„პატრიოტთა ალიანსი“ იპოთეკარებისა და ძველი საბჭოთა ანაბრების საკითებზე საგანგებო სამთავრობო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.
ფრაქციის წევრმა, ადა მარშანიამ პრემიერმინისტრს პარლამენტის პლენარული სხდომიდან მიმართა:
„ბატონო პრემიერო, სასწრაფოდ შესაქმნელია საგანგებო-სამთავრობო კომისია იპოთეკარებზე და ძველი საბჭოთა ანაბრების თემაზე და ამ ადამიანების ბედ-იღბალზე სამსჯელოდ. ეს საკითხი ჩვენ სერიოზულად უნდა გავიაროთ“.
აღსანიშნავია, რომ საბჭოთა ანაბრების თემა 2013 წელს ნოდარ ხადურმაც წამოჭრა და მაშინდელმა ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა ამ საკითხზე მუშაობდა.
1992 წელს საქართველოში ანაბრებზე 13 მლრდ იყო განთავსებული.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ცენტრალიზებული ეკონომიკის დაშლამ ყველა მოკავშირე რესპუბლიკაში გამოიწვია ინფლაციური პროცესები, თუმცა, ისეთი მაღალი ინფლაცია რაც საქართველოში იყო, არსად დაფიქსირებულა. “ინფლაციამ რომ ანაბრები შეჭამა” ეს უკვე ქართველებისთვის ცნობილი ფრაზაა.
საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც საბჭოთა ანაბრებთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების სამართლებრივი გზა არ არსებობს. 1996-1997 წლებში, იმდროინდელმა ხელისუფლებამ კომპენსაციების გაცემის მექანიზმი შეიმუშავა, პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ბრძანებულება გამოსცა და მთავრობას დაავალა, რომ 502 000 000 ლარი, შიდა ვალად ეღიარებინა. შესაბამისად, 1998 წლის ბიუჯეტში, შიდა ვალის მომსახურების მიზნით, 5 000 000 ლარი გაითვალისწინეს და პირველი ჯგუფის ინვალიდებსა და მათი ოჯახის წევრებს, გარკვეული დახმარების სახით, 4 100 000 ლარამდე დაურიგეს.
თუმცა, ამის გარდა, დღემდე, უამრავი მეანაბრეა დარჩენილი, რომლის ვალიც სახელმწიფოს აქვს. ამის მოგვარებას კი ვერც ერთი ხელისუფლება ვერ ახერხებს.
რა შედეგს მოიტანს 25 წლის შემდეგ, პარლამენტში ახლადმოსული პარტიის ეს ინიციატივა, ამას ალბათ მომავალში ვიხილავთ – სავარაუდოა, რომ ხმაურს აუცილებლად, რადგან ეს პარტია ხმაურით პარლამენტის გარეთაც სწორედ ამით გამოირჩეოდა.
