LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამთა ხუხუნაიშვილი: „რასაც 21 წელი ვეძებდი, სწორედ ის ვიპოვე პროექტში“

სულ ცოტა დრო რჩება, სანამ პროექტ „მხოლოდ ქართულის“ მე–3 სეზონი დასრულდება და გამარჯვებულის ვინაობაც ცნობილი გახდება. გამარჯვებისთვის ოთხი ერთმანეთისგან განსხვავებული კონკურსანტი ანა ქურთუბაძე, გიორგი ძოწენიძე, ნინი შონია და თამთა ხუხუნაიშვილი იბრძვიან. ეს უკანასკნელი პროექტის ერთ–ერთი გამორჩეული მონაწილეა. მისი შესრულება ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევს, როგორც ჟიურიში, ასევე მაყურებელში.

,,ფორტუნას” დღევანდელი რესპოდენტიც სწორედ თამთა ხუხუნაიშვილია, რომელმაც ჩვენთან პროექტის შესახებ და მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

თამთა, ვინ გირჩია პროექტში მონაწილეობის მიღება და რატომ გადაწყვიტე  სწორედ ახლა?

„მხოლოდ ქართულში“ მონაწილეობა სულ მინდოდა, თუმცა მიმაჩნდა, რომ არც პირველი და არც მეორე სეზონისთვის მზად არ ვიყავი. სიმართლე, რომ გითხრათ, რეალურად არც ახლა ვიყავი მზად, უბრალოდ მას შემდეგ, რაც „მხოლოდ ქართულში“ მოვედი, პროექტმა უფრო გამაძლიერა, გამზარდა და დამაჯერა, რომ ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მივიღე. გარდა ამისა, დედას და მთლიანად ჩემს ოჯახს სურდა მიმეღო მონაწილეობა, თუმცა ამასთან ერთად ყველაზე დიდი სურვილი მაინც ჩემი იყო.

რამდენად ელოდი, რომ  საუკეთესო ათეულში მოხვდებოდი და ამასთან ერთად, ჟიურისგან დიდ მოწონებას დაიმსახურებდი?

საერთოდ არ ველოდი თუ ათეულში მოვხვდებოდი, ფინალში ყოფნა კი ჩემთვის საერთოდ წარმოუდგენელი იყო. რატომღაც ასეთი თვითშეფასება მქონდა. რაც შეეხება ჟიურის დამოკიდებულებას და ჩემს გამოსვლებს. ვცდილობ, ყველა ლაივზე  ძალიან გულწრფელი ვიყო. ჩემდაუნებურად ხდება ეს ყველაფერი. როცა სცენაზე გამოდიხარ, არ ფიქრობ იმაზე, რა უნდა გააკეთო, ყველაფერი იქვე იბადება. სრულიად მარტო ხარ შენს გრნობებთან და ემოციებთან. ყველაზე გულწრფელი  მაშინ ხარ, როცა ადამიანი ამ ყველაფერს გრძნობ. მეც ყველაზე გულწრფელი სცენაზე ვარ და ალბათ ამიტომ გამოდის ყველაფერი კარგად. ვფიქრობ, ეს არის მთავარი და აქედან გამოვიწვიე ჟიურის დადებითი დამოკიდებულება. ვცდილობ, ის ემოცია რაც სიმღერის დროს მეუფლება სწორად მივიტანო, როგორც ჟიურიმდე, ასევე მაყურებლამდე.

თუ  ელოდები განსაკუთრებით   რომელიმე კონკრეტული ჟიურის წევრის შეფასებას?

თითოეულლი ჟიურის წევრის შეფასება მაინტერესებს. როცა ვამთავრებ სიმღერას ერთი სული მაქვს როდის შემაფასებენ, რადგან ყოველთვის მგონია, რომ მეტის გაკეთება შემეძლო. სულ დანაკლისი მაქვს ჩემს გამოსვლებში. ამიტომაც ყველა ჟიურის წევრის შეფასება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეული მათგანი ინდივიდუალურია და თავისებური ხედვა აქვთ.

რომელ ლაივ კონცერტს გამოარჩევდი?

