„ქართული ბრენდის დღე 2016“ – 22 დეკემბერს, 19:00 საათზე, სასტუმროში “ბილთმორ თბილისი“ გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორი საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილია”, რომელიც ნაციონალური ბრენდების დაჯილდოების ცერემონიალს უკვე მე-14-ედ მართავს. როგორც ”ფორტუნას” ღონისძიების ორგანიზატორებმა განუცხადეს, ქართული ბრენდის დღის ძირითადი ნომინაციებია:
• ლიდერი
• რეპუტაცია და ნდობა
• წარმატებული ახალი ქართული ბრენდი
• ბრენდ პერსონა
• წარმატებული ტელეპროექტი
„ქართული ბრენდის დღე“ უკვე 14 წელია არსებობს, რაც მთელი ეპოქაა. მასზე სხვადასხვა თაობები გაიზარდნენ და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა. „ქართული ბრენდის დღე“ თავისი არსით, შინაარსით ყოველთვის განსხვავებულია, იზრდება და ვითარდება. ბუნებრივია, ის არა მარტო ბიზნესის, არამედ მთლიანად ჩვენი ქვეყნის ერთგვარი მაჯისცემაა. ჩვენ წლის ბოლოს ყველა მოვლენას ავსახავთ, რაც კი საქართველოს შოუბიზნესში, კულტურულ ცხოვრებაში, მეცნიერებაში და რაც მთავარია, ბიზნესში ხდება ”, – განაცხადა „ქართული ბრენდის დღე 2016“-ის დამფუძნებელმა მანანა გეგიძემ.
შეგახსენებთ, პროექტის არსებობის განმავლობაში 500-ზე მეტი ქართული ბრენდი დაჯილდოვდა. 2003 წლიდან დღემდე “ქართული ბრენდის დღე” წარმოაჩენს ქართულ ბრენდებს მათი განვითარების ყველა ეტაპზე.