“აფხაზეთში უმეტესობა ნარკომომხმარებელია, რიცხვებსაც ვერ დავასახელებ” – ამის შესახებ ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ მედიაცენტრ “მთავარში” განაცხადა. მისი თქმით, რეგიონში სხვა მძიმე ინფექციური დაავადებებიცაა გავრცელებული.
“აფხაზეთში უმეტესობა ნარკომომხმარებელია, რიცხვებსაც ვერ დავასახელებ, არა 10 , 20 ან 30 ან 40…, უფრო მეტია ნარკოდამოკიდებულთა რიცხვი. ასევე, ჩემი ინფორმაციით იქ სხვადასხვა ინფექციური დაავადებებიცაა გავრცელებული. რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც იქ მოქალაქეებად ირიცხებიან, ჩვენი სერვისით სარგებლობა თვისუფლად შეუძლიათ,” – განაცხადა გური მენაბდიშვილმა პრესკონფერენციაზე.
მან ასევე აღნიშნა, 30-მდე ბენეფიციარი, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობენ და ჩანაცვლებით პროგრამაში მონაწილეობენ, ყოველდღე ე.წ. საზღვარს კვეთენ, რათა კუთვნილი მეტადონი მიიღონ.
“ჩვენ გვყავს საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც აფხაზეთიდან არიან, მათ ყოველდღე უწევთ გადასვლა-გადმოსვლა, ვგულისხმობ ზუგდიდს. ზუგდიდში 30-მდე ბენეფიციარი ირიცხება. გადმოდიან კუთვნილი მეტადონისთვის, მათ უარი თქვეს ნარკოტიკზე, მიუხედავდ იმისა, რომ რთულია ყოველდღე ე.წ. საზღვრის გადაკვეთა. ბუნებრივია, აფხაზეთთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია ჩვენი ქვეყნისთვის პრობლემატური საკითხია, რადგან ის საზღვრისპირა ნაწილია“, – აცხადებს მენაბდიშვილი.