ყველას (იღიმის). ვერ გამოვარჩევ ვერცერთს. ერთადერთი მაინც შეიძლება პირველი კონცერტი დავასახელო, ესეც იმიტომ, რომ პირველი იყო. უნდა გამეცნო ჩემი თავი მაყურებლისთვის და ჟიურისთვის.

როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება, მას შემდეგ, რაც პროექტ „მხოლოდ ქართულში“ მოხვდი?

ძალიან შეიცვალა ჩემი ცხოვრება. ეს არ არის მხოლოდ სიმღერის პროექტი, ეს ყველაფერი დიდ ძალასთან არის კავშირში. მიმაჩნია, რომ თუ ძლიერი არ ხარ ამ პროექტში არ უნდა მოხვიდე. თუკი გგონია, რომ  ხარ ძლიერი, მაგრამ არა ისეთი როგორიც საჭიროა, „მხოლოდ ქართული“ ზუსტად იმას გამოგიმუშავებს, რომ შენში დამალული ყველაფერი გარეთ  გადმოიტანო. ასევე გასწავლის ამ ყველაფრის სწორი ფორმით გაკეთებას და რა თქმა უნდა მუსიკალურად გზრდის. პიროვნულადაც ძალიან შევიცვალე, პროექტმა დამალაგა ყველაფერში, რაშიც აქამდე ეჭვი მეპარებოდა. ფართო არეალი დამანახა, თუ რა შემიძლია და საით უნდა წავიდეს ჩემი ცხოვრება.

როგორია სამომავლოგეგმები?

წინასწარ ასე არაფერს ვგეგმავ ხოლმე. ჩემთვის მთავარია სწორად და წარმატებით წავიდე წინ. ვფიქრობ, ასე უნდა გავაგრძელო. პროექტი მთავრდება და  მკაფიო და ძლიერი წერტილი უნდა დავსვა, უნდა შევაჯამო ეს ყველაფერი. ვფიქრობ, რომ რაც აქამდე ემოცია და გრძნობა განმიცდია ყველა ერთად უნდა გამოვიტანო ფინალში.

როგორი არის ფინალისთვის მზადება და რა სირთულეები ახლავს თან?

ჩემთვის ფინალის სამზადისი სანერვიულო, მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა. რა თქმა უნდა ემოციებით დატვირთულიც. ძალიან რთულია ყველა ემოციას გაუძლო და ამან არ იმოქმედოს სიმღერაზე. ვფიქრობ, რომ ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. როცა რაღაცას აკეთებ წარმატებით, შემდეგი წარმატებაც შენთან მოდის, ამიტომ ვფიქრობ, რომ  რასაც ვგრძნობ და რაც მიზანი მაქვს უნდა ვიბრძოლო ბოლომდე და ძალიან ვნერვიულობ.

ფიქრობ, თუ არა რომ შენი სახელი და გვარი გაჟღერდება, როცა გამარჯვებულის ვინაობას გამოაცხადებენ?

წინასწარ ვერ ვფიქრობ, მინდა, მაგრამ არ გამომდის. არ ვიცი ეს რა შეგრძნებაა, ამიტომ ვერ ვფიქრობ. ჩემი სახელი, რომ გაჟღერდეს არ ვიცი რა გრძნობა უნდა დამეუფლოს. რა საკვირველია ძალიან ბედნიერი ვიქნები, მაგრამ ეს ესე, რომ არ მოხდეს მე უკვე იმდენი, რამ გამოვიარე და იმდენი რამ ვიგრძენი, ჩემთვის ფინალში დგომაც ყველაზე დიდი გამარჯვებაა რა ცხოვრებაში გამიკეთებია.

რა არის ის მთავარი რამ, რატომაც ღირდა შენთვის პროექტში მონაწილეობა?

ნამდვილად არ ვიცი რა არის მთავარი, მაგრამ რასაც 21 წელი ვეძებდი, სწორედ ის  ვიპოვე პროექტში და სწორედ, ეს რაღაც არის მთავარი, მაგრამ რა ვერ გავიგე.

გარდა მუსიკისა, რა ინტერესები გაქვს?

მიყვარს ჩანახატების კეთება, აქამდე ამას ინტერესი ერქვა, მაგრამ ახლა ვფიქრობ, ეს ყველაფერი მუსიკას დავუკავშირო.

ნინუცა როსტიაშვილი

ზაქარია ჭელიძის ფოტოები