თამთა ჭელიძემ Bithard-თან ერთად, დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ახალი სიმღერა ჩაწერა. მის პრემიერას შემდეგ ოთხშაბათს, 1-ელ თებერვალს, „ფორტუნა პლუსის“ ეთერში მოისმენთ. თამთას ეს სიმღერა სრულიად განსხვავებულია იმ ჟანრისგან, რასაც ადრე ასრულებდა.
თამთა, რატომ გქონდა დიდი პაუზა და როგორ შედგა შენი თანამშრომლობა „ბიტჰარდთან“?
ჩემს ცხოვრებაში არასდროს ყოფილა პაუზა ჩემსა და მუსიკას შორის, ჩვენ სულ ერთად ვართ. უბრალოდ, ხალხს ვერ მივაწოდე ახალი, სამწუხაროდ, ამა თუ იმ პრობლემის გამო. ბევრჯერ დავიწყე და ხელი შემეშალა, ვჩერდებოდი… ეს წლები დიდ დროს მაინც სტუდიაში ვატარებდი და ბევრი რამ ვისწავლე. დავინტერესდი მუსიკალური პროდიუსინგით და ნელ-ნელა ვდგამ ნაბიჯებს. მე, ბორიკო შხიანი და ალეკო ბერძენიშვილი, ანუ „ბიტჰარდი“ დიდი ხნის ძალიან ახლო მეგობრები ვართ და ერთად ადრეც გვიმუშავია. ვფიქრობ, ისინი უნიკალური მუსიკოსები არიან, ვიტყოდი თამამად, მსოფლიო დონის.
ორი წლის წინ დაიწყეს ელექტრონული მუსიკის კეთება და მეც ცოტ-ცოტას ვეხმარებოდი საორგანიზაციო საქმეებში, თან, ამასთან ერთად შეიქმნა ეს სიმღერაც.
„ბიტჰარდის“ კონცერტი ბათუმში გავაკეთეთ. ახლა გამოდის ვიდეოც, რომელიც ალბათ, ძალიან დიდ რეზონანსს გამოიწვევს… მეორე სიმღერის კეთების პროცესში ვართ და თებერვალში ჩემს კლიპს გადავიღებ.
როგორ ფიქრობ, ქართულ მუსიკაში ამ ჟანრმა შეიძლება, ფეხი მოიკიდოს?
ეს მუსიკა მსოფლიოში ძალიან პოპულარულია და მეც ძალიან მომწონს. თან, „ბიტჰარდი“ ამ მიმართულებით მუშაობს და მეც ვცადე. ამ მიმართულების ტრეკი სამი წლის წინ გამიკეთა ბორიკომ, მაშინ სამწუხაროდ, ამ სიმღერას ვერ მივხედე და ვერ შევფუთე.
როგორ ფიქრობ, რატომ ვეღარ ჰიტდება ქართული სიმღერები?
ქართული სიმღერები ვერ ჰიტდება იმიტომ, რომ ვერ აწოდებენ მსმენელს ხარისახიან და კარგ პროდუქტს. მუსიკოსები ბოლომდე არ იხარჯებიან და ვერ ვითარდებიან, სამწუხაროდ. ხალხის მოთხოვნა კი გაიზარდა. ყველაზე დიდი შეცდომაა ის, რომ ახალგაზრდებზე არ მუშაობენ, ანუ რეალურად რაზეც დგას ყველა ქვეყნის შოუბიზნესი.
დავამატებდი იმას, რომ ქვეყანაში ცუდი მდგომარეობაა ზოგადად და მუსიკოსებსა და მომღერლებსაც უჭირთ. იმის დროც არ აქვთ, რომ ბოლომდე ჩაეშვან თავის საქმეში და ესეცაა ერთ-ერთი მიზეზი. მგონია, რეალურად ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანია ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ განვითარებას ვერ ახერხებენ…
ნინო მურღულია