საქართველოს ნაკრებისა და „კრასნოდარის“ ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა სამი კვირის წინ რუსეთის პრემიერლიგაში ისეთი გოლი გაიტანა, ნახევარი სამეზობლო აალაპარაკა. რუსული ტელე და ინტერნეტ-სივრცე მთლიანად ამ გოლის ჰქონდა „დაპყრობილი“. რუსები გაუთავებლად ჩვენიანის მაღალ ოსტატობაზე ლაპარაკობდნენ. ზოგადად, ოქრიაშვილის გოლები ძალიან ლამაზი გამოდის. ოქრიაშვილი თბილისს ამას წინათ სულ ორიოდე დღით სტუმრობდა, თუმცა მოუცლელობის მიუხედავად, საუბარს არ დაგვზარდა. იმ ულამაზესი გოლის გარდა კი ვფიქრობ სხვაც საინტერესო ვთქვით…
თავიდან კრასნოდარს ზერელედ შევხედე
ცხადია, თავიდან ცოტა გამიჭირდა, მაგრამ უკვე ყველაფერი კარგადაა. რაც უნდა იყოს კრასნოდარი ჩემთვის ახალი ქალაქი იყო, კლუბი ახალი და აქამდე არც რუსეთში მქონდა ნათამაშევი. ამ ყველაფერს კი ისიც დაემატა, რომ „კრასნოდარს“ მოუმზადებელი შევუერთდი. ახალ გარემოსთან ადაპტაციამ თავისი დრო წაიღო, თუმცა ახლა თავს მშვენივრად ვგრძნობ.
ბოლო პერიოდში გუნდის ძირითად შემადგენლობაშიც გამოჩნდი. ჩავთვალოთ, რომ აწი მოედანზე თავიდანვე იქნები?
დარწმუნებით ვერაფერს გეტყვით, ეს ხომ მწვრთნელის გადასაწყვეტია. ერთი კი შემიძლია გითხრათ, რომ პირველი წრე კარგად ჩავამთავრე და ზამთრის მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ კიდევ უკეთ ვითამაშებ. „კრასნოდარი“ მაღალი კლასის გუნდია და შესაბამისად კონკურენციაც დიდია, თანაც ხომ უცხოელი ვარ. ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით მწვრთნელი როტაციას ხშირად მიმართავს.
ისე, ცოტა მოულოდნელი კი იყო წინა ზაფხულს რუსეთის ჩემპიონატში შენი გამოჩენა…
ეს ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. როცა აგენტმა ჩემს მიმართ „კრასნოდარი“ ინტერესზე მაცნობა, თავიდან ცოტა არ იყოს ზერელედ შევხედე ამ წინადადებას. შემდეგ კი საქართველოს ნაკრებისა და „კრასნოდარის“ ყოფილ ფეხბურთელს ალეკო ამისულაშვილს ვკითხე ამ კლუბის შესახებ. მან კი მოკლედ მიპასუხა, შეგიძლია კრასნოდარში დაუფიქრებლად წახვიდე, არ ინანებო. ალეკო მართალი აღმოჩნდა, არ ვნანობ.
რატომ ჩაიშალა მარსელი
რუსეთში მარსელიდან ჩახვედი. ქომაგს ამ კლუბში ფეხბურთელი ეგონა, თუმცა მოულოდნელად კონტრაქტი ჩაიშალა. რა მოხდა?
„მარსელის“ ახალი პრეზიდენტის ხუშტურების გამო ჩაიშალა ეს ტრანსფერი. ყველაფერი მოგვარებული იყო. სამედიცინო შემოწმებაც გავიარე და კონტრაქტი უნდა გამეფორმებინა, როცა მაცნობეს, რომ კლუბის პრეზიდენტი, რომელიც პოსტზე რამდენიმე დღის დანიშნული იყო, კონტრაქტს არ გააფორმებდა. სულ ეს იყო. მგონი, რომ ჩემი ტრანსფერი ახალმა პრეზიდნტმა განგებ ჩაშალა. როგორც მერე გაირკვა „მარსელმა“ რამდენიმე დღეში პრეზიდენტის კარგად ნაცნობ ფეხბურთელთაან გააფორმა კონტრაქტი. ისე, ჩემი კარიერისთვის შეიძლება სჯობდა კიდეც „მარსელის“ ვარიანტი რომ ჩაიშალა და ახლა „კრასნოდარის“ ფეხბურთელი ვარ.
ბელარუსი თუ ზენიტი: რომელი გოლია უფრო ლამაზი
წარმატებაც ნელ-ნელა მოდის. „ზენიტის“ კარში შენს ბრწყინვალე გოლს რუსეთში და არა მარტო, დიდი გამოხმაურება მოჰყვა… ფიქრობ, რომ ის გოლი შენს კარიერაში ყველაზე ლამაზი იყო?
