LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია მურღულია გირჩევთ 5 წიგნს, რომელიც შინ ყოფნისას უნდა წაიკითხოთ

8846
gia-murgulianewsss20

სკოლა „ლოგოსის“ დამფუძნებელი, განათლების სფეროს ექსპერტი, ფილოლოგი გია მურღულია „ფორტუნას“ მკითხველს ურჩევს 5 წიგნს, რომელიც შინ ყოფნისას უნდა წაიკითხოთ.

გთავაზობთ მის ჩამონათვალს.

1. მარიო ვარგას ლიოსა – „ბოლო ჟამის ომი“

თუ გინდათ, გაიგოთ, ვინ იყო ის კაცი, რომელსაც იისფერი სამოსი ეცვა და ადამიანთა ცხოვრება შეცვალა იმით, რომ ისინი ეგოიზმისგან გაათავისუფლა, ეს წიგნი უნდა წაიკითხოთ., რომელშიც იდუმალი და ცხადი ისეა ერთმანეთს შეზავებული, მთავარი კითხვა (ვინ იყო ის კაცი?) შესაძლოა პასუხგაუცემელი დარჩეს. მწერალმა იცის, როგორ გააღვიძოს მკითხველის ყურადღება ისე, რომ ბოლო გვერდის ჩათვლით არ ჩაცხრეს.

2. ორჰან ფამუქი – „მე წითელი მქვია“

აქ არის ხელოვნების შესანიშნავი დარგის, მინიატურული მხატვრობის ხიბლიც, დეტექტიური თხრობაც, სიყვარულიცა და სიკვდილიც – და ეს ყველაფერი ერთ დიდ ჰარმონიას ქმნის, რომელსაც ადამიანის ცხოვრების ხიბლიც შეიძლება ეწოდოს და სევდაც.

3. ქეთრინ ენ პორტერი – „შუადღის ღვინო“

ამ ვრცელმა მოთხრობამ დიდი შთაბეჭდილება დამიტოვა. თხრობის ასეთი კულტურა, რომელიც ეპიკურობისა და გემოვნებიანი ლირიზმის სინთეზს წარმოადგენს, იშვიათია. თითოეული ფრაზა ინფორმაციულია და საერთო განწყობას ქმნის. მოთხრობაში არ არის არც ერთი „პერიფერია“ თუ „ნაწილი“, რომელიც „ცენტრს“ ანუ „მთელს“ ბუნებრივი კავშირით არ ქმნიდეს და ებმოდეს.

4. სალმან რუშდი – „ფლორენციელი ჯადოქარი“

თუ სადმე არსებობს „მაგიური რეალიზმი“ (რომელიც უფრო ლათინური ამერიკის მწერლობას ახასიათებს), სწორედ ეს წიგნია. აქ ბუნებრივი ისე ერწყმის ზებუნებრივს, რომ ზოგჯერ მათი გარჩევა ჭირს კიდეც. ტექსტი თვალსაჩინოს ხდის, როგორ შეიძლება აღვიქვათ ადამიანის თავგადასავალი მოვლენათა კალეიდოსკოპის „მატრიცით“ და ეს თვალსაზრისი შეუფერხებელი ენერგიით იბადება კითხვის დროს.

5. ხორხე ლუის ბორხესის მოთხრობები

ეს არის სამყარო, რომლის საინტერესო და დამაფიქრებელი იდუმალება მცირე ფორმაში იდეალურად ავლენს თავს. მწერლის ტელეოლოგიური (მიზნობრივი) ფანტაზია ერთიმეორეზე გასაოცარ სიტუაციებს ქმნის, რომლებშიც ადამიანების სულის სიღრმე დაფარული აღარ არის. ამ მოთხრობების კითხვისას ადამიანს არ ტოვებს შეგრძნება, რომ მუდმივად უპასუხებს საბედისწეროდ მნიშვნელოვან კითხვას: „რა არის მთავარი ჩვენს ცხოვრებაში?“ ბორხესისეული ხედვა და გამოხატვის კულტურა (კერძოდ, ფრაზის აგების ტექნიკა) შეუდარებელია.

magti 5g