LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვში არა მორჩილების, არამედ დისციპლინის, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარის განვითარებაა საჭირო – ანა არველაძე

962
cagareli-mixeil555

18 იანვარს რადიო „ფორტუნას“ ასტროლოგიურ გადაცემაში „შაბათის შუადღე მიხეილ ცაგარელთან ერთად“, ბატონმა მიხეილმა  NLP-ოსტატს ანა არველაძეს უმასპინძლა, რომელმაც მშობლებისა და შვილების ურთიერთობაზე, მათ მთვარ პრობლემებზე ისაუბრა.

– ქალბატონო ანა, პირველ რიგში საინტერესოა, რა დამოკიდებულება გაქვთ ასტროლოგიის მიმართ, რამდენად ამართლებთ მის არსებობას და პოპულარიზაციას?

– რა თქმა უნდა, ფანატიკური დამოკიდებულება ასტროლოგიის მიმართ, მხოლოდ ზიანის მომტანია, თუმცა, მისი შესწავლა გონიერების ფარგლებში ძალიან სასარგებლოა, რადგან  საინტერესო დარგია და უამრავ შეკითხვაზე იძლევა პასუხს.

– რამდენად პრობლემურია ურთიერთობა მშობლებსა და შვილებს შორის?

– პრობლემა მართლაც აქტუალურია. უამრავი შვილი განიცდის მშობლებთან ე.წ. „ტოქსიკურ“ ურთიერთობას, რადგან განსხვავებული შეხედულებების და  ფასეულობების თაობებს ძალიან უჭირთ საერთო ენის გამონახვა. ვფიქრობ, პრობლემის მოსაგვარებლად, მთვარია მშობელმა გააცნობიეროს, რომ შვილი მისი საკუთრება არაა. რა თქმა უნდა, ყველამ უნდა იზრუნოს შვილზე, თუმცა არ სცადოს მისი საკუთრებად ქცევა, არ აიძულოს იცხოვროს საკუთარი წესებით და პრინციპებით. ყველაზე სერიოზული პრობლემა იმ მშობელს უჩნდება, ვინც ბავშვის გაჩენის გამო ვერ შეძლო თვითრეალიზება, ან მას, ვინც შვილზე ზრუნვა მხოლოდ ვალდებულებად აქცია სიყვარულის გარეშე. სწორედ ვალდებულებაა მშობლისა და შვილის არასწორი ურთიერთობის მთავარი მიზეზი, რადგან მშობელი, რომელმაც მსხვერპლი გაიღო და გარკვეული ვალდებულებები იტვირთა საკუთარ თავზე, შვილისგანაც ზუსტად იგივეს მოითხოვს. ასეთი მშობელი ყოველთვის დამყოლი, ადვილად მართვადი ბავშვის აღზრდას ცდილობს, უბოდიშოდ ერევა მის ცხოვრებაში და ვერ ხვდება, რომ მსგავსი დამოკიდებულება აუცილებლად შეუქმნის ზრდასრულ ასაკში სერიოზულ პრობლემას არა მხოლოდ მასთან, არამედ მეგობრებთან, პარტნიორებთან და კოლეგებთან ურთიერთობაში. ვფიქრობ, ბავშვში არა მორჩილების, არამედ დისციპლინის, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარის განვითარებაა საჭირო. ამასთანავე,  ყოველთვის უნდა ჰქონდეს არჩევანის გაკეთების საშუალება, მაშინაც კი, თუ ის ცდება.

– როგორ უნდა მოიქცეს მშობელი როცა ბავშვი ურჩობს და ჯიუტობს. მაგალითად, უარს ამბობს საკვების მიღებაზე?

– ბავშვი ყოველთვის იმ რაოდენობის საკვებს მიირთმევს, რამდენიც სჭირდება, დაძალებით კი, მხოლოდ უარყოფით თვისებებს ვავითარებთ მასში, რადგან მშობლის მიმართ გაჩენილი პროტესტი, სულ სხვა ფორმით და ბევრად მძიმედ ვლინდება ზრდასრულ ასაკში.

– როგორ ფიქრობთ, ზედმეტად თავისუფლად, დამოუკიდებლად გაზრდილი ბავშვი, მშობლებს და ოჯახის წევრებს ხომ არ გაუუცხოვდება ზრდასრულ ასაკში?

– რა თქმა უნდა, მსგავსი საფრთხე ყოველთვის არსებობს და სწორედ ამიტომაა საჭირო ბალანსის დაცვა. ამასთანავე, ძალიან ცდებიან მშობლები, როცა შვილების კონფლიქტში ერევიან და მხოლოდ მათი დაშოშმინებით ცდილობენ პრობლემის გადაჭრას, რადგან ასე, ბავშვები ვერასდროს სწავლობენ უთანხმოების მოგვარებას. არ შეიძლება შვილების მიმართ განსხვავებული დამოკიდებულების გამოხატვაც. ხშირად მშობლები მორალურად ან ფიზიკურად სუსტ ბავშვზე უფრო ზრუნავენ, რაც და-ძმას მის მიბაძვას ან კიდევ უარესი დაავადების სიმულირებას აიძულებს, რათა ასე მაინც მოიპოვოს მშობლის ყურადღება.

– როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ მენტალურად რადიკალურად განსხავებულ შვილებში, ერთი ყოველთვის ჩაგრავს მეორეს?

– რა თქმა უნდა, მშობელი უნდა ჩაერიოს, თუმცა მხოლოდ ზომიერების ფარგლებში. სხვა შემთხვევაში ბავშვი, რომელსაც და-ძმა ჩაგრავს, გაზრდილაც მუდამ სხვისი დაცვის იმედზე იქნება. სინამდვილეში, მშობელი ყველაზე სუსტი შვილის არა დაცვას, არამედ მასში თვითრწმენის განვითარებას უნდა ცდილობდეს და აუცილებლად ასწავლოს კონფლიქტის სხვისი დახმარების გარეშე დაძლევა.

– ზოგიერთ ბავშვს ზედმეტად აქვს განვითარებული დანაშაულის გრძნობა. თქვენი აზრით, როგორ შეიძლება მისი ამ კომპლექსისგან განთავისუფლება?

– თუ და-ძმამ ერთად გააფუჭა რაიმე, დანაშაულის გრძნობა კი, ერთს მეტი აქვს, მეორეს ნაკლები, მშობელიც განსხვავებულად უნდა მოიქცეს. ჯიუტს მკააცრად და აუცილებლად მისთვის მისაღები არგუმენტებით აუხსნას საკუთარი შეცდომა, თვინიერს კი, რომელიც ისედაც დამნაშავედ გრძნობს თავს, უბრალოდ სთხოვოს, რომ სხვა დროს ასე აღარ მოიქცეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g