშვნებს გაითვალისწინებს, გამოდის, რომ C.T park ფულის ამოღებას კვლავ მოსახლეობისგან განაგრძობს.
თამთა უთურგაშვილი