LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად უსაფრთხოა მარნეულიდან და ბოლნისიდან შემოტანილი პროდუქტი

319
BAZARI

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში უკვე მესამე დღეა მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გრძელდება.

კარანტინი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც მარნეულში კორონავირუსი დაუდასტურდა ქალს, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა. თავად მან კი, ოჯახის 4 წევრი დააინფიცირა.

"არ არის გამორიცხული, მინდვრებით ფეხით გასვლის შემთხვევები დაფიქსირდეს, მანქანით შეუძლებელია"

"ხშირ შემთხვევაში ეს შეშფოთებული მოქალაქეების ინფორმაციებია" - სოზარ სუბარი.

ამ ვითარების ფონზე, ჩნდება კითხვა რამდენად უსაფრთხოა ის პროდუქტები, რომლებიც სწორედ ამ მუნიციპალიტეტებში იწარმოება.

ამ თემაზე სასაუბროდ “ფორტუნამ” სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ თენგიზ კალანდაძეს მიმართა.

როგორც მან განაცხადა, საფრთხე მარნეულიდან და ბოლნისიდან შემოტანილ პროდუქტთან დაკავშირებით არ არსებობს.

“ჯერჯერობით ჩვენ ვსწავლობთ ამ საკითხებს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არ არის მსგავსი ფაქტი დაფიქსირებული, რომ სურსათით მოხდეს გადაცემა. მეტიც, შემიძლია გითხრათ, რომ არც ცხოველებით ხდება გადაცემა, ჩვენ ჯანმოს რეკომენდაციებს ყოველდღიურ რეჟიმში თვალს ვადევნებთ”- განაცხადა თენგიზ კალანდაძემ “ფორტუნას” ეთერში.

მანვე აღნიშნა, რომ საკარანტინო კონტროლი მხოლოდ პიროვნებებზეა დაწესებული, რადგან ვირუსის გადამცემები არიან ადამიანები, სურსათის მხრივ კი რაიმე საშიშროება არ არსებობს.

თენგიზ კალანდაძემ ასევე გვითხრა, რომ პროდუქტი ისევ ისე გამოდის ამ მუნიციპალიტეტებიდან, როგორც მანამდე, შეზღუდვა ხორციელდება მხოლოდ სადისტრიბუციო მანქანებზე. საჭიროა სპეციალური საშვები, მხოლოდ საშვის ქონის შემთხვევაში უშვებენ ადგილზე.

თავად მძღოლები კი სპეცკონტროლზე არიან, თითოეული მათგანი სპეციალური ეკიპირებით არის აღჭურვილი.

ამასთან, თენგიზ კალანდაძემ მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართა: არამხოლოდ კორონავირუსის გამო, არამედ საერთოდ ხილიც და ბოსტნეულიც საგულდაგულოდ, საპნიანი წყლით გარეცხონ. 

“სასურველია ხილი და ბოსტნეული საპნიანი წყლით გავრეცხოთ, ეს ჩვეულებრივი ამბავია და არა კორონავირუსთან დაკავშირებული. კარგად გავრეცხოთ, შემდეგ თერმულად დავამუშაოთ და ისე მივირთვათ”, – განაცხადა თენგიზ კალანდაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g