კორონავირუსის გავრცელებამდე ჩინეთის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი უხანი ქართული საზოგადოებისათვის არცთუ კარგად იყო ცნობილი. მეგაპოლისი დღეს ვირუსის ეპიცენტრად მიიჩნევა და გარდაცვლილთა რიცხვის მიხედვით, ყველაზე მეტი მსხვერპლიც ამ ქალაქშია დაფიქსირებული. სწორედ კორონავირუსთან ასოცირდება იგი ბევრისთვის, თუმცა, უხანი საკმაოდ ლამაზი, საინტერესო, მრავალფეროვანი, ინფრასტრუქტურულად განვითარებული, ღირსშესანიშნაობებით დახუნძლული და მდიდარი ისტორიის მქონე ქალაქია.
Fortuna.ge უხანის შესახებ საინტერესო ფაქტებს მოგიყვებათ:
მდებარეობა და მოსახლეობა
დღეისათვის, უხანი ცენტრალური ჩინეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ფინანსურ, კომერციულ, კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენს. ქალაქში 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. იგი მდინარეების იანძისა და ხანშუის შესართავთან მდებარეობს და სამი ნაწილისგან შედგება. სამივე ნაწილი ერთმანეთთან ხიდით არის შეერთებული.
უძველესი შენობა-ნაგებობები
“ყვითელი წეროს კოშკი” ანუ “ხუანხელოუ” – ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა. იგი ჩვ.წ.აღ-ით 223 წელს აშენდა, თუმცა მას შემდეგ რამდენჯერმე შეაკეთეს. 1884 წელს კოშკი დაინგრა. შენობა ხელახლა რამდენიმე წელიწადში აღადგინეს. კოშკი 5-სართულიანია და მისი სიმაღლე 51.4 მეტრია. შენობის შიგნით მუზეუმი მდებარეობს.
ქალაქის კიდევ ერთ არქიტექტურული სიმბოლოდ ხიდებიც მიიჩნევა. პირველი თანამედროვე ხიდი მდინარე იანძიზე 1957 წელს აშენდა. ხიდის სიგრძე 1680 მეტრია, მის გასწვრივ გადის საავტომობილო და სარკინიგზო გზა, ასევე საცალფეხო ბილიკები.
ცათამბრჯენები
უხანში, ისევე როგორც ჩინეთის ბევრ სხვა ქალაქში, მოსახლეობის რაოდენობის გამო, ცათამბრჯენები პოპულარულია. ახალი, ყველაზე დიდი ცათამბრჯენის მშენებლობა, რომლის სიმაღლე 636 მეტრი (125 სართული) იქნება, ჯერ დასრულებული არ არის.
ცენტრალური მაგისტრალები
ხელსაყრელი მდებარეობის გამო (ქვეყნის ცენტრი, მდინარეების არსებობა), ქალაქს “ცხრა პროვინციის მთავარ გზატკეცილს” უწოდებენ და მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძად მიიჩნევა. უხანში ათობით გზატკეცილი გადის, რომელიც ჩინეთის მთავარ ქალაქებსა და ორ უმსხვილეს რკინიგზას აკავშირებს.
საცხოვრებელი და გადასახადები
საცხოვრებლის ფასების ზრდის მიხედვით უხანი მოწინავე პოზიციებზეა. 2017 წლის ბოლოდან, იგი, ჩინეთის სხვა ქალაქებთან ერთად, უძრავი ქონების ფასების ზრდის მსოფლიო რეიტინგში მოწინავე პოზიციებზეა. მომდევნო წლების განმავლობაში, საცხოვრებლის ფასები კიდევ 35%-ით გაიზარდა.
აეროპორტი
Tianhe-ს საერთაშორისო აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან 26 კილომეტრშია. მისი მშენებლობა 1989 წელს დაიწყო და 6 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. არსებობის განმავლობაში, აეროპორტი ორჯერ გაფართოვდა. ის ყოველწლიურად დაახლოებით 12 მილიონ ადამიანს ემსახურება და მგზავრების რაოდენობის მიხედვით ქვეყანაში მე-14 ადგილს იკავებს.
ტურისტული ადგილები
ქალაქის ყველაზე მოთხოვნადი და სანახაობრივი ადგილი ტურისტებისთვის მდინარე იანძის სანაპიროა. უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ყველა მოგზაური აუცილებლად მიდის სასეირნოდ სანაპიროზე, რომლის სიგრძე თითქმის 23 კმ-ია და ცვალებადი სიმაღლეები აქვს.
სატელევიზიო ანძა
ქალაქის მთავარი არქიტექტურული ნაგებობა სატელევიზიო ანძაა. იგი 1985 წელს აშენდა და მისი სიმაღლე 311 მეტრს აღემატება. ის მსოფლიოში ათი ყველაზე მაღალი სატელევიზიო ანძის ჩამონათვალშია.
სპორტული ღონისძიებები
2014 წელს უხანში ჩოგბურთის საერთაშორისო ცენტრი აშენდა. მისი მთავარი არენა 20 ათას მაყურებელს იტევს. ცენტრი ექვსი გარე დარბაზისგან შედგება, რომელთა ფართობი 103 ათას კვადრატულ მეტრს აღემატება. იგი ყოველწლიურად ქალთა ჩოგბურთის ტურნირს მასპინძლობს. 2019 წელს უხანში მსოფლიო საზაფხულო სამხედრო თამაშებიც ჩატარდა.