LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეჯამდა და დაისახა: შეხვედრა საფეხბურთო კლუბებთან

109

ქობულეთში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რანგით პირველი და მეორე ლიგების კლუბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

შეხვედრისას განვლილი სეზონი შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დეტალურად ისაუბრა ფეხბურთის ფედერაციის სამოქმედო სტრატეგიაზე და ფეხბურთის განვითარებაში კლუბების ჩართულობის მნიშვნელობაზე.

„უპირველესად, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო კლუბების წარმომადგენლებს, ასეთი შეხვედრები უკვე ტრადიციად იქცა. მოხარული ვარ, რომ მათი მხრიდან იზრდება დაინტერესება. გავაანალიზეთ განვლილი სეზონი, ასევე ვისაუბრეთ ახალ ჩემპიონატზე და მნიშვნელოვან საკითხებზე“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

განხილულ თემებს შორის მომავალი ჩემპიონატის ფორმატი, კლუბების ლიცენზირების, სპორტული სამართლიანობის დაცვისა და სხვა აქტუალური საკითხები იყო. ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა ზაზა დოლიძემ კლუბების დაფინანსების შესახებ ისაუბრა. შეხვედრის მონაწილეებმა ცენტრალიზებული მარკეტინგის სისტემის შესახებაც მიიღეს ინფორმაცია, რომელიც სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციასა და ფეხბურთის, როგორც კომერციული სექტორისთვის მიმზიდველი პროდუქტის შექმნას ისახავს მიზნად.

შეხვედრის მეორე ნაწილში ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა კლუბების წარმომადგენლების ინიციატივები და პრობლემები მოისმინეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.

კლუბების წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მსგავსი კომუნიკაცია ფეხბურთის ფედერაციასა და კლუბებს შორის მნიშვნელოვანია, როგორც კლუბების, ისე ზოგადად, ფეხბურთის წინსვლისთვის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g