შემინული კატარღა, აუდიო კომენტარი 16 ენაზე და კრუიზი მცხეთაში – ახალი შესაძლებლობა ტურისტებისთვის.
კომპანია „მცხეთა კრუიზი” მსურველებს ისტორიულ ქალაქში 30-წუთიან ტურს სთავაზობს. კრუიზი თანამედროვე დიზაინის შემინული კატარღით, „მტკვრისა“ და „არაგვის“ შესართავიდან ხორციელდება.
”პირველად საქართველოში ჩვენი კრუიზის მეშვეობით შესაძლებელი გახდა ყოველდღიურობისგან განტვირთვა და მცხეთის თვალწარმტაცი ხედებით ტკბობა. სტუმრებისათვის სპეციალურად მომზადებული აუდიო კომენტარი ტურისტებს 16 ენაზე გაგაცნობს საქართველოს სატახტო ქალაქს. ამასთან, ისინი მოისმენენ ამონარიდებს „ქართლის ცხოვრებიდან“ და იმოგზაურებენ საქართველოს ისტორიაში”, – განუცხადა ”ფორტუნას” კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, გვანცა კორძახიამ.
მისივე ინფორმაციით, სტუმრებს ასევე შეეძლებათ ბინოკულარით სარგებლობა, ინფორმაციის მიღება 11 ისტორიულ ძეგლზე და ქართული ღვინის/ყველის დეგუსტაცია “მცხეთა კრუიზის” კაფეშივე.
რაც შეეხება კატარღებს, “მცხეთა კრუიზი” ორ საზღვაო ტრანსპორტს ფლობს, 10 და 28 ადგილიან შემინულ კატარღებს. როგორც გვანცა კორძახიამ აღნიშნა, მცხეთის ტურის ღირებულება ერთ ადამიანზე 35 -39 ლარს შეადგენს, ღირებულებაში შედის ტრანსფერი თბილისი-მცხეთა-თბილისი .
”ჩვენმა კომპანიამ ტურისტული მიმართულებით მუშაობა ორი თვეა დაიწყო და ჩვენს სერვისზე დაინტერესება უკვე არსებობს როგორც ადგილობრივების, ისე ტურისტების მხრიდან. ამასთან, ვემსახურებით კომპანიებსაც, გვაქვს კორპორატიული დაკვეთები”, – განაცხადა კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.