LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაიცვალა კინორეჟისორი გიორგი შენგელაია

700
giorgi-shengelaia

ცნობილი ქართველი კინორეჟისორი და საქართველოს სახალხო არტისტი გიორგი შენგელაია 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გიორგი შენგელაია 1937 წლის 11 მაისს რეჟისორ ნიკოლოზ შენგელაიასა და მსახიობ ნატო ვაჩნაძის ოჯახში დაიბადა. მისი ძმა ცნობილი რეჟისორი ელდარ შენგელაიაა. დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.  1962 წლიდან კინოსტუდია “ქართულ ფილმში” მუშაობდა. მიჰყავდა რეჟისორთა კლასი იმჟამინდელ თეატრალურ ინსტიტუტში.

მისი პირველი ფილმი “ალავერდობა” 1963 წელს გამოვიდა. 1969 წელს გადაიღო ფილმი “ფიროსმანი” მხატვარ ნიკო ფიროსმანის შესახებ.

მან ქართული კინო ეროვნულ მასალაზე შექმნილი პოპულარული ჟანრებითაც გაამდიდრა. მას ეკუთვნის ვესტერნი “მაცი ხვიტია” (1966), მიუზიკლი “ვერის უბნის მელოდიები” და სათავგადასავლო ფილმი “ხარება და გოგია”. ასევე ავტორია ფილმების: “ალავერდობა”, “ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა”, “ორფეოსის სიკვდილი” და სხვა.

2000 წელს გადაიღო ფილმი “სიყვარული ვენახში”. 2005 წელს კი “მიდიოდა მატარებელი”.

შენგელაია არაერთი კინოფესტივალის ლაურეატია.   მიღებული აქვს ამიერკავკასიისა და უკრაინის რესპუბლიკის კინოფესტივალის დიპლომი (1966), ბერგამოს (იტალია) მე–10 საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი “დრაკონი” და ფიპრეისის დიპლომი (1966), ჩიკაგოს მე–10 საერთაშორისო კინოფესტივალის დიდი პრიზი “ოქროს იუგო” (1974), დიდი ბრიტანეთის კინოსტუდიის პრემია (1973), აზოლას საერთაშორისო კინოფესტივალის პირველი პრემია (1974), ფინეთის ხელოვნების აკადემიის პრიზი (1975), კინოხელოვნების საშუალებებით ესთეტიკური აღზრდის პრობლემებისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმის საპატიო დიპლომი (ერევანი 1977), სახალხო მეურნეობის მიღწევათა საკავშირო გამოფენის ბრინჯაოს მედალი (1980). შოთა რუსთაველის სახელობის პრემია (1985) და სხვა პრიზები. 1986 წელს ქართველმა რეჟისორმა საუკეთესო რეჟისურისთვის ბერლინის 36-ე კინოფესტივალზე “ვერცხლის დათვი” მიიღო (ფილმისთვის “ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა”)

1991-1992 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საბჭოს წევრი. 2001 წელს შექმნა ორგანიზაცია “ვაზის პარტია”. გიორგი შენგელაიას მეუღლე იყო სოფიკო ჭიაურელი. ამ ქორწინებაში  ორი ვაჟი ჰაყვს — ნიკოლოზი — მხატვარი და ალექსანდრე — მსახიობი.
შენგელაია ისეთ ცნობილ ფილმებშია გადაღებული როგორიცაა: “ჩვენი ეზო”, “ოთარაანთ ქვრივი”, “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ” და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g