იცით, ამ გოლამდე ყველაზე ლამაზად საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ბელარუსთან გატანილი გოლს ვთვლიდი. გახსოვთ, ალბათ, რამდენიმე მცველი ჩამოვიშორე და ისე გავიტანე. მომგებიანი გოლი იყო. „ზენიტთან“ გატანილიც მომგებიანი იყო, თანაც მატჩის სულ ბოლო წუთზე… ერთი-ორი კვირა მართლაც ვფიქრობდა ბელარუსთან გატანილი უფრო ლამაზი იყო თუ „ზენიტთან“. მნიშვნელობით კი ორივე სამქულიანი გოლი გამოდგა. შემდეგ კლუბის პრეზიდენტი სერგეი გალიცკის ვესაუბრებოდი და აღმოჩნდა, რომ ბელარუსთან გატანილი გოლიც ნანახი ჰქონდა. მითხრა, ახლა გატანილი გაცილებით რთული შესასრულებელი და ეფექტური გამოვიდაო. მეც ასე მიმაჩნია. „ზენიტთან“ გატანილი „მაკრატელა“ ურთულესი შესასრულებელი იყო. ამიტომაც ახლა ვიტყვი, რომ ჩემს კარიერაში საუკეთესო გოლი „ზენიტთან“ გავიტანე…
აქამდე ამგვარი „მაკრატელა“ შეგისრულებია?
ბავშვობაში რამდენჯერმე მაქვს „მაკრატელათი“ გატანილი, მაგრამ პროფესიულ ფეხბურთში ეს პირველი ასეთი შედეგიანი დარტყმა იყო. შედეგიანიო შეგნებულად ვთქვი, რადგან ასე დარტყმის მცდელობა ბევრჯერ მქონია.
ამ მატჩის შემდეგ შენი ფოტო გავრცელდა, სადაც „კრასნოდარის“ აფხაზ გენმდივანთან გადახვეული ხარ აღბეჭდილი…
დიახ, ვლადიმირ ხაშიგი აფხაზი არის. ის „კრასნოდარის“ გენმდივანია, ერთად გადაღებული ფოტოთი კი ჩემი გოლი აღვნიშნეთ. მგონი აქ ცუდი არაფერია. ეს კაცი ქართველებს დიდ პატივს სცემს. იმ მატჩის მეორე დღეს ვარჯიშზე მოვიდა და კიდევ ერთხელ გადამეხვია. მითხრა, საქართველოდან რევაზ ჩელებაძემ დამირეკა, სოციალურ ქსელში ჩვენი ფოტო გავრცელდა, რასაც თბილი კომენტარები ახლავსო. თუ კარგი კაცი ხარ ეროვნებას რა მნიშვნელობა აქვს?!
იმ ულამაზესი გოლის შემდეგ ხალხიც, ალბათ, უკეთ გცნობს…
თამაშის მეორე დღეს ქალაქში, შუქნიშანზე გავაჩერე მანქანა და კაი ხანს ვეღარ დავძარი. ქომაგებმა ალყაში მომაქციეს, ავტოგრაფების მსურველებს ბოლო არ უჩანდა. ზოგადად კი კრასნოდარში ახლა ფეხბურთის ბუმია. კლუბმა ახალი სტადიონი ააშენა და ტრიბუნები ყოველ თამაშზე სავსეა. კრასნოდარში ძალიან უყვართ ფეხბურთი და ნუ გაიკვირვებთ ერთ მშვენიერ დღეს ამ კლუბმა დიდ წარმატებას თუ მიაღწია.
როგორი კრასნოდარი და როგორია თორნიკე კრასნოდარში
რითი ერთობი თავისუფალ დროს?
კარგი ქალაქია, კლიმატიც დიდად არ განსხვავდება თბილისისგან. რამდენიმე თვის წინ მაგალითად, ჰაერის ტემპერატურა 20 გრადუსი იყო. ვარჯიშები დილაობით გვაქვს, მერე შინ მივდივარ, ორი-სამი საათი ვისვენებ და მერე მთელი დღე თავისუფალი მაქვს, რომელსაც ცოლ-შვილთან ერთად ვატარებ. ხან პარკში ვსეირნობთ, ხან კინოში დავდივართ, ხან რესტორანში… ის დრო წარსულს ჩაბარდა, როცა თორნიკე ოქრიაშვილი ღამის კლუბებში ცეკვავდა…
თუმცა ახლა მოედანზე ბურთით ცეკვავ…
დიდი მადლობა. ჩემი საუკეთესო მატჩები და გოლები, დარწმუნებული ვარ, წინ მაქვს.
კობა ინასარიძე